1. უსაფრთხოების გასაღებს წარმოადგენს ის გასაღები, რომელიც განკუთვნილია:
ა) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი მასალის შესანახი უსაფრთხოების კონტეინერების საკეტებისათვის;
ბ) უსაფრთხოების ზონებისა და ოთახების საკეტებისათვის;
გ) ტექნიკურად უსაფრთხო ოთახების საკეტებისათვის;
დ) კლასიფიცირებული ინფორმაციის მიმოქცევისათვის განკუთვნილი უსაფრთხოების კონტეინერების საკეტებისათვის.
2. სავალდებულოა უსაფრთხოების გასაღების მუდმივი დაცვა. უსაფრთხოების გასაღები თანამშრომელს გადაეცემა ინდივიდუალურად, პირადი ხელმოწერით დადასტურების შემდეგ. უსაფრთხოების ყველა გასაღებისა და მათი ასლების ადგილსამყოფელი, ასევე ის საკეტები და საცავები, რომლებიც იხსნება აღნიშნული გასაღებებით, აღრიცხული უნდა იყოს შესაბამის რეგისტრში.
3. კოდების კომბინაციის დაცვა უნდა მოხდეს იმ ინფორმაციის უმაღლესი კლასიფიკაციის დონის შესაბამისად, რომელზე წვდომის საშუალებასაც იძლევა იგი. კონვერტები, რომლებშიც მოთავსებულია კოდების კომბინაციები, მარკირებულ უნდა იქნეს იმ ინფორმაციის უმაღლესი კლასიფიკაციის დონის შესაბამისად, რომელზე წვდომის საშუალებასაც იძლევა იგი, ხოლო მისი ფიზიკური დაცვა უნდა მოხდეს კლასიფიკაციის დონის შესაბამისად. სავალდებულოა კოდებიანი კონვერტის რეგისტრის სისტემაში გატარება. ნათლად უნდა განისაზღვროს კოდებიან კონვერტებთან დაშვებულ პირთა სია. ყოველი კოდის კომბინაციის ჩანაწერი უნდა მოთავსდეს ცალკე გაუმჭვირვალე კონვერტში და შენახულ იქნეს შესაბამის რეგისტრში.
4. თითოეულმა თანამშრომელმა უნდა იცოდეს მხოლოდ იმ კონტეინერისა და სეიფის კოდის კომბინაცია, რომელზეც პირადად არის პასუხისმგებელი. კონტეინერისა და სეიფის კოდის შეცვლა უნდა განახორციელოს უშუალოდ მისმა მომხმარებელმა. კოდის კომბინაციის შერჩევისას არ არის რეკომენდებული ერთმანეთთან ახლოს მდგომი ციფრების ან მარტივი კომბინაციების, ასევე დაბადების დღისა და საიუბილეო თარიღების ან ტელეფონის ნომრების გამოყენება. კოდის შეცვლის ყოველ ჯერზე გამოყენებულ უნდა იქნეს სრულიად ახალი კომბინაცია.
5. კოდების კომბინაცია უნდა შეიცვალოს:
ა) მოწყობილობის პირველად გამოყენების დროს;
ბ) საკადრო ცვლილების შემთხვევაში უნდა შეიცვალოს ყველა ის კოდი, რომელიც ყოფილი თანამშრომლისათვის იყო ცნობილი;
გ) ყოველთვის, როდესაც მოხდება ან მოსალოდნელია კოდების კომბინაციის არაუფლებამოსილ პირთათვის გამჟღავნება (კომპრომეტაცია);
დ) პერიოდულად, მინიმუმ 12 თვეში ერთხელ