1. შესვლის კონტროლი გარე პერიმეტრზე, შენობაში ან ოთახებში შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული, ელექტრომექანიკური, დაცვის სამსახურის პერსონალის ან სხვა ფიზიკური კონტროლის მექანიზმების საშუალებით. ნატოს I ან II კლასის უსაფრთხოების ზონაში შესვლის კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს საშვთა ან პიროვნების ამომცნობი სისტემების საშუალებით.
2. საშვები უნდა დაინომროს და მათზე განთავსდეს მფლობელის მონაცემების მოკლე აღწერა და ფოტოსურათი. საშვზე არ უნდა იყოს მითითებული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მფლობელის ინდივიდუალური დაშვების დონე და თუ რომელ უსაფრთხოების ზონაში შეღწევის უფლებას იძლევა იგი. დაწესებულების/ორგანოს შესაბამისმა სამსახურმა უნდა მოახდინოს ყველა პირზე გაცემული საშვის აღრიცხვა.
3. პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, სავალდებულოა უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციულ ზონაში საშვების ღიად და მუდმივად ტარება.
4. მუდმივი საშვი, რომელიც იძლევა უსაფრთხოების ზონაში თანმხლები პირის გარეშე გადაადგილების უფლებას, გაიცემა მხოლოდ იმ პირობით, რომ მიმღებს გააჩნია შესაბამისი დონის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება და ნამდვილად ესაჭიროება წვდომა, ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპიდან გამომდინარე.
5. საშვის გამოყენების უფლება გააჩნია მხოლოდ მის მფლობელს, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მის დაცვაზე. საშვის დაკარგვის ან მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენების ყოველი შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის სამსახურებს. საშვის დაკარგვა პირველ ჯერზე შესაძლოა ჩაითვალოს საპატიოდ, მაგრამ მისი რამდენჯერმე დაკარგვა შესაძლოა განხილულ იქნეს უსაფრთხოების რეჟიმის დარღვევად.
6. შესვლის კონტროლის სისტემა უნდა ახდენდეს იმ პირთა ვინაობის აღრიცხვასა და მკაცრ კონტროლს, რომლებიც შედიან ან რჩებიან უსაფრთხოების ზონაში სამუშაო საათების დასრულების შემდეგ. ცალკეულ შემთხვევაში (მაგალითად, ნატოს I კლასის უსაფრთხოების ზონაში) შესაძლოა სავალდებულო გახდეს შესვლის ისეთი კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც აღრიცხავს არამარტო შესვლისა და გასვლის მონაცემებს, არამედ არ დაუშვებს არასამუშაო საათებში შესაბამისი ნებართვის გარეშე შეღწევას. დაცვის სამსახურის პერსონალმა, ოფისის თანამშრომელთა არასამუშაო საათებში მუშაობის ყოველი შემთხვევის შესახებ, უნდა აცნობოს ასეთ თანამშრომელთა ზემდგომ პასუხისმგებელ პირს