ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, არაწევრ სახელმწიფოებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მის შემუშავებაში, ნებისმიერ ხელმომწერ ქვეყანას, ნებისმიერ მხარეს, ევროპის კავშირს და ამ კონვენციასთან მიერთების მიზნით მოწვეულ ნებისმიერ სახელმწიფოს აცნობებს:

ა. ყოველი ხელმოწერის;

ბ. რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების ყოველი დოკუმენტის დეპონირების;

გ. 75-ე და 76-ე მუხლების შესაბამისად ამ კონვენციის ძალაში შესვლის ყოველი თარიღის;

დ. 72-ე მუხლის შესაბამისად მიღებული ყოველი ცვლილების და ამ ცვლილების ძალაში შესვლის თარიღის;

ე. 78-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული და გაუქმებული ყოველი დათქმის;

ვ. მე-80 მუხლის დებულებების შესაბამისად კონვენციიის ყოველი დენონსირების;

ზ. ამ კონვენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა აქტის, შეტყობინებისა თუ მიმოწერის, შესახებ.

ამის დასტურად, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელმომწერებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.

შესრულებულია სტამბოლში, 2011 წლის 11 მაისს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბრად ავთენურ ტექსტებად, ერთადერთ ცალად, რომელიც დეპონირებული იქნება ევროპის საბჭოს არქივში. დამოწმებულ ასლებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი უგზავნის ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს, არაწევრ სახელმწიფოებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ კონვენციის შემუშავებაში, ევროპის კავშირს და ამ კონვენციასთან მიერთების მიზნით მოწვეულ ნებისმიერ ქვეყანას.

დანართი – პრივილეგიები და იმუნიტეტები (მუხლი 66)

1. მოცემული დანართი ეხება კონვენციის 66-ე მუხლში ნახსენებ „გრევიოს“ წევრებს, ასევე, ქვეყანაში ვიზიტად მყოფი დელეგაციების სხვა წევრებს. ამ დანართის მიზნისთვის, ტერმინი „ქვეყანაში ვიზიტად მყოფი დელეგაციების სხვა წევრები“ მოიცავს ამ კონვენციის 68-ე მუხლის მე-9 პუნქტში ნახსენებ დამოუკიდებელ ეროვნულ ექსპერტებს და სპეციალისტებს, ევროპის საბჭოს თანამშრომლებს და ევროპის საბჭოს მიერ დაქირავებულ თარჯიმნებს, რომლებიც თან ახლავან „გრევიოს“ ქვეყნებში ვიზიტების დროს.

2. „გრევიოს“ წევრები და ქვეყანაში ვიზიტად მყოფი დელეგაციების სხვა წევრები, ქვეყნებში ვიზიტების მომზადებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული მათი ფუნქციების შესრულებისას, ასევე, შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, და ამ ფუნქციებიდან გამომდინარე ახორციელებენ ვიზიტებს, გააჩნიათ შემდეგი პრივილეგიები და იმუნიტეტები:

ა. იმუნიტეტი პირადი დაპატიმრების ან დაკავების და მათ პირად ბარგზე ყადაღის დადებისაგან, ასევე, იმუნიტეტი წარმოთქმული და დაწერილი სიტყვების და მათი უფლებამოსილების განხორციელებისას შესრულებული ყველა ქმედების გამო მათ წინააღმდეგ ყველა სახის სამართალწარმოებისაგან;

ბ. ნებისმიერი შეზღუდვისაგან გათავისუფლება გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით მათი საცხოვრებელი ქვეყნიდან გასვლისას და დაბრუნებისას და იმ ქვეყანაში შესვლისას და გასვლისას, სადაც ისინი ახორციელებენ თავის ფუნქციებს, ასევე უცხოელთა რეგისტრაციისაგან იმ ქვეყანაში, რომელსაც ისინი სტუმრობენ ან რომლის გავლითაც მგზავრობენ თავისი ფუნქციების განხორციელების დროს.

3. თავისი ფუნქციების შესრულებისას განხორციელებული მოგზაურობების პერიოდში, „გრევიოს“ წევრები და ქვეყანაში ვიზიტად მყოფი დელეგაციების სხვა წევრები, საბაჟო და სავალუტო კონტროლის სფეროში, სარგებლობენ იმავე შეღავათებით, რომლებითაც სარგებლობენ უცხო ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები თავისი ოფიციალური მოვალეობების დროებით შესრულების დროს.

4. ამ კონვენციის განხორციელების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომლებიც გადააქვთ „გრევიოს“ წევრებსა და ქვეყანაში ვიზიტად მყოფი დელეგაციების სხვა წევრებს, ხელშეუხებელია იმდენად, რამდენადაც ისინი ეხება „გრევიოს“ საქმიანობას. დაუშვებელია „გრევიოს“ ოფიციალური კორესპონდენციისა ან „გრევიოს“ წევრებისა და ქვეყანაში ვიზიტად მყოფი დელეგაციების სხვა წევრების ოფიციალური მიმოწერის შეჩერება ან ცენზურა.

5. იმისათვის, რომ „გრევიოს“ წევრებისა და ქვეყანაში სტუმრად მყოფი დელეგაციების სხვა წევრებისთვის უზრუნველყოფილი იყოს აზრის გამოხატვის სრული თავისუფლება და სრული დამოუკიდებლობა მათ მიერ მოვალეობების შესრულების დროს, წარმოთქმული და დაწერილი სიტყვების და მათი მოვალეობების განხორციელებისას შესრულებული ყველა ქმედების გამო მათ წინააღმდეგ სამართალწარმოებისაგან იმუნიტეტის მოქმედება გაგრძელდება იმის მიუხედავად, რომ შესაბამისი პირები აღარ ასრულებენ ასეთ მოვალეობებს.

6. პრივილეგიები და იმუნიტეტები ამ დანართის პირველ პუნქტში ნახსენებ პირებს ენიჭებათ იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი ფუნქციების განხორციელების დამოუკიდებლობა „გრევიოს“ ინტერესებიდან გამომდინარე და არა მათი პირადი სარგებელისთვის. ამ დანართის პირველ პუნქტში ნახსენები პირების იმუნიტეტს აუქმებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ისეთ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მისი აზრით, ეს იმუნიტეტი ხელს შეუშლიდა სამართლის აღსრულებას და როდესაც მისი გაუქმება არ დააზარალებს „გრევიოს“ ინტერესებ