1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მოწყობილობები – მანქანა-დანადგარები, აპარატურა, ფიქსირებული ან მოძრავი ხელსაწყოები, მათი მართვის სისტემების კომპონენტები და საკონტროლო-საზომი მოწყობილობები, ასევე გამოვლენის ან თავიდან აცილების სისტემები, რომლებიც, ცალკე ან ერთობლივად, განკუთვნილია მასალის გამომუშავებისთვის, გადაცემისთვის, შენახვისთვის, გაზომვისთვის, ენერგიის კონტროლისთვის და გარდაქმნისთვის ან/და გადამუშავებისათვის და რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ აფეთქება მათი საკუთარი პოტენციური აალების წყაროების გამო;
ბ) დამცავი სისტემები – ხელსაწყოები (მოწყობილობის კომპონენტების გარდა), რომლებიც განკუთვნილია აფეთქების საწყის სტადიაზე დაუყოვნებლივი შეჩერებისთვის ან/და აფეთქების ალების და წნევის ეფექტური დიაპაზონის შეზღუდვისთვის და რომლებიც ბაზარზე განთავსებულია დამოუკიდებლად ავტონომიური სისტემების სახით გამოყენების მიზნით;
გ) კომპონენტები – მოწყობილობის ნებისმიერი დეტალი, რომელიც აუცილებელია მოწყობილობისა და დამცავი სისტემების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის და არ ფუნქციონირებს დამოუკიდებლად;
დ) ფეთქებადსაშიში გარემო – ჰაერისა და აირის, ორთქლის, ნისლის ან მტვრის სახით არსებული აალებადი ნივთიერებების ნაზავი, რომელიც შესაბამის ატმოსფერულ პირობებში იწვევს აალებას, რის შემდეგაც წვა ვრცელდება მთელ არსებულ ნაზავზე;
ე) პოტენციურად ფეთქებადსაშიში გარემო – გარემო, რომელიც შეიძლება გახდეს ფეთქებადსაშიში ადგილობრივი და საექსპლუატაციო პირობების გამო;
ვ) „მოწყობილობების I ჯგუფი“ – მოწყობილობები, რომლებიც განკუთვნილია მაღაროების მიწისქვეშა სივრცეებში და ისეთ ზედაპირულ ნაწილებში გამოყენებისათვის, რომლებსაც შეიძლება საფრთხე შეექმნას მაღაროს აირის ან/და აალებადი მტვრისგან. მოწყობილობების I ჯგუფი მოიცავს ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში აღნიშნულ მოწყობილობების M1 და M2 კატეგორიებს;
ზ) „მოწყობილობის II ჯგუფი“ – მოწყობილობები, რომლებიც განკუთვნილია ისეთ ადგილებში გამოყენებისთვის, რომლებსაც შეიძლება საფრთხე შეექმნას ფეთქებადსაშიში გარემოს ზემოქმედების შედეგად. მოწყობილობების II ჯგუფი მოიცავს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში აღნიშნულ მოწყობილობების პირველ, მე-2 და მე-3 კატეგორიებს;
თ) მოწყობილობის კატეგორია – მოწყობილობების კლასიფიკაცია ტექნიკური რეგლამენტის I დანართში განსაზღვრული აღჭურვილობის თითოეული ჯგუფის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს დაცვის მოთხოვნილ დონეს;
ი) გამოყენების დანიშნულება – მწარმოებლის მიერ განსაზღვრული პროდუქტის გამოყენების დანიშნულება, რომელიც გამოიხატება მოწყობილობის კონკრეტულ მოწყობილობის ჯგუფისთვის და კატეგორიისთვის მიკუთვნებით ან მოწყობილობის, კომპონენტის ან დამცავის სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის მიწოდებით;
კ) მწარმოებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამზადებს პროდუქტს, ან პირი, რომელიც ამზადებინებს და თავისი სახელით ან სავაჭრო ნიშნით რეალიზებას უწევს ან თავად იყენებს აღნიშნულ პროდუქტს;
ლ) ავტორიზებული წარმომადგენელი – საქართველოში დარეგისტრირებული, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მწარმოებლის მიერ მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, რომ იმოქმედოს მისი სახელით სპეციალური დავალებების შესასრულებლად;
მ) იმპორტიორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს პროდუქტს სხვა ქვეყნიდან საქართველოს ბაზარზე განთავსებას;
ნ) დისტრიბუტორი – პროდუქტის მიწოდების ჯაჭვში ჩართული ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ წარმოადგენს მწარმოებელს და იმპორტიორს და რომელიც ხელმისაწვდომს ხდის პროდუქტს ბაზარზე;
ო) ტექნიკური სპეციფიკაცია – დოკუმენტები, რომლებიც მოიცავს ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებიც პროდუქტმა უნდა დააკმაყოფილოს;
პ) ინფორმაციის წყაროები – საქართველოს ან/და სხვა ქვეყნის საბაჟო ორგანო ან/და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო, ინფორმაციის გაზიარების საერთაშორისო/რეგიონალური სისტემები, მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაციები, უშუალოდ მომხმარებელი, ეკონომიკური ოპერატორი.
2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერმინებისა, ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით (შემდგომში – კოდექსი) გათვალისწინებული ტერმინთა განმარტებებ