1. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას (შემდგომ – რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა) მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომ

– უწყებათაშორისი კომისია) წარდგინებით.

2. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიზნებია:

ა) ეროვნულ დონეზე და ეკონომიკის შესაბამისი სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გამოვლენა, ანალიზი და შეფასება;

ბ) ეროვნულ დონეზე და ეკონომიკის შესაბამისი სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა ღონისძიებების განხორციელება;

გ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის განკუთვნილი სახელმწიფო რესურსების პრიორიტეტული განაწილების ხელშეწყობა.

3. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა უნდა განახლდეს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ.

4. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა საჯაროა და ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას ან სახელმწიფო საიდუმლოებას ან რომლის გამოქვეყნებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ან სისხლისსამართლებრივ დევნას, შელახოს საქართველოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები ან სხვა საჯარო ინტერესები.

საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1566 – ვებგვერდი, 24.05.2022