1. ახალი აქციების გამოშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აქციონერს საკუთარი წილის პროპორციულად აქვს ახალი აქციების უპირატესი შესყიდვის უფლება.

2. უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება გაუქმდეს ახალი აქციების გამოშვების შესახებ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება კენჭისყრაში მონაწილე ხმათა უმრავლესობით. ასეთ შემთხვევაში პარტნიორთა კრებაზე წარმოდგენილი უნდა იყოს საერთო ხმათა არანაკლებ 2/3-ის მფლობელი აქციონერები. გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ ხელმძღვანელი ორგანოს წერილობითი მოხსენების საფუძველზე, რომელშიც უნდა მიეთითოს გაუქმების საფუძვლები და დასაბუთდეს აქციის გამოშვების ღირებულება. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით.

3. უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმებად არ ჩაითვლება, თუ ახალი აქციების გამოშვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს ახალი აქციების გამოშვებას ბანკისთვის ან საბროკერო კომპანიისთვის იმ ვალდებულებით, რომ ის მიღებულ აქციებს შესთავაზებს სააქციო საზოგადოების აქციონერებს უპირატესი უფლების გამოყენების მიზნით.

4. სააქციო საზოგადოებამ ხმის უფლების მქონე აქციათა არანაკლებ 1 პროცენტის მფლობელ აქციონერებს აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების შესახებ დაზღვეული წერილით უნდა შეატყობინოს. სააქციო საზოგადოებამ დანარჩენ აქციონერებს აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების შესახებ უნდა შეატყობინოს დაზღვეული წერილით ან ინფორმაციის საკუთარ ვებგვერდზე ან ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებით. სააქციო საზოგადოებამ ამ უფლების გამოყენებისთვის აქციონერებს სულ მცირე 14 დღიანი ვადა უნდა მისცეს. ეს ვადა აითვლება შესაბამისი პირისთვის შეტყობინების ჩაბარების ან ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტიდან.

5. ამ მუხლით დადგენილი წესები შესაბამისად მოქმედებს სააქციო საზოგადოების მიერ აქციებში კონვერტაციის ან აქციებზე გადაცვლის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების გამოშვებაზე ან სასესხო ვალდებულების აღებაზე, თუმცა არა ამ ფასიანი ქაღალდებიდან ან სასესხო ვალდებულებიდან გამომდინარე კონვერტაციის ან გადაცვლის უფლების გამოყენებაზე.

6. თუ სააქციო საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება არ მოქმედებს:

ა) იმ აქციების მიმართ, რომლებიც გამოშვებულია საწარმოს ან მისი შვილობილი საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოთა წევრების, წარმომადგენლების, დასაქმებულების, დაკავშირებული პირების ანაზღაურების გაცემის მიზნით, მათ შორის, მათი კუთვნილი, აქციებში კონვერტირებადი ფასიანი ქაღალდებიდან ან ოფციონებიდან გამომდინარე უფლებების დასაკმაყოფილებლად. თუ ამ მიზნით გამოშვებული აქციები დანიშნულებისამებრ არ იქნა გამოყენებული, მათზე ვრცელდება აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება;

ბ) არაფულადი შენატანის სანაცვლოდ გამოშვებული აქციების მიმართ;

გ) სააქციო საზოგადოების მიერ გამოსყიდული საკუთარი აქციების მიმართ, მათი ხელახალი განთავსების შემთხვევაში.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული აქციონერის მიერ აქციათა უპირატესი შესყიდვის წესები არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიებზე.

8. სააქციო საზოგადოებაში სხვადასხვა კლასის აქციების არსებობის შემთხვევაში, რომელთაც უკავშირდებათ ხმის ან საზოგადოების ქონების განაწილებაში მონაწილეობის განსხვავებული უფლებები, საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს აქციების უპირატესი შესყიდვის უფლების უპირატესი გამოყენების უფლებას იმ კლასის აქციონერების მიერ, რომელთა კლასის აქციათა გამოშვებაც ხდებ