1. საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით კანდიდატთა რეგისტრაციის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 7 სამუშაო დღეზე ნაკლები, განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განცხადებები არ მიიღება.
2. კანდიდატი რეგისტრირდება საერთო ან ერთ-ერთი სპეციალიზაციის მიხედვით.
3. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი რეგისტრირდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით, გამოცდისა და შერჩევის ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – ელექტრონული სისტემა). რეგისტრაციისას პირმა ელექტრონული ფორმით უნდა ატვირთოს შემდეგი საბუთები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. სანოტარო წესით დამოწმება არ მოითხოვება ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
გ) ფერადი ფოტოსურათი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების არასრულად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატის რეგისტრაცია იქნება უარყოფილი.
5. გადაწყვეტილებას კანდიდატის მიერ წაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილების, წარდგენილი საბუთების დადგენილ წესთან შესაბამისობის და აღნიშნულიდან გამომდინარე კანდიდატის რეგისტრაციის დადასტურების ან უარყოფის შესახებ იღებს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე. აღნიშნულის თაობაზე კანდიდატს ეცნობება ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
6. კანდიდატის რეგისტრაციის დადასტურების შემთხვევაში პირი საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის იხდის საფასურს 200 ლარის ოდენობით, რომელიც ირიცხება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საკუთარი შემოსავლების ანგარიშზე.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატებ