1. სამსახური უფლებამოსილია ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად:

ა) ანგარიშვალდებულ პირს მოსთხოვოს და მიიღოს ამ კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტი);

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს და მიიღოს კონფიდენციალური ინფორმაცია, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მისთვის პირდაპირ იყოს ხელმისაწვდომი ასეთი ინფორმაციის შემცველ მონაცემთა ბაზები, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია.

11. სამსახური უფლებამოსილია ამ კანონის 431 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამოსავლენად ნებისმიერი ფიზიკური პირისგან ან იურიდიული პირისგან გამოითხოვოს კონფიდენციალური ინფორმაცია (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები).

12. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გამოიტანოს დადგენილება ფიზიკური პირისთვის ან იურიდიული პირისთვის  ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.

2. სამსახური ვალდებულია დაიცვას ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მიღებული ინფორმაციის (დოკუმენტის) კონფიდენციალურობა. დაუშვებელია ამ ინფორმაციის (დოკუმენტის) ნებისმიერი სხვა პირისთვის გადაცემა მოსამართლის განჩინების გარეშე, გარდა ამავე კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.

3. სამსახურის ხელმძღვანელები და თანამშრომლები ვალდებული არიან დაიცვან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (დოკუმენტის) კონფიდენციალურობა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში და მისი შეწყვეტის შემდეგ, გარდა ამ კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.

4. სამსახურს, მის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ეკრძალებათ, აცნობონ ნებისმიერ სხვა პირს, რომ ამ კანონის 25-ე და 37-ე მუხლების საფუძველზე სამსახურმა მიიღო ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) ან ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 36-ე და 37-ე მუხლებით განსაზღვრული ღონისძიებები, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1119 – ვებგვერდი, 28.11.2025