1. სავალდებულოა კვებითი ღირებულების შესახებ ეტიკეტზე მითითებულ იქნეს:
ა) ენერგეტიკული ღირებულება;
ბ) ცხიმების, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების, ნახშირწყლების, შაქრის, ცილისა და მარილის რაოდენობა. საჭიროების შემთხვევაში, მონაცემები იმის შესახებ, რომ მარილის შემცველობა განპირობებულია ბუნებრივი წარმოშობის ნატრიუმის შემცველობით, განთავსებული უნდა იქნეს კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაციის გვერდით.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კვებითი ღირებულების შესახებ სავალდებულო ინფორმაციისა, დასაშვებია მითითებულ იქნეს, ასევე, ერთი ან რამდენიმე კომპონენტების რაოდენობა. ეს კომპონენტებია:
ა) მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები;
ბ) პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები;
გ) პოლიოლები;
დ) სახამებელი;
ე) ბოჭკოვანი ნივთიერებები (საკვები ბოჭკოები);
ვ) ნებისმიერი ვიტამინი ან მინერალი, რომელიც განსაზღვრულია დანართი №12-ის ნაწილი „ა-ს“- ვიტამინებისა და მინერალების სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმები ზრდასრული ადამიანისთვის“ პირველ პუნქტში და წარმოდგენილია იმავე ნაწილის მეორე პუნქტით განსაზღვრული რაოდენობით.
3. თუ დაფასოებულ სურსათზე განთავსებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სავალდებულო ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, შესაძლებელია ეტიკეტზე განმეორებით მითითებულ იქნეს:
ა) ენერგეტიკული ღირებულება;
ბ) ენერგეტიკული ღირებულება ცხიმის, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების, შაქრისა და მარილის რაოდენობასთან ერთად.
4. თუ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სურსათის ეტიკეტზე მითითებულია ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, დასაშვებია ეს ინფორმაცია წარმოდგენილი იქნეს მხოლოდ ენერგეტიკული ღირებულებით.
5. სურსათზე, რომელიც საბოლოო მომხმარებელს ან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს გასაყიდად წარედგინება დაფასოების გარეშე, ან როდესაც სურსათის დაფასოება ხდება საცალო ვაჭრობის პუნქტში მომხმარებლის თხოვნით ან წინასწარ დაფასოებულია დაუყონებლივ (უშუალოდ) რეალიზაციის მიზნით, კვებითი ღირებულების აღნიშვნა შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მხოლოდ ენერგეტიკული ღირებულებით ან ენერგეტიკული ღირებულება ცხიმის, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების, შაქრისა საკვები და მარილის რაოდენობასთან ერთად.
6. სურსათის ეტიკეტზე ტრანსცხიმების შემცველობის აღნიშვნა ნებაყოფლობითია.
7. სურსათის ენერგეტიკული ღირებულების გამოთვლა ხდება დანართი №13-ის „გადაანგარიშების კოეფიციენტი ენერგეტიკული ღირებულების გამოთვლისათვის“ - შესაბამისად.
8. სურსათის რეალიზაციისას ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული სურსათის ენერგეტიკული ღირებულება და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტები) რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ეს ინფორმაცია შეესაბამებოდეს სურსათის მომზადების შემდეგ მონაცემებს, იმ პირობით, თუ ეტიკეტზე დეტალურადაა მითითებული სურსათის მომზადების ინსტრუქცია და მითითებულია, რომ ენერგეტიკული ღირებულება და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) რაოდენობა შეესაბამება მომზადების შემდეგ მზა სურსათის მონაცემებს.
9. დეკლარირებული მნიშვნელობები, ცალკეულ შემთხვევებში, არის საშუალო მნიშვნელობა (სიდიდე), რომელიც ეფუძნება:
ა) ბიზნესოპერატორის მიერ ჩატარებულ ანალიზს;
ბ) გამოყენებული ინგრედიენტების ცნობილი ან ფაქტობრივი საშუალო სიდიდიდან გამოანგარიშებას;
გ) საყოველთაოდ დადასტურებულ და აღიარებულ მონაცემებიდან გამოანგარიშებას.
10. ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული სურსათის ენერგეტიკული ღირებულება და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) რაოდენობა გამოსახული უნდა იქნეს დანართი №14-ის „კვებითი ღირებულების გამოსახვა და ინფორმაციის წარდგენა“ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
11. ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული სურსათის ენერგეტიკული ღირებულება და საკვები ნივთირებების (ნუტრიენტების) რაოდენობა გამოსახული უნდა იქნეს ყოველ 100 გ-ზე ან 100 მლ-ზე გადაანგარიშებით.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებთან ერთად, დამატებითი ინფორმაცია ვიტამინებისა და მინერალების შესახებ, გამოსახული უნდა იქნეს დანართი №12-ის ნაწილი „ა“-ს პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, და კვების რეკომენდებულ რაციონში მათი პროცენტული რაოდენობის შესაბამისად ყოველ 100 გ ან 100 მლ-ზე.
13. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული გამოსახვის ფორმის გარდა, ამ მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებული ენერგეტიკული ღირებულება და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) რაოდენობა, შესაბამის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოსახულ იქნეს დანართი №12-ის „ნაწილი „ბ“-ს ზრდასრული ადამიანისთვის სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმები ენერგეტიკული ღირებულებისათვის და ცალკეული საკვები ნივთიერებებისათვის (ნუტრიენტისათვის), გარდა ვიტამინებისა და მინერალებისა“ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, კვების რეკომენდებულ რაციონში მათი პროცენტული შემცველობის შესაბამისად ყოველ 100 გ ან 100 მლ -ზე.
14. თუ ინფორმაცია წარმოდგენილია ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, მასთან ახლოს მითითებული უნდა იქნეს დამატებითი ინფორმაცია - „ზრდასრული ადამიანისათვის რეკომენდებულია მიიღოს ( 8 400 კჯ/2000კკალ)“ - მსგავსი ფორმით.
15. ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული სურსათის ენერგეტიკული ღირებულება და საკვები ნივთირებების (ნუტრიენტების) რაოდენობა შესაძლებელია გამოხატული იქნეს მომხმარებლისათვის ადვილად გასაგებად, ერთ პორციაზე და/ან გამოყენებულ ერთეულზე გადაანგარიშებით, იმ პირობით, თუ ეტიკეტზე მითითებულია პორციის ან გამოყენებული ერთეულის რაოდენობა და შეფუთვაში პორციების ან გამოყენების ერთეულის რაოდენობა:
ა) დამატებით ყოველ 100გ ან 100 მლ-ზე გადაანგარიშებით ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად;
ბ) დამატებით ვიტამინებისა და მინერალების რაოდენობა 100გ ან 100 მლ-ზე გადაანგარიშებით ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად;
გ) დამატებით 100გ ან 100 მლ-ზე გადაანგარიშებით ან ამ ფორმით გამოსახვის ნაცვლად ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად.
16. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) რაოდენობა ან/და დანართი №12-ის ნაწილით „ბ“-ით განსაზღვრული გამოყენების რეკომენდებული ნორმის პროცენტული წილი, შესაძლებელია გამოსახულ იქნეს მხოლოდ ერთ პორციაზე ან გამოყენების ერთეულზე გადაანგარიშებით. ამ შემთხვევაში ენერგეტიკული ღირებულება გამოსახული უნდა იქნეს ყოველ 100 გ-ზე ან 100 მლ-ზე და პორციაზე ან გამოყენების ერთეულზე გადაანგარიშებით.
17. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ენერგეტიკული ღირებულება და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) რაოდენობა და/ან ამ დანართი №12-ის „ნაწილი „ბ-ზრდასრული ადამიანისთვის სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმები ენერგეტიკული ღირებულებისათვის და ცალკეული საკვები ნივთიერებებისათვის (ნუტრიენტისათვის), გარდა ვიტამინებისა და მინერალებისა“ განსაზღვრული გამოყენების რეკომენდებული ნორმის პროცენტული წილი შესაძლებელია გამოსახული იქნეს მხოლოდ ერთ პორციაზე ან გამოყენების ერთეულზე გადაანგარიშებით.
18. პორციის ან გამოყენების ერთეულის რაოდენობა (ზომა) მითითებული უნდა იქნეს კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაციასთან ახლოს.
19. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები კვებითი ღირებულების შესახებ განთავსებული უნდა იქნეს ხედვის ერთ არეალში, ერთად და საჭიროების შემთხვევაში დანართი №14-ით განსაზღვრული თანმიმდევრობით.
20. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები კვებითი ღირებულების შესახებ, თუ ზედაპირის ფართობი საშუალებას იძლევა, გამოსახული უნდა იქნეს ცხრილის სახით და ციფრები სვეტის სახით. სხვა შემთხვევაში, როდესაც ზედაპირის ფართობი საშუალებას არ იძლევა, საკვები ნივთიერებები (ნუტრიენტები) გამოსახული უნდა იქნეს სწორხაზოვნად.
21. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები გამოსახული უნდა იქნეს:
ა) ხედვის ძირითად არეალში;
ბ) ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შრიფტთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად;
22. ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები შესაძლებელია გამოსახულ იქნეს ამ მუხლის მე-20 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისგან განსხვავებული ფორმით.
23. თუ სურსათის ენერგეტიკული ღირებულება და მასში საკვები ნივთიერებ(ებ)ის (ნუტრიენტების) შემცველობა უმნიშვნელოა, დასაშვებია ინფორმაცია წარმოდგენილი იქნეს შემდეგი სახით „შეიცავს უმნიშვნელო რაოდენობით....“ და მითითებული უნდა იქნეს კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაციასთან ახლოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
24. ამ მუხლის მე-11 მე-13, მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 პუნქტებით განსაზღვრული გამოსახვის ფორმისა, და ამ მუხლის მე-20 პუნქტით განსაზღვრული წარდგენის ფორმასთან ერთად, ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ენერგეტიკული ღირებულების და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, შესაძლებელია მითითებულ იქნეს გამოსახვის ან/და წარდგენის სხვა ფორმით, გრაფიკული გამოსახულებით ან სიმბოლოებით, სიტყვიერ და ციფრობრივ გამოსახულებასთან ერთად, იმ პირობით, რომ დაცული იქნება შემდეგი მოთხოვნები:
ა) ეს ფორმები დამყარებულია საფუძვლიან მეცნიერულ კვლევებზე, მომხმარებელი არ შეჰყავს შეცდომაში და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) ამ ფორმების შექმნა განხორციელდა დაინტერესებული მხარეების ფართო წრეებთან კონსულტაციების შედეგად;
გ) ამ ფორმების გამოყენება მიზნად ისახავს მომხმარებელთა დახმარებას, კვების რაციონში განსაზღვრონ ენერგეტიკული ღირებულებისა და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) რაოდენობის მნიშვნელობა გარკვეულ სურსათთან დაკავშირებით;
დ) ეს ფორმა გამყარებულია მეცნიერული საფუძვლებით იმისათვის, რომ მომხმარებელმა უკეთ აღიქვას (გაიგოს) გამოსახვისა ან წარდგენის ეს ფორმა;
ე) გამოსახვის ან წარდგენის სხვა ფორმის გამოყენებისას, იგი უნდა ეფუძნებოდეს დანართი №12 განსაზღვრულ გამოყენების რეკომენდებულ ნორმებს, ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, საყოველთაოდ აღიარებულ მეცნიერულ რეკომენდაციებს ენერგეტიკული ღირებულებისა და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) გამოყენების შესახებ;
ვ) ფორმები არის ობიექტური და არადისკრიმინაციული;
ზ) მათი გამოყენება არ ქმნის ბარიერებს ბაზარზე სურსათის თავისუფალი მიმოქცევისათვის.
25. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, ასევე ვრცელდება განსაკუთრებული დიეტური სურსათის მიმართაც.
26. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება სასურსათო დანამატებზე და ნატურალურ მინერალურ წყლებზე.