1. ვიზიტორის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების დონე, ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპი, მისი მოქალაქეობა და სპეციალური კონტროლის მოთხოვნები განსაზღვრავენ უსაფრთხოების ზონაში მისი შეღწევის საკითხს, თანმხლებ პირთან ერთად ან თანმხლები პირის გარეშე.
2. ყველა ვიზიტორმა ღიად და მუდმივად უნდა ატაროს ვიზიტორის საშვი.
3. ვიზიტორები, რომლებიც ტერიტორიაზე გადაადგილდებიან თანმხლებ პირთან ერთად, უნდა იყვნენ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
4. თუ ვიზიტორებს ესაჭიროებათ სხვადასხვა სამსახურის ან მომუშავე პერსონალის მონახულება, მაშინ უნდა მოხდეს მათი ერთი თანმხლები პირიდან მეორის ოფიციალური მეთვალყურეობის ქვეშ გადასვლა.
5. აუცილებელია ნატოს I კლასის უსაფრთხოების ზონაში ვიზიტორის შესვლისა და გამოსვლის დროის, მისი სრული საიდენტიფიკაციო მონაცემების, მიმღებ პირთა ვინაობისა და ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების დონის საშვთა კონტროლის სისტემაში ზუსტად დაფიქსირება. ვიზიტორის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს მხოლოდ მოქმედ ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით, როგორიცაა პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
6. ვიზიტორებს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი დონის დაშვება და მათი უსაფრთხოების ზონაში ყოფნა განპირობებულია ინფორმაციის გაცნობის საჭიროების (Need-to-Know) პრინციპით, ქვერეგისტრზე პასუხისმგებელი პირის თანხმობით, დასაშვებია მიეცეთ თანმხლები პირის გარეშე გადაადგილების დროებითი საშვი. ყველა სხვა პირი უნდა გადაადგილდეს მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად.
7. ოფიციალური ვიზიტის დაგეგმვის დროს საჭიროა ვიზიტის მსურველი დაწესებულებიდან/ორგანოდან ოფიციალური შეტყობინების წინასწარ გაგზავნა მიმღებ დაწესებულებაში/ორგანოში, რომელსაც თან უნდა ახლდეს ვიზიტორის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების დამადასტურებელი სერტიფიკატი და მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის (პირადობის მოწმობის ან პასპორტის) მონაცემები.
8. ვიზიტორებს, რომელთაც არ გააჩნიათ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება, აქვთ მხოლოდ მეთვალყურეობის ქვეშ ადმინისტრაციულ ზონაში გადაადგილების უფლება და ეკრძალებათ ნატოს I ან II კლასის უსაფრთხოების ზონაში შესვლა. ქვერეგისტრზე პასუხისმგებელი პირის ნებართვის მიღების შემთხვევაში, უსაფრთხოების ზონაში მათი გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად, უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით. თუ ვიზიტორს არ გააჩნია შესაბამისი დონის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება, მაშინ იგი უსაფრთხოების ზონაში დაიშვება მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად.
9. პრესისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობა ნებადართულია მხოლოდ უსაფრთხოების ზონის გარეთ