ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – სამინისტროს სისტემაში ამ წესით რეგულირებული არაანაზღაურებადი საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე სამინისტროს სისტემაში გადის სტაჟირებას;
გ) სასწავლო პრაქტიკა – სამინისტროს სისტემაში სტუდენტის მიერ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება ანაზღაურების გარეშე;
დ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე სამინისტროს სისტემაში გადის სასწავლო პრაქტიკას;
ე) კანდიდატი – პირი, რომელსაც სურვილი აქვს გაიაროს სტაჟირება ან სასწავლო პრაქტიკა სამინისტროს სისტემაში და წარმოდგენილი აქვს სტაჟირების ან სასწავლო პრაქტიკის გავლის მიზნით ამ წესით დადგენილი დოკუმენტები;
ვ) ხელმძღვანელი – სამინისტროს სისტემის დანაყოფის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირი, სადაც მიიღება სტაჟიორი ან/და პრაქტიკანტი;
ზ) მენტორი – ხელმძღვანელის მიერ შერჩეული სამინისტროს მოსამსახურე, რომელიც უშუალოდ წარმართავს და კოორდინაციას უწევს სტაჟიორის/პრაქტიკანტის საქმიანობას;
თ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება;
ი) სპეციალური შემოწმება – სამინისტროს სისტემაში მისაღები კანდიდატის სანდოობისა და საიმედოობის დასადგენად ინფორმაციის მოძიება ან/და გადამოწმება;
კ) დახურული კონკურსი – ამ წესის შესაბამისად სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღების უფლება აქვს მხოლოდ სტაჟიორს;
ლ) დანაყოფი – სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფი, ტერიტორიული ორგანო, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირის სტრუქტურული ქვედანაყოფი.