1. სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია შეამციროს განთავსებული კაპიტალის ოდენობა.

2. განთავსებული კაპიტალის ოდენობა შესაძლებელია შემცირდეს აქციათა ნომინალური ან ამ კანონის 158-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების შემცირების ან აქციათა საერთო რაოდენობის შემცირების, მათ შორის, სააქციო საზოგადოების მიერ განთავსებული აქციათა ნაწილის გამოსყიდვის და მათი გაუქმების შემთხვევაში.

3. გადაწყვეტილება განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ და ინფორმაცია განხორციელებული შემცირების თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს და აისახოს აქციათა რეესტრში.

4. აქციათა ნომინალური ან ამ კანონის 158-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების შემცირების გზით განთავსებული კაპიტალის შემცირების გადაწყვეტილებით შესაძლოა გათვალისწინებული იქნეს სააქციო საზოგადოების მიერ შესაბამისი აქციონერებისთვის თანხის გადახდა. ამ გადაწყვეტილებით უნდა დადგინდეს:

ა) ოდენობა, რომლითაც მცირდება განთავსებული კაპიტალი;

ბ) იმ აქციათა სახე, რომელთა ღირებულებაც მცირდება და სიდიდე, რომლითაც მცირდება თითოეული აქციის ღირებულება;

გ) თითოეული სახის აქციის შემცირებული ღირებულება;

დ) ის თანხა, რომელიც ემსახურება ღირებულების შემცირების შედეგად სააქციო საზოგადოების მიერ აქციონერთა ანაზღაურებას.

5. გადაწყვეტილება განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ მიიღება პარტნიორთა კრებაზე კენჭისყრაში მონაწილე ხმათა 3/4-ის უმრავლესობით. ასეთ შემთხვევაში პარტნიორთა კრებაზე წარმოდგენილი უნდა იყოს საერთო ხმათა არანაკლებ 2/3-ის მფლობელი აქციონერები. გადაწყვეტილება ექვემდებარება განცალკევებულ კენჭისყრას აქციათა ყველა იმ კლასისათვის, რომელზეც აღნიშნული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს. პარტნიორთა კრების მიერ ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა მიღებულ იქნეს მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო მონისტურ სისტემაში ხელმძღვანელი ორგანოს წინადადების საფუძველზე. პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებაში უნდა მიეთითოს განთავსებული კაპიტალის შემცირების მიზანი და განხორციელების მეთოდი.

6. იმ პირთა წრის მონაცემები, რომელთაც აქციათა ღირებულების შემცირების გზით განთავსებული კაპიტალის შემცირების გადაწყვეტილების საფუძველზე აქვთ უფლება, სააქციო საზოგადოებისგან მიიღონ თანხა ან/და სააქციო საზოგადოების ფასიანი ქაღალდები, დგინდება წესდებაში განხორციელებული ცვლილების გამოქვეყნების თარიღით.

7. სააქციო საზოგადოებას უფლება არ აქვს მიიღოს განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება, თუ:

ა) შემცირების შედეგად განთავსებული კაპიტალი ამ კანონის 158-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ოდენობას ვერ აკმაყოფილებს;

ბ) არ დასრულებულა ყველა იმ აქციის გამოსყიდვა, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად უნდა იქნეს გამოსყიდული;

გ) ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააქციო საზოგადოება გადახდისუუნარო გახდება ან გადახდისუუნარობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება აქციონერთათვის საზოგადოების მიერ თანხის გადახდის ან მათთვის სააქციო საზოგადოების სხვა ფასიანი ქაღალდების გადაცემის შედეგად;

დ) სახეზეა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

8. განთავსებული კაპიტალის შემცირების შედეგად აქციონერისთვის გადახდა ან მათი მთლიანად ან ნაწილობრივ განთავისუფლება განთავსებულ კაპიტალში შენატანის შეტანისგან დაიშვება მხოლოდ განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არანაკლებ 6 თვის შემდეგ, თუ კრედიტორების ის მოთხოვნები, რომლებიც განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე წარმოიშვა, სააქციო საზოგადოების მიერ დაკმაყოფილდა ან თუ სააქციო საზოგადოებამ უზრუნველყო ასეთი მოთხოვნები ან თუ სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ასეთი დაკმაყოფილება ან მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფა სააქციო საზოგადოების მიერ კრედიტორებს უნდა მიეცეთ, თუ მათ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 6 თვის განმავლობაში განუცხადეს სააქციო საზოგადოებას აღნიშნულის თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა თუ სააქციო საზოგადოების აქტივების გათვალისწინებით კრედიტორების დაცვა საჭირო არ არის. კრედიტორები უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ უზრუნველყოფა იმ შემთხვევაში, თუკი მათი მოთხოვნა სააქციო საზოგადოების მიმართ არ არის ვადამოსული. კრედიტორთა ამ უფლებების შესახებ მითითებულ უნდა იყოს განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაშ