1. აქციების სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელი აქციონერის მიმართვისა და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე სააქციო საზოგადოება ვალდებულია, მოახდინოს სააქციო საზოგადოების სამეურნეო მოქმედების ან წლიური ფინანსური ანგარიშგების სპეციალური შემოწმება, თუ ის კანონით ისედაც არ ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს, რისთვისაც ნიშნავს სპეციალურ აუდიტორს.
2. აქციონერს, რომლის ინტერესსაც ეხება სამეურნეო მოქმედების სპეციალური შემოწმება, ხმის უფლება არ აქვს.
3. თუ პარტნიორთა კრება უარს იტყვის სპეციალური აუდიტორის დანიშვნაზე იმ სამეურნეო მოქმედებების სპეციალური შემოწმებისთვის, რომლის შემდგომ გასული არ არის 5 წელზე მეტი, აქციათა სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელ აქციონერთა განცხადების საფუძველზე სპეციალური აუდიტორი ინიშნება სასამართლოს მიერ, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სამეურნეო მოქმედებებისას ადგილი ჰქონდა კანონის ან წესდების უხეშ დარღვევას.
4. თუ პარტნიორთა კრება დანიშნავს სპეციალურ აუდიტორს, აქციათა 5 პროცენტის მფლობელ აქციონერთა განცხადების საფუძველზე სასამართლომ შეიძლება ჩაანაცვლოს პარტნიორთა კრების მიერ დანიშნული სპეციალური აუდიტორი, თუ მას არ გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, ან არსებობს ეჭვის მის მიუკერძოებლობასთან და სანდოობასთან დაკავშირებით. განცხადებით მიმართვის ვადა შეადგენს 14 დღეს პარტნიორთა კრების ჩატარების თარიღიდან.
5. სასამართლოს მიერ სპეციალური აუდიტორის დანიშვნის შემთხვევაში სააქციო საზოგადოებას ეკისრება სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება ასევე - სასამართლოს მიერ დანიშნული სპეციალური აუდიტორისთვის სასამართლოს მიერ დადგენილი ანაზღაურების გადახდა.
6. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო და სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია, ითანამშრომლოს სპეციალურ აუდიტორთან; მათ შორის, მისცეს სააქციო საზოგადოების დოკუმენტაციის, ფულადი სახსრების და სასაქონლო მარაგების შემოწმების შესაძლებლობა და მიაწოდოს ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია.
7. თუ სასამართლოს მიერ სპეციალური აუდიტორის დანიშვნა ეყრდნობოდა განმცხადებლის მიერ სასამართლოსთვის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიწოდებულ არასწორ ინფორმაციას, განმცხადებელს ეკისრება სააქციო საზოგადოებისთვის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.
8. სპეციალურმა აუდიტორმა შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით უნდა შეადგინოს წერილობითი დასკვნა. დასკვნაში ასევე, უნდა აისახოს ის გარემოებები, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ სააქციო საზოგადობის ინტერესებს, მაგრამ მათი გაცნობა აუცილებელია პარტნიორთა კრების მიერ შემოწმებული მოქმედების შესაფასებლად.
9. სპეციალურმა აუდიტორმა მის მიერ ხელმოწერილი დასკვნა დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს ხელმძღვანელ ორგანოს. სპეციალური აუდიტორის მიერ ხელმოწერილი დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს. ხელმძღვანელმა ორგანომ დასკვნა უნდა წარუდგინოს სამეთვალყურეო საბჭოს და მისი განხილვის საკითხი შეიტანოს მომდევნო პარტნიორთა კრების დღის წესრიგშ