1. დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფლებამონაცვლეს.

2. დეპარტამენტის სრული დასახელებაა „საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი”. დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოიყენოს დეპარტამენტის შემოკლებული დასახელება: „საერთო სასამართლოების დეპარტამენტი“. დეპარტამენტის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ბეჭდებზე, ბლანკებზე, აბრებზე, სიმბოლიკაზე, ოფიციალურ დოკუმენტებზე, ვებგვერდზე, დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობასა და სხვა ნებისმიერ რეკვიზიტზე გამოყენებული დეპარტამენტის დასახელება დასაწყისში უნდა მოიცავდეს მითითებას „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებით, ამ დებულებით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სამართლებრივი აქტებით.

4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე.

5. დეპარტამენტი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში და უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.

6. დეპარტამენტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, სიმბოლიკა, რომელსაც ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. №3