იუსტიციის უმაღლესი საბჭო:

ა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეს, სააპელაციო სასამართლოს პალატისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს;

ა1) თანამდებობაზე ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორსა და სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს; განსაზღვრავს დამოუკიდებელი ინსპექტორისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის თანამშრომლების მიერ თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესს, სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესს, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების, ასევე სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის დაკომპლექტებისა და საქმიანობის წესს;

ა2) საქართველოს პარლამენტს წარუდგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებს;

ბ) ამტკიცებს:

ბ.ა) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურას და მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას;

ბ.ბ) დამოუკიდებელი ინსპექტორისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელის თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს;

ბ.გ) საერთო სასამართლოების (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსი) აპარატების სტრუქტურას, აპარატის მოხელეთა საშტატო რაოდენობას, თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს;

ბ.გ1) იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში სტაჟირების გავლის წესს;

ბ.გ2) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოსამსახურეთა შეფასების წესს;

ბ.დ) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სტრუქტურასა და საქმიანობის წესს;

ბ.ე) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესსა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას;

ბ.ვ) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობასა და დებულებას;

ბ.ზ) მოსამართლის ფიცის ტექსტს;

ბ.თ) სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს;

ბ.ი) მოსამართლის თანამდებობრივ განმასხვავებელ ნიშნებს და მოსამართლის ჩაცმულობის ფორმას;

ბ.კ) მოსამართლის სამსახურებრივი მოწმობის ფორმას.

გ) განსაზღვრავს:

გ.ა) რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიას;

გ.ბ) რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა რაოდენობას;

გ.გ) მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორიას და რაოდენობას;

გ.დ) მაგისტრატი მოსამართლეების შემადგენლობას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში;

გ.ე) სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას;

გ.ვ) სააპელაციო სასამართლოს პალატებსა და საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობას და შემადგენლობას;

გ.ზ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა სპეციალიზაციას;

გ.თ) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობას;

დ) ქმნის:

დ.ა) რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებს;

დ.ბ) სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებს;

დ.გ) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიას;

ე) საქმეთა წარმოების განსაკუთრებული ინტენსიურობის მქონე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, უფლებამოსილია განახორციელოს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია;

ვ) ადგენს სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობას;

ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს;

თ) განიხილავს სასამართლოს სტატისტიკის ანალიზის მასალებს;

ი) კანონით გათვალისწინებული წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას;

კ) ისმენს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ანგარიშს;

ლ) იღებს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილი წესით მოსამართლეების წახალისების შესახებ;

მ) შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე;

ნ) თანხმობას აძლევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეების დანიშვნაზე;

ო) რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობისას აცხადებს კონკურსს და განსაზღვრავს მოსამართლეობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადას;

პ) განიხილავს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეთა მიერ წარმოდგენილ მასალებს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადების შესახებ, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს უფლებამოსილების ფარგლებში;

ჟ) (ამოღებულია);

რ) ატარებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენლად მისაღებ კონკურსს;

ს) საქართველოს მთავრობას წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტს;

ს1) ადგენს საერთო სასამართლოს მოსამართლისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს;

ტ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიას და რეგლამენტს, აგრეთვე სამოსამართლო ეთიკის კოდექსს;

უ) იღებს გადაწყვეტილებებს საერთო სასამართლოების სისტემის გამართულ ფუნქციონირებასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აღნიშნული საფუძვლით საერთო სასამართლოების დეპარტამენტს აძლევს შესაბამის დავალებებს;

ფ) განიხილავს მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკის თაობაზე თანხმობის მიცემის საკითხებ