1. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის წარდგენა ხდება:

ა) შენიშვნების არარსებობის შემთხვევაში, ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებიდან არაუადრეს ორი კვირისა;

ბ) შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, შენიშვნების შესახებ მერის დასკვნის გამოქვეყნებიდან არაუადრეს ერთი კვირისა.

2. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერი, თუ ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული იქნა შენიშვნები, მერთან ერთად თანამოხსენებით გამოდის მერის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ან ამ კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის შემაჯამებელ დასკვნას.

3. მომხსენებლის (მომხსენებელთა) და თანამომხსენებლის (თანამომხსენებელთა) მოსმენის შემდეგ იწყება დებატები ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

4. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვა წარიმართება შემდეგი თანამიმდევრობით: პროექტის ზოგადი საფუძვლები, შემოსულობები და გადასახდელები. საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მოთხოვნით, შეიძლება როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების თითოეულ მუხლს ცალ-ცალკე ეყაროს კენჭი.

5. საკრებულოს სხდომაზე განხილვის დროს ბიუჯეტის პროექტში ცვლილებისა და დამატებების შეტანა დაიშვება მხოლოდ მერთან შეთანხმებით. თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში ითვლება, რომ პროექტის შესაბამისი მუხლი არ იქნა მიღებული.

6. თუ საკრებულოს მიერ, კენჭისყრის შედეგად, ბიუჯეტის პროექტი მთლიანობაში იქნა მიღებული, მაშინ მიღებულად ითვლება ის მუხლიც (პუნქტიც), რომელიც მუხლობრივი (პუნქტობრივი) კენჭისყრის დროს არ იქნა მიღებული.

7. თუ საკრებულომ არ დაამტკიცა მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში – ბიუჯეტის პირვანდელი რედაქცია, მაშინ საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის 3/5-ით დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს  მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ 25 ნოემბრამდე მერისთვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი.

8. თუ საკრებულომ ვერ შეძლო ვერც წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის და ვერც ალტერნატიული ვარიანტების მიღება, მაშინ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებითა და მისივე ხელმძღვანელობით იქმნება ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოს ფრაქციებისა და მერის წარმომადგენელთა, აგრეთვე სათათბირო ხმის უფლებით მოწვეულ სხვა პირთა მონაწილეობით.

9. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში (არაუმეტეს 1 თვისა), ამზადებს ბიუჯეტის ახალ პროექტს, რომელსაც განიხილავს და ამტკიცებს საკრებულო, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

10. ბიუჯეტის პროექტს, საკრებულოს სხდომაზე საჯარო განხილვის შემდეგ, ყოველი კალენდარული წლისთვის, ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე (გამონაკლის შემთხვევაში არაუგვიანეს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებიდან 3 თვის ვადაში), ამტკიცებს საკრებულო შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – დადგენილების სახით, რომელიც მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

11. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული/კონტროლირებადი არასამეწარმეო და სამეწარმეო იურიდიული პირის ბიუჯეტი მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

12. დამტკიცებული ბიუჯეტის გამოქვეყნებას და ბიუჯეტის ტექსტის ყველასთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი, კანონით და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

13. დასაგეგმი წლის დაწყებამდე, ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, მერი უფლებამოსილია ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში, თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების არაუმეტეს 1/12-ისა.

14. ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას. ამ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს მთავრობ