1. ტექნიკურად უსაფრთხო ოთახი წარმოადგენს სპეციალურად განსაზღვრულ ტერიტორიას, რომელსაც ესაჭიროება დაცვა აუდიომიყურადებისგან და იქ შესვლა უნდა ექვემდებარებოდეს კონტროლს. ტექნიკურად უსაფრთხო ოთახი, როდესაც ის ცარიელია, უნდა ჩაიკეტოს ფიზიკური უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო გასაღებების დაცვა უნდა მოხდეს უსაფრთხოების გასაღებების ტოლფასად. სავალდებულოა ასეთი ზონის ფიზიკური და/ან ტექნიკური ინსპექტირება რეგულარულად, რომელთა სიხშირეს განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. სავალდებულოა შემოწმების ჩატარება აღნიშნულ ტერიტორიაზე არაუფლებამოსილი პირების შეღწევის ყოველი შემთხვევის შემდეგ, მსგავსი ეჭვის არსებობის დროს ან სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ.
2. მოსასმენი აპარატურისგან დაცვის მიზნით, აკრძალულია ავეჯისა და აღჭურვილობის ტექნიკურად უსაფრთხო ოთახებში შეტანა შესაბამისი ცოდნის მქონე ექსპერტის სრული ფიზიკური შემოწმების გარეშე. ასევე მოითხოვება ხსენებული ავეჯისა და აღჭურვილობის ტიპის, სერიისა და საინვენტარო ნომრის აღრიცხვაზე აყვანა.
3. როგორც წესი, ტექნიკურად უსაფრთხო ოთახებში არ უნდა იყოს გაყვანილი სატელეფონო ხაზი. იმ შემთხვევაში, როდესაც ამის თავიდან აცილება შეუძლებელია, სავალდებულოა ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის განხილვის დროს სატელეფონო კავშირის ფიზიკურად გათიშვა.
4. ტექნიკურად უსაფრთხო ოთახებში იკრძალება მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტროაკუსტიკური ნაწილებისგან დამზადებული ელექტრონული მოწყობილობების შეტანა.
5. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი სამსახური ახორციელებს ყველა მოწყობილობისა და ინვენტარის, სატელეფონო, ელექტრო ან სხვა სისტემების ტექნიკურ შემოწმებას იმ ადგილებში, სადაც ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იმართება შეხვედრები.
6. ყველა მოწყობილობისა და ინვენტარის, სატელეფონო, ელექტრო ან სხვა სისტემების ტექნიკური შემოწმება, შესაბამისი სამსახურის მიერ, ასევე უნდა ჩატარდეს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრებში, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე ან არანაკლებ 6 თვეში ერთხელ. ასევე აღნიშნული ინსპექციის მიზანია ქვერეგისტრების უსაფრთხოების სუსტი ადგილების აღმოჩენა