სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.09.2018 ბოლო ცვლილება 01.11.2024
ნომერი
№324
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.027.016824
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/09/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №324

2018 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3129 კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების თანდართული წესი.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
📎 დანართები (2)
324_1,.doc DOC

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის წახალისების წესს.

თავი II

წახალისების წესი

მუხლი 2

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოსამსახურის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი (შემდგომში – გენერალური დირექტორი), ხოლო ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

2. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული წახალისების ფორმის შემთხვევაში მორიგი უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, ხოლო მორიგი საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ – აგრეთვე გენერალური დირექტორი.

მუხლი 3

1. მოსამსახურე შეიძლება წახალისდეს როგორც კონკრეტული დამსახურებისათვის, ისე ნამსახური წლების ან საიუბილეო თარიღის გამო.

2. წახალისებული პირი ახალი დამსახურების გამო შეიძლება კვლავ წახალისდეს იმავე ან სხვა წახალისების ფორმით.

3. მოსამსახურის დაჯილდოება შეიძლება გარდაცვალების შემდეგაც.

მუხლი 4

1. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმით (გარდა „ა“ და „დ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმისა) მოსამსახურის წარდგენა ხდება:

ა) გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის მიერ;

ბ) გენერალური დირექტორის მოადგილის მიერ;

გ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ;

დ) სამსახურის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ.

2. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმით მოსამსახურის წარდგენა ხდება გენერალური დირექტორის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა მიმართვის საფუძველზე.

3. წარდგინებაში აღინიშნება პირის კონკრეტული დამსახურება.

4. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ჯილდოსთან ერთად წახალისებულს გადაეცემა წახალისების ბრძანება. მოსამსახურის წახალისების ბრძანება შეიტანება მის პირად საქმეშიც.

5. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება შემდგომში არ ზღუდავს დისციპლინური გადაცდომისას მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.

6. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის წარდგენა წახალისების მიზნით, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმისა.

მუხლი 5

1. მოსამსახურის წახალისება შესაძლებელია განხორციელდეს საზეიმო ვითარებაში.

2. გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში ჯილდო გადაეცემა მოსამსახურის ოჯახს.

3. თუ დაჯილდოებულ გარდაცვლილ მოსამსახურეს ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულს არ ჰყავს მემკვიდრე, ჯილდო რჩება სამსახურს.

4. დაუშვებელია ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“–„ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჯილდოს დაზიანების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში მათი ასლის გაცემა.

თავი III

წახალისების ფორმები

მუხლი 6

1. მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება;

ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ვ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება;

ზ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება;

თ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

ი) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება.

2. ერთდროულად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მოსამსახურის წახალისების რამდენიმე ფორმა.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“-„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს სიგელის, სამკერდე ნიშნის, აგრეთვე სამინისტროს მედალიონისა და სამინისტროს მედლის ნიმუშები დადგენილია ამ წესის №1 დანართით.

მუხლი 7

მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმები.

მუხლი 8

1. ამ წესის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს სამკერდე ნიშნით – „უმწიკვლო სამსახურისთვის“ (პირველი ხარისხი), სამსახურის სისტემაში განვლილი უმწიკვლო სამსახურისათვის ჯილდოვდება უფროსი ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, თუ განვლილი სამსახურის პერიოდში მის მიმართ გამოყენებული წახალისებების რაოდენობა აღემატება დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას და დაჯილდოების პერიოდში მასზე არ მოქმედებს რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

2. ამ წესის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს სამკერდე ნიშნით – „უმწიკვლო სამსახურისთვის“ (მეორე ხარისხი), სამსახურის სისტემაში განვლილი უმწიკვლო სამსახურისათვის ჯილდოვდება უმცროსი, საშუალო ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, თუ განვლილი სამსახურის პერიოდში მის მიმართ გამოყენებული წახალისებების რაოდენობა აღემატება დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას და დაჯილდოების პერიოდში მასზე არ მოქმედებს რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

3. სამინისტროს სამკერდე ნიშანი მაგრდება სააღლუმო ფორმის კიტელსა და ქურთუკზე, მარჯვენა მხარეს, ჯიბის სარქველის ქვევით. სამკერდე ნიშანი მაგრდება მიღების თარიღის თანმიმდევრობის მიხედვით, მარცხნიდან მარჯვნივ.

4. პირველი სამკერდე ნიშანი მაგრდება ჯიბის სარქველის ცენტრში. მომდევნო სამკერდე ნიშნის მიღების შემთხვევაში სამკერდე ნიშნები მაგრდება ცენტრის დაურღვევლად. ერთ რიგში მაგრდება არაუმეტეს სამი სამკერდე ნიშანი.

5. სამკერდე ნიშნით მოსამსახურის დაჯილდოების შემთხვევაში მინისტრის მიერ გამოიცემა შესაბამისი ბრძანება, რომელშიც მიეთითება სამკერდე ნიშნის ნომერი.

6. სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა შეიძლება შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მოსამსახურის მიერ უხეში დისციპლინური გადაცდომის ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.

მუხლი 9

ამ წესის მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მედალიონით ჯილდოვდებიან მოსამსახურეები სამსახურებრივი უფლებამოსილების სანიმუშო შესრულებისთვის.

მუხლი 10

1. ამ წესის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მედლით „კანონისა და ღირსების სადარაჯოზე“ (პირველი ხარისხი) ჯილდოვდება უფროსი ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, სამსახურებრივი საქმიანობის დროს მიღწეული განსაკუთრებული წარმატების ან/და მართვისას გამოჩენილი ლიდერის თვისებებისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის.

2. ამ წესის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მედლით „კანონისა და ღირსების სადარაჯოზე“ (მეორე ხარისხი) ჯილდოვდება საშუალო ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, სამსახურებრივი საქმიანობის დროს მიღწეული წარმატების ან/და მაღალი პროფესიონალიზმისათვის.

3. სამინისტროს მედალი მაგრდება სააღლუმო ფორმის კიტელზე მარცხენა მხარეს, ჯიბის სარქველის თავზე. მედალი მაგრდება მიღების თარიღის თანმიმდევრობის მიხედვით, მარჯვნიდან მარცხნივ.

4. პირველი მედალი მაგრდება ჯიბის სარქველის ცენტრში. მომდევნო მედლის მიღების შემთხვევაში მედლები მაგრდება ცენტრის დაურღვევლად. ერთ რიგში მაგრდება არაუმეტეს ხუთი მედლისა.

5. სამინისტროს მედლის თამასები ფორმის კიტელსა და ქურთუკზე მაგრდება მკერდის მარცხენა მხარეს, ჯიბის სარქველის თავზე. თამასები მაგრდება მიღების თარიღის თანმიმდევრობის მიხედვით, მარჯვნიდან მარცხნივ.

6. პირველი თამასა მაგრდება ჯიბის სარქველის ცენტრში. მომდევნო მედლის მიღების შემთხვევაში თამასები მაგრდება ცენტრის დაურღვევლად. ერთ რიგში მაგრდება არაუმეტეს ხუთი თამასისა.

მუხლი 11

1. ამ წესის მე-6 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით ჯილდოვდებიან მოსამსახურეები, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს – სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის.

2. სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით მოსამსახურის დაჯილდოების შემთხვევაში გენერალური დირექტორის მიერ გამოიცემა შესაბამისი ბრძანება, რომელშიც მიეთითება იარაღის მოდელი და ნომერი. ბრძანება შესასრულებლად ეგზავნება სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის საიარაღო განყოფილებას.

3. სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოების შემდეგ, მოსამსახურე ვალდებულია უზრუნველყოს იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირება.

დანართი 1.docx DOC

დანართი №1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სიგელის,

სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონის და სამინისტროს მედლის ნიმუშები

[pic]

* სამსახურის მოსამსახურის სიგელით დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ფორმაში მიეთითება წახალისების ერთ-ერთი საფუძველი.

[pic]

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს

მედალი „კანონისა და ღირსების სადარაჯოზე“

(პირველი ხარისხი)

ავერსი: მედალი „კანონისა და ღირსების სადარაჯოზე“(პირველი ხარისხი) წარმოადგენს ოქროსფერ ჯვარს, ფრთებში მეწამული (წითელი) მინანქრით. ჯვრის ცენტრში, მრგვალი მედალიონის მინანქრის ველზე, გამოსახულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ლოგო. ჯვარი საკიდით უკავშირდება ბაფთას.

რევერსი: ოქროსფერი ჯვარი, რომლის ზედაპირზე ამოტვიფრულია წარწერა ქართულ ენაზე მხედრული ანბანით: „კანონი და ღირსება“ და სამი ციფრი (მედლის ნომერი) – „000“.

ბაფთა არის ლივლივა მეწამული (წითელი) ფერის, გვერდებზე ორი თეთრი ზოლით, ცენტრში ერთი ოქროსფერი ზოლით.

თამასა არის ლივლივა მეწამული (წითელი) ფერის, გვერდებზე ორი თეთრი ზოლით, ცენტრში ერთი ოქროსფერი ზოლით.

[pic]

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს

მედალი „კანონისა და ღირსების სადარაჯოზე“

(მეორე ხარისხი)

ავერსი: მედალი „კანონისა და ღირსების სადარაჯოზე“ (მეორე ხარისხი) წარმოადგენს ვერცხლისფერ ჯვარს, ფრთებში მეწამული (წითელი) მინანქრით. ჯვრის ცენტრში, მრგვალი მედალიონის მინანქრის ველზე, გამოსახულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ლოგო. ჯვარი საკიდით უკავშირდება ბაფთას.

რევერსი: ვერცხლისფერი ჯვარი, რომლის ზედაპირზე ამოტვიფრულია წარწერა ქართულ ენაზე მხედრული ანბანით: „კანონი და ღირსება“ და სამი ციფრი (მედლის ნომერი) – „000“.

ბაფთა არის ლივლივა მეწამული (წითელი) ფერის, გვერდებზე ორი თეთრი ზოლით, ცენტრში ერთი ვერცხლისფერი ზოლით.

თამასა არის ლივლივა მეწამული (წითელი) ფერის, გვერდებზე ორი თეთრი ზოლით, ცენტრში ერთი ვერცხლისფერი ზოლით.

[pic]

სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისთვის“

(პირველი ხარისხი)

ავერსი: სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ (პირველი ხარისხი) წარმოადგენს ოქროსფერ შვიდქიმიან ვარსკვლავს, რომლის ცენტრში იმავე ფერში გამოსახულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ლოგო.

რევერსი: სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს განთავსებულია სამაგრი.

[pic]

სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისთვის“

(მეორე ხარისხის)

ავერსი: სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ (მეორე ხარისხი) წარმოადგენს ვერცხლისფერ შვიდქიმიან ვარსკვლავს, რომლის ცენტრში იმავე ფერში გამოსახულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ლოგო.

რევერსი: სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს განთავსებულია სამაგრი.

[pic]

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მედალიონი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მედალიონი წარმოადგენს ფერადი ლითონისგან დამზადებულ, მრგვალი ფორმის ნაკეთობას, რომელზეც ამოტვიფრულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ლოგო. მედალიონი განთავსებულია ხის სპეციალურ სადგამზე, რომელზეც, ორივე მხრიდან, ქართულ ენაზე, მხედრული ანბანით, ამოტვიფრულია წარწერა „სამსახურებრივი უფლებამოსილების სანიმუშო შესრულებისთვის“.