1. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა შესაძლებელია თითოეული მხარის მიერ სამი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების გზით.

2. მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, მხარეები უნდა შეთანხმდნენ იმ ინფორმაციის შემდგომ გამოყენებასა და შენახვაზე, რომლის კომუნიკაციაც უკვე განხორციელდა მათ შორის. თუ შეთანხმება არ იქნა მიღწეული, თითოეული მხარე უფლებამოსილია, მოითხოვოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის განადგურება ან გადამცემი მხარისთვის მისი დაბრუნება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტისთვის ზიანის მიუყენებლად, წინამდებარე შეთანხმების სამართლებრივი შედეგები ძალაში რჩება.

შესრულებულია ქ. თბილისში, 2017 წლის 4 აპრილს, ორ დედნად, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

საქართველოს

სახელით

ევროპოლის

სახელით

გიორგი მღებრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრი

რობ უეინრაითი

დირექტორი

დანართი 1 – დანაშაულის სფეროები

ევროპოლის კომპეტენცია მოიცავს ორგანიზებულ დანაშაულს, ტერორიზმს და მძიმე დანაშაულის სხვა ფორმებს, როგორც ეს მოცემულია ქვემოთ, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ორ ან მეტ წევრ სახელმწიფოზე იმგვარად, რომ დანაშაულების მასშტაბის, მნიშვნელობისა და შედეგების გათვალისწინებით საჭირო ხდება წევრი სახელმწიფოების მხრიდან საერთო მიდგომის ფორმირება.

მძიმე დანაშაულის ზემოხსენებული სხვა ფორმები არის შემდეგი:

–  ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა,–    ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული უკანონო საქმიანობა,– ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაული,–   მიგრანტების საზღვარზე უკანონო გადაყვანა,–   ადამიანით ვაჭრობა,–    ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული დანაშაული,–   მკვლელობა, სხეულის მძიმე დაზიანება,–   ადამიანის ორგანოებითა და ქსოვილით უკანონო ვაჭრობა,–   თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და მძევლად ხელში ჩაგდება,–    რასიზმი და ქსენოფობია,–   ორგანიზებული ყაჩაღობა და ძარცვა,–  კულტურული ღირებულების მქონე ნივთებით, მათ შორის სიძველეებითა და ხელოვნების ნიმუშებით უკანონო ვაჭრობა,–   თაღლითობა,–   რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა და გამოძალვა,–   გაყალბება და პროდუქციაზე საავტორო უფლების დარღვევა,–  ადმინისტრაციული დოკუმენტების გაყალბება და მათით ვაჭრობა,–    ფულისა და ანგარიშსწორების საშუალებების გაყალბება,–    კომპიუტერული დანაშაული,–    კორუფცია,– იარაღით, საბრძოლო მასალებითა და ფეთქებადი ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობა,–  გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობებით უკანონო ვაჭრობა,–  გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა სახეობებით უკანონო ვაჭრობა,–  გარემოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული,–  ჰორმონალური და ზრდის წამახალისებელი სხვა ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობა[1].

დანაშაულის ზემოხსენებულ ფორმებთან მიმართებით, წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:

(a) „ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაული“ ნიშნავს დანაშაულებს, რომლებიც მოცემულია „ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ“ 1980 წლის 3 მარტს ქ. ვენასა და ქ. ნიუ-იორკში ხელმოწერილი კონვენციის მე-7 (1) მუხლში და რომლებიც დაკავშირებულია ევროპის ატომური თანამეგობრობის დამფუძნებელი ხელშეკრულების 197-ე მუხლითა და მაიონიზირებელი რადიაციისგან წარმოშობილი საფრთხისგან დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და  საზოგადოების დაცვის ძირითადი უსაფრთხოების სტანდარტების მარეგულირებელი 1996 წლის 13 მაისის 96/29/Euratom საბჭოს დირექტივით[2] განსაზღვრულ ბირთვულ ან/და რადიოაქტიურ მასალებთან;

(b)  „მიგრანტების საზღვარზე უკანონო გადაყვანა“ ნიშნავს საქმიანობას, რომელიც ფინანსური სარგებლის გამო განზრახ არის გამიზნული, რათა მოხდეს წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე შესვლის, ცხოვრების ან დასაქმების ხელშეწყობა წევრ სახელმწიფოებში მოქმედი წესებისა და პირობების დარღვევით;

(c) „ადამიანით ვაჭრობა“ ნიშნავს ექსპლუატაციის მიზნით პირთა სამუშაოზე აყვანას, ტრანსპორტირებას, გადაცემას, თავშესაფრის მიცემას ან მიღებას, მუქარის ან ძალის ან იძულების სხვა ფორმების გამოყენებას, მოტაცების, თაღლითობის, მოტყუების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ან უმწეო მდგომარეობით სარგებლობის ან საზღაურის ან სარგებლის მიცემის ან მიღების გზით, რომლის მიზანია იმ პირის თანხმობის მიღება, რომელიც ახორციელებს კონტროლს სხვა პირზე. ექსპლუატაცია, ყველაზე შეზღუდული განმარტებით, მოიცავს სხვა პირთა ექსპლუატაციას პროსტიტუციის მიზნით ან სექსუალური ექსპლუატაციის სხვა ფორმებს, პორნოგრაფიული მასალის წარმოებას, გასაღებას ან გავრცელებას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონურ ან სხვა მსგავს მდგომარეობაში ჩაყენებას, ყმობას ან ორგანოების ამოცლას;

(d) „ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული დანაშაული“ ნიშნავს ავტოსატრანსპორტო საშუალებების, სატვირთოების, ნახევარმისაბმელების, სატვირთოების ან ნახევარმისაბმელების ტვირთის, ავტობუსების, მოტოციკლების, სატრანსპორტო კოლონების და სასოფლო-სამეურნეო მანქანების, სამუშაოებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების და ასეთი საშუალებების სათადარიგო ნაწილების გატაცებას ან მითვისებას და ასეთი ობიექტების მიღებას და გადამალვას;

(e) „ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული უკანონო საქმიანობა“ ნიშნავს „ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღების და კონფისკაციის შესახებ“ 1990 წლის 8 ნოემბერს ქ. სტრასბურგში ხელმოწერილი ევროპის საბჭოს კონვენციის მე-6 (1) და (3) მუხლში მოცემულ დანაშაულებს;

(f) „ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა“ ნიშნავს „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1988 წლის 20 დეკემბრის გაეროს კონვენციის მე-3 (1) მუხლში და ამ კონვენციის შემსწორებელ ან ჩამნაცვლებელ დებულებებში მოცემულ დანაშაულებს;

წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლსა და წინამდებარე დანართში მითითებული დანაშაულთა ფორმები უნდა შეფასდეს საქართველოს მიერ მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად.

დანართი 2 – ეროვნული საკონტაქტო პუნქტი და კომპეტენტური ორგანოები

საქართველოს ეროვნულ საკონტაქტო პუნქტად, რომელიც შეასრულებს ცენტრალური საკონტაქტო პუნქტის ფუნქციას ევროპოლსა და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებს შორის, განისაზღვრება შემდეგი ორგანო:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრი.

საქართველოს კომპეტენტური ორგანოები, რომლებიც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელნი არიან წინამდებარე შეთანხმების მე-3 (1) მუხლში მითითებული დანაშაულების თავიდან აცილებასა და მათთან ბრძოლაზე, არიან:

1.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

4. საქართველოს პროკურატურა – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.

[1] თანამშრომლობა დანაშაულის ამ ფორმასთან დაკავშირებით შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც საქართველო მიიღებს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას მის შესახებ.

[2] OJ L 159, 29.6.1996, p.