სახელმწიფო რეესტრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.06.2004 ძალადაკარგული 27.04.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№73
სარეგისტრაციო კოდი
040.150.000.05.001.001.481
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 14, 16/06/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (18)

შემდგომი ცვლილებები (18)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

სახელმწიფო რეესტრის შესახებ

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო რეესტრის სისტემას, მისი წარმოების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, რეესტრის მწარმოებელ ორგანოთა უფლება-მოვალეობებს.

    მუხლი 2. სახელმწიფო რეესტრის სახეები

1. სახელმწიფო რეესტრის სახეებია:

ა) სამოქალაქო რეესტრი;

ბ) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი;

გ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი;

დ) ლიცენზიებისა და ნებართვების რეესტრი;

ე) მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრი;

ვ) ნორმატიული აქტების რეესტრი;

ზ) საჯარო რეესტრი.

2. სხვა სახის სახელმწიფო რეესტრის წარმოება დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში.

3. სახელმწიფო რეესტრის ფორმა და წარმოების წესი განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 3. სამოქალაქო რეესტრი

სამოქალაქო რეესტრი არის საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაციის, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობისა და პასპორტის გაცემის რეგისტრაციის მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.

    მუხლი 4. კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი

1. კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი არის კავშირებისა და ფონდების შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.

2. კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შედის:

ა) კავშირების რეესტრი;

ბ) ფონდების რეესტრი.

    მუხლი 5. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.

    მუხლი 6. ლიცენზიებისა და ნებართვების რეესტრი

1. ლიცენზიებისა და ნებართვების რეესტრი არის საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების და მათი მფლობელების შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.

2. ლიცენზიებისა და ნებართვების რეესტრში შედის:

ა) ლიცენზიების რეესტრი;

ბ) ნებართვების რეესტრი.

    მუხლი 7. მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრი

მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრი არის სამეწარმეო საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.

    მუხლი 8. საჯარო რეესტრი

1. საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე საკუთრებისა და სხვა სანივთო უფლებების, უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ბინის მესაკუთრეთა შორის დადებული შეთანხმებების, აგრეთვე მოძრავ ნივთებზე სარგებლობის, საგარანტიო და სხვა უფლებების რეგისტრაციის მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.

2. საჯარო რეესტრში შედის:

ა) უძრავი ნივთების რეესტრი;

ბ) მოძრავი ნივთების რეესტრი.

    მუხლი 9. ნორმატიული აქტების რეესტრი

ნორმატიული აქტების რეესტრი არის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ნორმატიული აქტების შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.

    მუხლი 10. სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოები

1. სახელმწიფო რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს და მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით.

2. სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოები არიან:

ა) სამინისტრო;

ბ) სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო);

გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ეროვნული სააგენტო).

3. სამინისტრო და ტერიტორიული ორგანოები კომპეტენციის ურთიერთგამიჯვნის საფუძველზე აწარმოებენ ამ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო რეესტრს.

4. ეროვნული სააგენტო აწარმოებს ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო რეესტრი.

    მუხლი 11. სამინისტროს უფლებამოსილებანი სახელმწიფო რეესტრის წარმოების სფეროში

სამინისტრო სახელმწიფო რეესტრის მართვისა და კონტროლის მიზნით უზრუნველყოფს:

ა) ტერიტორიული ორგანოებისა და ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებათა განხორციელების ანალიტიკურ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას;

ბ) სახელმწიფო რეესტრის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;

გ) კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო რეესტრის ცალკეული სახეების წარმოებას და მათში ასახულ მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფორმირებას;

დ) ეროვნული სააგენტოს საქმიანობის მეთოდურ ხელმძღვანელობას და მის მიმართ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციების შესრულებას;

ე) სახელმწიფო რეესტრის სისტემასა და წარმოებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების შემუშავებას და გამოცემას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლე- ბამოსილებების განხორციელებას.

    მუხლი 12. ეროვნული სააგენტო

1. ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

2. ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო.

4. ეროვნული სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სარეგისტრაციო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

5. ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი გადასახდელების ოდენობა დგინდება საკანონმდებლო აქტებით.

6. ეროვნული სააგენტოს ფუნქციებია:

ა) უძრავ და მოძრავ ნივთებზე რეგისტრაციას დაქვემდებარებულ უფლებათა პირველადი და შემდგომი რეგისტრაცია;

ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 315-ე მუხლით განსაზღვრული წინასწარი ჩანაწერის რეგისტრაცია;

გ) ბინის მესაკუთრეთა შორის დადებული შეთანხმებების რეგისტრაცია;

დ) უძრავ და მოძრავ ნივთებზე ყადაღის არსებობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და გაცემა;

ე) საკადასტრო და სარეგისტრაციო მონაცემების საფუძველზე მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოებისათვის მიწოდება;

ვ) საჯარო რეესტრის მონაცემთა სისტემატიზაცია, კომპიუტერიზაცია და უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა;

ზ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების აღრიცხვა;

თ) საჯარო რეესტრის მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ი) უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლების უზრუნველყოფა;

კ) უძრავ ნივთებზე საკადასტრო და სარეგისტრაციო მონაცემების, აგრეთვე მოძრავ ნივთებზე სარეგისტრაციო მონაცემების საფუძველზე ანალიტიკური, საინფორმაციო და საცნობარო ბიულეტენების, თემატური ატლასების, ტერიტორიების სივრცითი და ინფორმაციული მოდელირების, ასევე სხვა დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც შეიძლება არ წარმოადგენდეს სარეგისტრაციო მომსახურების უშუალო თანამდევ შედეგს;

ლ) საკადასტრო და სარეგისტრაციო მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომხმარებელთა კონსულტირება;

მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

    მუხლი 13. ტერიტორიული ორგანო

1. ტერიტორიული ორგანოს შექმნისა და გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.

2. ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება, სტრუქტურა, საქმიანობის წესი და სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ამ კანონითა და მინისტრის ბრძანებით. ტერიტორიული ორგანოს დებულებას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.

3. ტერიტორიული ორგანო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე და ექვემდებარება სამინისტროს.

4. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციებია:

ა) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლისა და გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია;

ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება, შეცვლა, აღდგენა და გაუქმება;

გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა;

დ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;

ე) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, შესაბამისი პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა;

ვ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა და შეცვლა;

ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების შემთხვევაში შესაბამისი პირადობის მოწმობის ჩამორთმევა;

თ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანა და მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნის გაცემა;

ი) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების გამოვლენა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო რეაგირება;

კ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გაცემული ნებართვების სახელმწიფო რეესტრში შეტანა;

ლ) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – კავშირებისა და ფონდების რეგისტრაცია და კანონით დადგენილ ფარგლებში მათ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლე- ბამოსილებების განხორციელება.

    მუხლი 14. საკვალიფიკაციო გამოცდა

1. 2004 წლის 1 ნოემბრიდან ეროვნულ სააგენტოში საქმიანობის უფლება პირებს ენიჭება მხოლოდ საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების საფუძველზე.

2. 2004 წლის 1 ნოემბრამდე ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს საკვალიფიკაციო გამოცდის მომზადება და ჩატარება.

3. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს მთავრობამ:

ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი;

ბ) 2005 წლის 1 იანვრამდე წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს „მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.

2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, შენობების, მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და სხვა ქონების, აგრეთვე საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა.

3. საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობამ 2004 წლის 15 ნოემბრამდე უზრუნველყონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ლიკვიდაცია და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი შენობების, მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და სხვა ქონების, აგრეთვე საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის გადაცემა.

4. საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაცია და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, მონაცემთა საინფორმაციო ბანკის, არქივის, საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა.

5. „მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, მოძრავ ნივთებზე სარგებლობის, საგარანტიო და სხვა უფლებების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

6. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცეს შემდეგი ბრძანებები:

ა) „სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ – არა უგვიანეს 2004 წლის 1 ოქტომბრისა;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ – ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში;

გ) „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ“ – არა უგვიანეს 2004 წლის 1 სექტემბრისა;

დ) „მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ – არა უგვიანეს 2004 წლის 1 სექტემბრისა;

ე) „სახელმწიფო რეესტრის ფორმისა და წარმოების წესის შესახებ“ – არა უგვიანეს 2004 წლის 1 ნოემბრისა.

7. დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივი დევნის, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით, 2006 წლის 1 მაისამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან სამოქალაქო რეესტრის მონაცემების გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

8. კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – კავშირების რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელმა ტერიტორიულმა ორგანომ განახორციელოს 2005 წლის 1 მარტიდან.

    მუხლი 16. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2004 წლის 15 ნოემბრიდან;

ბ) „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2005 წლის 1 მარტიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 1 ივნისი.

№73-Iს