1. სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი, სამსახურებრივი და სოციალური უზრუნველყოფის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.
დანართი 22
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება №1/233
2017 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში საქმეთა წარმოების განსაკუთრებული ინტენსიურობისა და მოსამართლეთა რაოდენობის გათვალისწინებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განხორციელდეს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია, მათივე ნების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმეთა შემდეგი კატეგორიებისა და სისხლის სამართლის პროცესის შემდეგი ეტაპების მიხედვით:
ა) არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაული; ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განსახილველი საქმეები; წინასასამართლო სხდომამდე არანაკლებ 15 დღით ადრე შესული შუამდგომლობები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე;
ბ) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ; დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ); ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ; დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ; ნარკოტიკული დანაშაული); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (ტერორიზმი; სამოხელეო დანაშაული; დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ);
გ) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ; ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა); ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში; დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა; დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ; სატრანსპორტო დანაშაული); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ; ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა; სამოხელეო დანაშაული); დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ;
დ) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ; დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ); ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ; საერთაშორისო ხასიათის დანაშაულები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში; კიბერდანაშაული); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (სამოხელეო დანაშაული); დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ; დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ; დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.
ე) გამოძიების ეტაპი (ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა, შუამდგომლობები გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის, ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებათა ჩატარების შესახებ, გამოძიების ეტაპთან დაკავშირებული სხვა საკითხები, გარდა წინასასამართლო სხდომამდე არანაკლებ 15 დღით ადრე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე შესული შუამდგომლობებისა);
ვ) წინასასამართლო სხდომის ეტაპი.
2. პირველი პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლე ამავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმეთა კატეგორიების მიხედვით განიხილავს სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდეგ სასამართლოში შესულ შუამდგომლობებს, წარდგინებებსა და სხვა საკითხებს.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 1 მარტის №1/28 და „თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიაში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 15 თებერვლის №1/60 გადაწყვეტილებები.
4. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2017 წლის 25 ივლისიდან.
გიორგი მიქაუტაძე
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი
.
დანართი 23
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება №1/89
2018 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების
ანაზღაურების წესის შესახებ
1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 69-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება განსაზღვრავს საერთო სასამართლოს მოსამართლისათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის დაწესებისა და მოსამართლის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესს.
2. რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დაუწესდეთ თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური დანამატი.
3. გარდა ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანამატისა, მოსამართლეს, კონკრეტული მოსამართლის (სასამართლოს) დატვირთულობის, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა სტაჟირების კოორდინატორობის გათვალისწინებით, შესაძლებელია მიეცეს დანამატი.
4. შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში, მოსამართლეს ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანამატი მიეცემა სამსახურებრივი ურთიერთობის აღდგენის შემდეგ, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდის ჩათვლით.
5. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის საფუძველზე სხვა სასამართლოში მივლინებულ მოსამართლეს, მისთვის დაწესებული დანამატის ნაცვლად ეძლევა დანამატი შესაბამისი სასამართლოს მოსამართლისათვის დაწესებული დანამატის ოდენობით, თუ ასეთი დანამატის ოდენობა აღემატება მოსამართლის დანამატის ოდენობას იმ სასამართლოში, რომელშიც იგი კანონით დადგენილი წესით არის დანიშნული.
51. მოსამართლეს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 32-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 33-ე მუხლის საფუძველზე რაიონული (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის/ თავმჯდომარის მოადგილის/სასამართლო კოლეგიის/ პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებისას, მოქმედ ყოველთვიურ დანამატთან ერთად ეძლევა დანამატი შესაბამისი სასამართლოს მოსამართლისა და სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/სასამართლო კოლეგიის/პალატის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურების ოდენობებს შორის სხვაობის ოდენობით, ნამუშევარი პერიოდის გათვალისწინებით. აღნიშნული დანამატის გაცემის საფუძველია, შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანება ან სასამართლოს წერილობითი შეტყობინება სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/სასამართლო კოლეგიის/პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების თაობაზე.
6. გადაწყვეტილებას რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების იმ მოსამართლეთა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის ან საამისოდ საჭირო ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომელთაც სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების ადგილას არ აქვთ საცხოვრებელი ბინა, იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
7. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლეთა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების მიზნით, თვითმმართველი ერთეულების მიხედვით ადგენს საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის გამოსაყოფი თანხების ზღვრულ ოდენობას.
8. ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული დანამატის და საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით საერთო სასამართლოებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
9. ამ გადაწყვეტილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 8 მაისის №1/87 გადაწყვეტილება.
10. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
გიორგი მიქაუტაძე
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი
.
დანართი 24
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება №1/152
2018 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და
საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ
1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს:
ა) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი (დანართი 1);
ბ) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა (დანართი 2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილება.
3. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
გიორგი მიქაუტაძე
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი
დამტკიცებულია
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
2018 წლის 19 მარტის №1/152 გადაწყვეტილებით
დანართი 1
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი
ზოგადი დებულება