1. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შესანახად გამოყენებული უსაფრთხოების კონტეინერი წარმოადგენს „დაცვა სიღრმეში“ პრინციპის ფიზიკური უსაფრთხოების ბოლო კომპონენტს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნებს.
2. ადგილი, სადაც განთავსებულია ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების კონტეინერი, უნდა იყოს დაცული შესაბამისად. პერიმეტრზე არაუფლებამოსილი შესვლა უნდა იზღუდებოდეს ღობეებითა და საშვთა კონტროლის მექანიზმით. ძალისმიერი შეღწევისაგან დაცვის მოთხოვნების შემსუბუქება შესაძლებელია პერიმეტრზე, რომელიც იმყოფება დაცვის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ და მოწმდება პერიოდული პატრულირებით.
3. უსაფრთხოების კონტეინერების სტანდარტები უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ასპექტებს:
ა) ინფორმაციის შესანახად განკუთვნილ ზონაში არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს;
ბ) დასაცავი ინფორმაციის კლასიფიკაციის დონეს;
გ) კონტეინერისა და მისი საკეტის უსაფრთხოების ხარისხს;
დ) უსაფრთხოების კონტეინერის გარშემო დაცვის დამატებითი ზომების ერთობლიობას.
4. უსაფრთხოების კონტეინერის შერჩევის დროს გასათვალისწინებელია შემდეგი ძირითადი მოთხოვნები:
ა) უსაფრთხოების კონტეინერების ნაწილების ფორმირებისა და შემდგომში მათი აწყობის შედეგად უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მისი სტრუქტურული სიმყარე და შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან;
ბ) უსაფრთხოების კონტეინერს არ უნდა ჰქონდეს მისი გამოყენებისათვის ხელის შემშლელი დეფექტი. ლითონის ნაწილებს არ უნდა ჰქონდეთ რაიმე ნადები, ჟანგი ან სხვა ნაკლოვანება. გამოწრთობილი ფოლადი უნდა იყოს ბურღგამძლე და უსაფრთხოების კონტეინერის კლასის შესაბამისი შეღწევის შემაფერხებელი სისქის. უსაფრთხოების კონტეინერის როგორც შიდა, ასევე გარე ზედაპირი უნდა იყოს სათანადოდ დამუშავებული და უჟანგავი. კონტეინერის ქვედა და ზედა სიბრტყე უნდა იყოს ერთი ზომის;
გ) უსაფრთხოების კონტეინერის დაკეტვა შეუძლებელი უნდა იყოს, თუკი ღიაა მისი რომელიმე უჯრა ან კარი.
5. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავად გამოყენებული სეიფები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ დადგენილებისა და ნატოს უსაფრთხოების მოთხოვნებს