1. დაცვის სისტემები დაპროექტებული და დამზადებული უნდა იყოს აფეთქებისგან დაცვის სფეროში არსებული ტექნოლოგიური ცოდნის გათვალისწინებით, რათა შესაძლებელი იყოს მათი უსაფრთხო გამოყენება სავარაუდო ექსპლუატაციის პერიოდში.

2. კომპონენტები, რომლებიც გამიზნულია მოწყობილობებსა და დამცავ სისტემებში ინტეგრირებისათვის ან მათში არსებული შესაბამისი კომპონენტების ჩანაცვლებისათვის, უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული იმგვარად, რომ მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად დამონტაჟების შემთხვევაში, დანიშნულებისამებრ გამოყენებისას ფუნქციონირებდეს უსაფრთხოდ.

3. მოთხოვნები დახურული სტრუქტურებისა და გაჟონვის ასაცილებლად:

ა) მოწყობილობა, რომელმაც შეიძლება წარმოქმნას აალებადი აირები ან მტვერი, შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დამზადდეს მხოლოდ დახურული კონსტრუქციული მეთოდით;

ბ) მოწყობილობა, რომელსაც გააჩნია ღიობები ან არაჰერმეტული შეერთებები, შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ წარმოქმნილმა გამოთავისუფლებულმა აირებმა ან მტვერმა არ შექმნას ფეთქებადსაშიში გარემო მოწყობილობის გარეთ;

გ) აალებადი მასალებით შევსებისა და დაცლის წერტილები შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დაპროექტდეს და აღიჭურვოს იმგვარად, რომ შეზღუდოს აალებადი მასალების გაჟონვა შევსების ან დაცლის დროს.

4. მოთხოვნები მტვრის დანალექის მიმართ:

ა) ისეთ მოწყობილობები ან/და დამცავი სისტემები, რომლებიც განკუთვნილია მტვრიან ადგილებში გამოყენებისთვის, უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებულ მათ ზედაპირზე დანალექი მტვრის აალება;

ბ) შესაძლებლობის ფრგლებში შემცირებული უნდა იყოს მტვრის დანალექის წარმოქმნა;

გ) მოწყობილობა მტვრისგან უნდა იწმინდებოდეს მარტივად;

დ) მოწყობილობის ნაწილების ზედაპირის ტემპერატურა უნდა იყოს მტვრის დანალექის ხურვების ტემპერატურაზე დაბალი;

ე) გათვალისწინებული უნდა იქნეს მტვრის დანალექის სისქე, ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული სითბოს დაგროვება.

5. მოთხოვვნები დაცვის დამატებითი საშუალებების მიმართ:

ა) მოწყობილობები და დამცავი სისტემები, რომლებიც შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეული სახის გარე დატვირთვას, საჭიროების შემთხვევაში, უნდა აღიჭურვოს დაცვის დამატებითი საშუალებებით.

ბ) მოწყობილობამ უნდა გაუძლოს შესაბამის დატვირთვას, ფეთქებადსაშიში გარემოს შექმნის გარეშე.

6. თუ მოწყობილობები ან/და დამცავი სისტემები მოთავსებულია კორპუსში ან დახურულ კონტეინერში, რომელიც თავად წარმოადგენს აფეთქებისგან თავდაცვის ნაწილს, ასეთი კორპუსის ან/და კონტეინერის გაღება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ სპეციალური ინსტრუმენტის მეშვეობით ან სათანადო დამცავი ღონისძიებების გამოყენებით.

7. მოწყობილობები და დამცავი სისტემები უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ:

ა) თავიდან იქნეს აცილებული ფიზიკური დაზიანება ან სხვა ზიანი, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით;

ბ) გამოირიცხოს ხელმისაწვდომი ნაწილების ზედაპირის ისეთი ტემპერატურის ან რადიაციის წარმოქმნა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას, გარემოს ან კანონით დაცულ სხვა ღირებულებას;

გ) გამოირიცხოს არაელექტროტექნიკური საფრთხეები, რომლებიც გამოვლინდა წარსული გამოცდილებით;

დ) გამოირიცხოს ზენორმული დატვირთვის მოსალოდნელი პირობებში სახიფათო სიტუაციების წარმოქმნა.

8. მოწყობილობის სახიფათო ზენორმული დატვირთვის თავიდან აცილება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს დაპროექტების ეტაპზე ისეთი ინტეგრირებული საზომი, მარეგულირებელი და საკონტროლო მოწყობილობების მეშვეობით, როგორიცაა ზედენის ჩამრაზები, ტემპერატურის შემზღუდველები, დიფერენციალური წნევის გადამრთველები, ხარჯსაზომები, დაყოვნების რელე, სიჩქარის გადაჭარბების ინდიკატორები ან/და მსგავსი ტიპის საკონტროლო მოწყობილობები.

9. თუ ფეთქებადსაშიში გარემოს აალების გამომწვევი ნაწილები მოთავსებულია დახურულ კორპუსში ან/და კონტეინერში, მიღებული უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს ასეთი ფეთქებადი ნარევის შიდა აფეთქების დროს წარმოქმნილი წნევისადმი კორპუსის ან/და კონტეინერის მედეგობასა და კორპუსის გარშემო ფეთქებადსაშიში გარემოსთვის აფეთქების გადაცემის თავიდან აცილება