1. შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მონაცემების საფუძველზე, ხოლო თუ წარმოდგენილია შიდა აზომვითი ნახაზი – მისი საერთო ფართის შესაბამისად, რომელიც მოიცავს როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი დანიშნულების ფართებს.
2. ერთეული უძრავი ნივთის დანიშნულების ცვლილების რეგისტრაცია მესაკუთრის განცხადების საფუძველზე წარმოებს.
3. თუ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების გარეშე, შენობა-ნაგებობაზე მიწის მესაკუთრის საკუთრების უფლება რეგისტრირდება მისი მოთხოვნის შემთხვევაში, თუ უფლების დამდგენი დოკუმენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. თუ უფლების დამდგენი დოკუმენტი მოიცავს რამდენიმე ცალკეულ უფლების ობიექტს, რეგისტრაცია წარმოებს თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე.
5. ტექნიკური აღრიცხვის არქივში მრავალბინიან უძრავ ნივთზე არსებული ჩანაწერებისა და უფლების დამდგენ დოკუმენტებში მითითებული ჯამური ფართების შეუსაბამობის შემთხვევაში, უძრავი ნივთის საერთო სარეგისტრაციო ფართობი დგინდება მესაკუთრეების ერთობლივი განცხადების საფუძველზე.
6. თუ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტით გათვალისწინებულ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში მითითებულ ფართობზე მეტი ან ნაკლებია, თანამესაკუთრეთა/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობის შემთხვევაში რეგისტრაცია წარმოებს საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობის შესაბამისად. თუ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს, რეგისტრაციისთვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობა არ მოითხოვება.
7. თუ სარეგისტრაციო უძრავი ნივთი წარმოადგენს საერთო შესასვლელის მქონე სხვადასხვა სართულზე მდებარე ერთ სისტემაში გაერთიანებულ ფართს, მასზე უფლების რეგისტრაცია წარმოებს ერთი უფლების ობიექტის რეგისტრაციის წესით.
8. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით არ დგინდება, რომ შენობა-ნაგებობა ან მისი ერთეული მშენებარეა, მათზე უფლების რეგისტრაცია წარმოებს აშენებული შენობა-ნაგებობების ან მისი ერთეულის რეგისტრაციის წესით.
9. მშენებარე შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნეს კანონმდებლობით განსაზღვრული სამშენებლო დოკუმენტაცია, ხოლო მშენებლობის დასრულებისას – შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტი.
10. მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) რეგისტრაციის შედეგად იცვლება ამ შენობა-ნაგებობის ყველა ერთეულის რეგისტრირებული მონაცემებიც.
11. მრავალერთეულიან შენობა-ნაგებობაში მდებარე ლეგალიზებულ უძრავ ნივთზე (მიშენება, დაშენება და სხვა) რეგისტრირდება იმ პირის საკუთრების უფლება, რომელიც აღნიშნულია უძრავი ნივთის ლეგალიზების აქტში და საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის არ მოითხოვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის გადაწყვეტილება ლეგალიზებული უძრავი ნივთის დაინტერესებული პირისთვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
12. თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია, რომ სანივთო ან/და ვალდებულებითი უფლებით დატვირთულია მთელი შენობა-ნაგებობა ან მისი ერთეული, კონკრეტული ფართის მითითების გარეშე და სარეგისტრაციოდ წარდგენილია ამ ნივთთან არსებითად დაკავშირებულ ლეგალიზებულ უძრავ ნივთზე (მიშენება, დაშენება და სხვა) ლეგალიზების აქტი, რეგისტრირებული სანივთო ან/და ვალდებულებითი უფლება ვრცელდება ლეგალიზების შედეგად მიღებულ მთლიან ფართზე. სხვა შემთხვევაში, რეგისტრირებული სანივთო ან/და ვალდებულებითი უფლება ლეგალიზებულ ფართზე არ ვრცელდება.
13. თუ შენობა-ნაგებობა ან მისი ერთეული დატვირთულია სანივთო ან/და ვალდებულებითი უფლებით და მოთხოვნილია ფართის დაზუსტება, რეგისტრირებული სანივთო ან/და ვალდებულებითი უფლება ვრცელდება მთელ დაზუსტებულ ფართზე. თუ შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის ფართის დაზუსტების შედეგად ფართი მცირდება, რეგისტრაცია წარმოებს უძრავ ნივთზე რეგისტრირებული სანივთო ან/და ვალდებულებითი უფლების მქონე პირის თანხმობი