1. წესებში გამოყენებული ტერმინები წესების მიზნებისათვის განიმარტება შემდეგნაირად:
ა) არასრული სართული –
სართული, რომლის სიმაღლე იატაკის გეგმარებითი ნიშნულიდან ჭერის კონსტრუქციის ქვედა ნიშნულამდე 1.8 მეტრიდან 2.4 მეტრამდეა;
ბ) არა/საცხოვრებელი ერთეული –
ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ შენობაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სამყოფების/სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სამყოფი/სათავსი (სათავსების ერთობლიობა), ან ცალკე შენობა, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის;
გ) ბაღი –
გამწვანებული ტერიტორიის ნაირსახეობა, ლანდშაფტური მშენებლობის შედეგი, განკუთვნილი სარეკრეაციო მიზნებით მწვანე ნარგავების გაშენების, დაცვის, გამოფენისა და გამოყენებისათვის;
დ) ბულვარი –
გამწვანებული ტერიტორიის ნაირსახეობა, ლანდშაფტური მშენებლობის შედეგად ქუჩის/გზის/წყლის ზედაპირის გაყოლებაზე მოწყობილი ხეივანი, განკუთვნილი ქვეითთა სასეირნოდ და დასასვენებლად;
ე) გაზონი –
ბალახით გამწვანებული, მოვლილი მიწის ფართობები ბაღებში, პარკებში, ბულვარებში, ეზოებში და სხვა;
ვ) განაშენიანების ინტენსივობა –
წესებით განსაზღვრული კონკრეტული ფუნქციური ზონებისთვის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მაჩვენებლით განპირობებული, ტერიტორიების განაშენიანების დაბალი, საშუალო და მაღალი ინტენსივობა;
ზ) განაშენიანების რეგულირების პარამეტრები –
წინამდებარე წესებით მიწათსარგებლობის ზონებში ან/და ქვეზონებში, მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენებისთვის განსაზღვრული უძრავი ქონების (ობიექტების) სამშენებლო განვითარების პარამეტრები, რომლებიც აისახება ან/და ზუსტდება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებში;
თ) განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზი –
მიწის ნაკვეთისათვის წესებით განსაზღვრული ჰორიზონტალური წარმოსახვითი ხაზი, რომლითაც იზღუდება მიწის ნაკვეთზე განაშენიანების სიმაღლე;
ი) გრუნტის ზედაპირი –
მიწის ნაკვეთის გრუნტის არსებული ან საპროექტო ზედაპირი;
კ) დამხმარე შენობა-ნაგებობა –
დამხმარე მიზნებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა, რომელიც უშუალოდ არ არის ჩართული ტერიტორიის ძირითადი ფუნქცი(ებ)ით გამოყენებაში ან/და საქმიანობაში (მაგ.: შენობა-ნაგებობის შესასვლელი კიბეები და პანდუსები, ავტოსადგომები, ტერასები, საბავშვო მოედანი, ინვენტარის შესანახი ფარდული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობები);
ლ) დაშენება –
შენობა-ნაგებობის ისეთი რეკონსტრუქცია, რომლის დროსაც სახურავის/გადახურვის მთელ პერიმეტრზე ან მის ნაწილზე, ვერტიკალური მიმართულებით ხდება მისი მოცულობით-გეგმარებითი განვითარება (ახალი სამყოფის, სათავსის, სადგომის და სხვ. დამატება);
მ) ექსტერიერის ძირეული რეკონსტრუქცია –
შენობა-ნაგებობის ფასადებისა ან/და სახურავის რეკონსტრუქცია, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის ექსტერიერის ელემენტების, მასალების ან/და ფერის ნახევარზე მეტი;
ნ) ზამთრის ბაღი –
მიწის ნიშნულის დონეზე განთავსებული დეკორატიული ბუნებრივი ლანდშაფტი, ბაღი, გადახურული გამჭირვალე კონსტრუქციით და უზრუნველყოფილი შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურით;
ო) გეგმარების შემზღუდავი ზონირება –
მიწათსარგებლობის ზონირების ნაწილი, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე ახდენს იყალთოს ტერიტორიების ინდენტიფიცირებას განაშენიანების შემზღუდავი პირობების ან/და სხვა რეგლამენტების მიხედვით;
პ) მანსარდა –
საცხოვრებლად/სამყოფად გამოყენებული სხვენი, რომლის სახურავის სიბრტყისა და ფასადის გადაკვეთის ხაზი არ შეიძლება იყოს სხვენის იატაკის გეგმარებითი ნიშნულიდან 1,6 მეტრზე მეტ სიმაღლეზე;
ჟ) მიშენება –
შენობა-ნაგებობის ისეთი რეკონსტრუქცია, რომლის დროსაც საანგარიშო ზედაპირის მხრიდან მთლიანად ან მათ ნაწილზე (მათ შორის, მიწისქვეშა და არასრული სართულის დონეზე), ჰორიზონტალური მიმართულებით ხდება მისი მოცულობით-გეგმარებითი განვითარება (ახალი სამყოფ(ებ)ის, სათავს(ებ)ის, სადგომ(ებ)ის და სხვ. დამატება);
რ) მიწის ნაკვეთის საზღვარი –
მიწის ნაკვეთის საკადასტრო ან საპროექტო გამყოფი ხაზი;
ს) მიწათსარგებლობის ზონირება –
მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ან/და დაგეგმვის საჭიროებიდან გამომდინარე განსაზღვრული დასახლების ტერიტორიების გარკვეული მახასიათებლებით იდენტიფიცირება;
ტ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი –
ორი ან მეტი საცხოვრებელი ერთეულის შემცველი, ამ წესებით განსაზღვრული დაბალი, საშუალო ან მაღალი ინტენსივობის, ერთგვაროვანი საცხოვრებელი ფუნქციის შენობა;
უ) მრავალფუნქციური შენობა –
ორი ან მეტი ფუნქციის მქონე შენობა, სადაც რომელიმე ძირითადი ფუნქცია არ აღმატება შენობის საერთო ფართობის 75 %-ს;
ფ) მწვანე სახურავი –
სახურავი, რომლის ფართობის არანაკლებ 50% წყალგაუმტარი შრის ზემოთ დაფარულია მცენარეული საფარით და კეთილმოწყობილია სამყოფი მიზნებისთვის;
ქ) პარკი –
დასასვენებელი, გასართობი ან/და ბუნების ბინადართა დაცვის მიზნებისთვის განკუთვნილი, ბუნებრივად ან/და ხელოვნურად მცენარეული საფარით დაფარული და კეთილმოწყობილი სივრცე, რომელიც შეიძლება აერთიანებდეს სხვადასხვა გამწვანებულ ტერიტორიებს;
ღ) პასაჟი –
საზოგადოებრივი დანიშნულების გამჭვირვალე კონსტრუქციით გადახურული, გამჭოლი ქუჩა, გალერეა;
ყ) რთული რელიეფი (საშუალო ქანობი – 10 გრადუსი და მეტი) — მიწის ზედაპირის ფორმების ისეთი ერთობლიობა, რომელიც მნიშვნელოვნად მოქმედებს სამშენებლო და სამეურნეო ფუნქციურ-საყოფაცხოვრებო, ჰიგიენურ-სანიტარიულ, არქიტექტურულ-მოცულობით და ტექნიკურ-ეკონომიკურ მახასიათებლებზე და შესაბამისად განაპირობებს დაგეგმარების, განაშენიანების და კეთილმოწყობის სპეციალური საშუალებების გამოყენებას;
შ) საბავშვო მოედანი –
მიწის ნაკვეთზე ან/და საზოგადოებრივ სივრცეში მოწყობილი ბავშვებისთვის ან/და მოზარდებისთვის განკუთვნილი სათამაშო, გასართობი და დასასვენებელი ღია სივრცე, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს: უნივერსალური დიზაინის სათამაშო კონსტრუქციებს ან/და ატრაქციონებს, გაზონს, ქვიშის მოედანს, ფანჩატურს და სკამებს;
ჩ) საზოგადოებრივი სივრცე –
განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში მდებარე ქუჩა, გზა, მოედანი, ხიდი, სკვერი, პარკი, ბაღი, წყლის ზედაპირი და მისი სანაპირო ზოლი, ბუნებრივი ან ხელოვნური ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები ან/და მიწის ნაკვეთები, რომლებიც განკუთვნილია ან გადაცემულია საზოგადოებრივი მოხმარებისთვის ან/და ასეთად არის დადგენილი მოქმედი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტ(ებ)ით;
ძ) სამშენებლო პოტენციალი –
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების დროს, ამ წესებით ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმით დადგენილი განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ათვისების შესაძლებლობა;
წ) საცხოვრებელი სიმჭიდროვე –
დაგეგმარებითი თვალსაზრისით მოწესრიგებული ტერიტორიის (უბნის ან გრგ შესაბამისი გეგმარებითი ერთეულის) საზღვრებში ამ წესებით ფუნქციური ქვეზონისთვის განსაზღვრული (არა)საცხოვრებელი ერთეულების მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა ამავე ტერიტორიის ყოველ 1 ჰა-ზე;
ჭ) სახურავი –
შენობა-ნაგებობის ზედა დამამთავრებელი კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც შენობა-ნაგებობას იცავს გარემოს ზემოქმედებისგან. სახურავი შეიძლება იყოს ქანობიანი ან/და ბრტყელი (3 % ან ნაკლები ქანობით);
ხ) სკვერი –
დასასვენებელი/გასართობი მიზნებისთვის განკუთვნილი საერთო რეკრეაციის ბაღი;
ჯ) სრული სართული –
სართული, რომლის სიმაღლე, იატაკის გეგმარებითი ნიშნულიდან ჭერის კონსტრუქციის ქვედა ნიშნულამდე, არის 2.4 მეტრი ან მეტი;
ჰ) ტერასული შენობა –
რთული რელიეფის პირობებისათვის მიზანშეწონილი, რელიეფის ქანობზე საფეხურებად განვითარებადი (სადაც თითო სართული ქმნის თითო საფეხურს), სპეციფიკური სივრცით-მოცულობითი და გეგმარებითი გადაწყვეტის მქონე შენობა;
ჰ1) ტერიტორიის/ზონის ფუნქციური გამოყენება –
ტერიტორიაზე (ფაქტობრივად) ან/და ზონაში/ქვეზონაში (ნორმატიულად) განთავსებული მიწის ნაკვეთებისა ან/და უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენების სახეობა; ტერიტორიის/ზონის ფუნქციური გამოყენება ერთგვაროვანია, თუკი იქ განთავსებული მიწის ნაკვეთებისა ან/და უძრავი ქონების (ობიექტების) მინიმუმ 75% გამოყენებულია იდენტური ფუნქციით (დომინირებული სახეობა); ტერიტორიის/ზონის ფუნქციური გამოყენება შერეულია, თუკი იქ განთავსებული მიწის ნაკვეთებისა ან/და უძრავი ქონების (ობიექტების) 25%-ზე მეტია გამოყენებულია განსხვავებული ფუნქციით;
ჰ2) ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონირება –
მიწათსარგებლობის ზონირების ნაწილი, რომელიც ახდენს იყალთოს ტერიტორიების იდენტიფიცირებას ტერიტორიულ-სტრუქტურული ნიშნით (ცენტრი, შუალედი, პერიფერიული ნაწილი, გეგმარებითი კარკასი);
ჰ3) ტერიტორიული საზღვარი –
სოფელ იყალთოს მიკუთვნებული ტერიტორიული საზღვარი თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შიგნით, რომელიც მოიცავს როგორც განაშენიანებულ ისე გაუნაშენიანებელ ტერიტორიებს;
ჰ4) ფასადი –
შენობა-ნაგებობის გარე სახის ვერტიკალური პროექცია (წინხედი);
ჰ5) ფრონტონი –
შენობის ფასადის დამაგვირგვინებელი, რომელიც ზევიდან შემოსაზღვრულია ორფერდა სახურავით;
ჰ6) ფუნქციური ზონირება –
მიწათსარგებლობის ზონირების ნაწილი, რომელიც ახდენს დასახლების ტერიტორიების იდენტიფიცირებას მათი გამოყენების ერთგვაროვანი ან შერეული სახეობების მიხედვით;
ჰ7) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტ(ებ)ი –
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და განაშენიანების რეგულირების გეგმა;
ჰ8) ღიობი –
კედელში არსებული კარის, ფანჯრის, სამტრედეს/სამერცხლეს ღია ნაწილი ან/და ნებისმიერი ხვრეტი;
ჰ9) ჯიხური –
საცალო ვაჭრობისა და მომსახურეობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა.
2. წესების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებასა და განაშენიანების ძირითად დებულებებში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობები, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში დაფიქსირებული ტერმინებისა.
3. იყალთოს განაშენიანების რეგულირების გეგმებში განმარტებული ტერმინები, რომელბიც არ ეწინააღმდეგება პირველი და მეორე პუნქტში განმარტებულ მნიშვნელობებს, ასევე გამოიყენება ამ წესებში.