1. წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავიასამედიცინო ექსპერტი – უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც ფლობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს,  დამატებით გავლილი აქვს საავიაციო მედიცინის მომზადებისა და შემდგომი სწავლების კურსი, სერტიფიცირებულია სააგენტოს მიერ და ახორციელებს სამედიცინო შემოწმებას ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის მიზნით;

ბ) ავიასამედიცინო შემფასებელი – ფრენის სამედიცინო უზრუნველყოფაზე ზედამხედველი ექიმი-ინსპექტორი, რომელიც უზრუნველყოფს ამ წესით დადგენილი სამედიცინო საკითხების განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში.

გ) ავიასამედიცინო ცენტრი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას და სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე, უფლებამოსილია უზრუნველყოს ავიასპეციალისტის სამედიცინო შემოწმება და გასცეს შესაბამისი სამედიცინო სერტიფიკატი;

დ) ავიასპეციალისტი – სააგენტოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი პირი;

ე) ავიასპეციალისტის მოწმობა – სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი მოთხოვნების   საფუძველზე გაცემული საბუთი, რომლითაც მის მფლობელს ენიჭება საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის/მომსახურების/ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების უფლება;

ვ) ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის განმეორებით გაცემა – ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემა სააგენტოს მიერ, იმ შემთხვევაში, თუ ავიასამედიცინო ცენტრის/ავიასამედიცინო ექსპერტის მიერ სამედიცინო სერტიფიკატი გაიცა ამ წესის მოთხოვნების დარღვევით;

ზ) გადამისამართება – ავიასამედიცინო ცენტრის/ავიასამედიცინო ექსპერტის მიერ  განმცხადებლის/ავიასპეციალისტის და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის გაგზავნა სააგენტოში ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და სერტიფიკატის განახლების მიზნით, ამ წესით დადგენილ შემთხვევებში;

თ) გამოკვლევა – განმცხადებლის/ავიასპეციალისტის საეჭვო პათოლოგიური მდგომარეობის შემოწმება კვლევების საშუალებით, დაავადების არსებობის ან არარსებობის  დადასტურების მიზნით;

ი) ექიმი სპეციალისტი/ექიმი – ექიმი, რომელიც  არ წარმოადგენს ავიასამედიცინო ექსპერტს, მაგრამ ფლობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს და სააგენტოსთან ან/და ავიასამედიცინო ცენტრთან ხელშეკრულების საფუძველზე, მონაწილეობს  ავიასპეციალისტების ვარგისობის შეფასებაში;

კ) ვარგისობის შეფასება (აკრედიტებული სამედიცინო დასკვნა) – ერთი ან რამდენიმე ექიმი სპეციალისტის  მიერ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით, ობიექტური, არადისკრიმინაციული კრიტერიუმის საფუძველზე მიღებული ან საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ექსპერტებთან კონსულტაციის გზით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც, აგრეთვე, მოიცავს ავიასპეციალისტის საქმიანობასთან დაკავშირებული საექსპლუატაციო რისკის შეფასებას;

ლ) სამედიცინო დასკვნა – პიროვნების სამედიცინო ისტორიაზე ან/და გამოკვლევების შედეგებზე, აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით გამოკვლევებზე დაყრდნობით, სისხლის ანალიზით, ელექტროკარდიოგრამით, წნევის გაზომვით, რენტგენოლოგიური კვლევით და ჯანმრთელობის ნებისმიერი სხვა კვლევის საფუძველზე მიღებული დასკვნა პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის  შესახებ;

მ) სამედიცინო შემოწმება (კვლევა) – განმცხადებლის დათვალიერება, პალპაცია, პერკუსია, აუსკულტაცია ან გამოკვლევა დაავადების დიაგნოზის დადგენის მიზნით.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს საჰაერო კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობებ