1. უძრავი ნივთი არის მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა.
2. მიწის ნაკვეთი არის ტერიტორია, რომელსაც აქვს გეომეტრიული ერთიანობა და რომელიც მოქცეულია ერთიან საზღვრის კონტურსა და ერთიან უფლებრივ სივრცეში ან არსებობს მასზე რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება.
3. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, რომელიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის. მიწის ნაკვეთზე უფლება ვრცელდება, ასევე, მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. ხაზობრივი ნაგებობა არის საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი. ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლება დამოუკიდებელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისაგან.
5. მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა დგინდება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით.
6. რეგისტრაციის მიზნებისთვის უძრავ ნივთად (მის არსებით შემადგენელ ნაწილებად) არ მიიჩნევა წიაღისეული, მცენარეები, მცირე არქიტექტურული ფორმები, დროებითი, არაკაპიტალური ან/და ისეთი ხაზობრივი ნაგებობები/ობიექტები, რომლებზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაიცემა მშენებლობის ნებართვა, გარდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა.
7. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის რეგისტრაციის მიზნით, სააგენტოს განცხადებით მიმართავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ოუფენ ნეტი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404497790). განცხადებით უნდა დგინდებოდეს ხაზობრივი ნაგებობის „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მშენებლობის ფაქტი.
8. ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“ სააგენტოს განცხადებასთან ერთად წარუდგენს:
ა) მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/მფლობელის კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილ თანხმობას, რომლითაც დადასტურდება მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის აშენების ნება;
ბ) ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის ამსახველი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ციფრულ ვერსიას.
9. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ხაზობრივი ნაგებობის ადგილმდებარეობის სისწორეზე პასუხისმგებელია ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“.
10. ხაზობრივ ნაგებობაზე ა(ა)იპ „ოუფენ ნეტის“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ წარმოშობს იმ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, რომელზეც განთავსებულია ეს ხაზობრივი ნაგებობა.
11. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტში არასწორი შეჯამების ან ნამრავლის შედეგად მითითებულია მცდარი ფართობი, სააგენტო ვალდებულია თავად დაიანგარიშოს ფართობები და რეგისტრაცია მოახდინოს ახლად დაანგარიშებული ფართობების შესაბამისად.
12. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების (შემდგომ – „ბრძანებულება“) საფუძველზე უძრავი ნივთი რეგისტრირებულად ითვლება, თუ სააღრიცხვო ბარათზე ან/და საკადასტრო რუკაზე ან/და მათ ასლზე დატანილია ბეჭედი ან/და რეგისტრატორის ხელმოწერა.
13. თუ საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი სადგომი, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფართობი განისაზღვრება ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებული მონაცემების ან სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე.
14. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, თუ არ დგინდება იურიდიული პირის დამფუძნებლის/პარტნიორის/წევრის შესახებ მონაცემები, სააგენტოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება დომინანტი პარტნიორი.
15. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საქართველოში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოების საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, სააგენტოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია დომინანტი პარტნიორის შესახებ და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გაცემული ამონაწერი ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან.
16. თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას დგინდება პარტნიორთა სიმრავლე, რომლებიც, თავის მხრივ, არიან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები, სააგენტოს, ასევე, უნდა წარედგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია მათი დომინანტი პარტნიორის შესახებ.
17. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, რომელიც არ არის იურიდიული პირი, სააგენტოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება ამ ორგანიზაციული წარმონაქმნის წევრები.
18. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესით“ გათვალისწინებული ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურის ტერიტორიულ საზღვრებში მოქცეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების დაზუსტებისას, სააგენტოს დამატებით უნდა წარედგინოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დადასტურდება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტსა და სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული სარეგისტრაციო უძრავი ნივთის იდენტურობ