1. სააქციო საზოგადოებას უფლება აქვს, ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობების დაცვით, შეიძინოს და გაასხვისოს საკუთარი აქციები.

2. სააქციო საზოგადოებას საკუთარი აქციებიდან არ წარმოეშობა აქციონერის უფლებები. იგივე წესი ვრცელდება შვილობილი საწარმოს კუთვნილი აქციებიდან გამომდინარე ხმის უფლებაზე.

3. სააქციო საზოგადოების მიერ საკუთარი აქციის გამოსყიდვა დასაშვებია შემდეგი პირობების დაცვით:

ა) პარტნიორთა კრების ნებართვით. ამ შემთხვევაში საკუთარი აქციის გამოსყიდვის შესახებ გაცემული ნებართვა უნდა შეიცავდეს გამოსასყიდი აქციების მაქსიმალურ ოდენობას, ნებართვის მოქმედების პერიოდს არაუმეტეს 5 წლის ვადით და, სასყიდლიანი გამოსყიდვის შემთხვევაში, გამოსყიდვის მინიმალურ და მაქსიმალურ ფასს;

ბ) საკუთარი აქციების გამოსყიდვამ არ უნდა გამოიწვიოს სააქციო საზოგადოების წმინდა აქტივის შემცირება სააქციო საზოგადოების ბოლო დამტკიცებული საფინანსო წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით განთავსებული კაპიტალის თანხის ოდენობაზე ნაკლებ ოდენობამდე, ასევე კანონით ან წესდებით გათვალისწინებული იმ რეზერვების ჯამის ოდენობაზე ნაკლებ ოდენობამდე, რომელთა აქციონერებზე განაწილება დაუშვებელია.

გ) თუ გამოსყიდვა ეხება მხოლოდ იმ აქციას, რომლის შენატანიც ბოლომდეა განხორციელებული.

4. საკუთარი გამოსყიდული აქციების ნომინალური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს განთავსებული აქციების 25 პროცენტს. იგივე წესი გამოიყენება ამ კანონის 158-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულებასთან მიმართებაშიც, როცა ნომინალური ღირებულება განსაზღვრული არ არის.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გამოსყიდვა დაუშვებელია, თუ გამოსყიდვის მომენტში სააქციო საზოგადოება გადახდისუუნაროა ან აქციათა გამოსყიდვის შედეგად ის შეიძლება გადახდისუუნარობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

6. საკუთარი აქციები, რომლებიც შეძენილი ან გამოსყიდულია სააქციო საზოგადოების მიერ განთავსებული კაპიტალის შემცირების მიზნით, ექვემდებარება გაუქმებას ხელმძღვანელი ორგანოს მიერ.

7. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, სააქციო საზოგადოება ვალდებულია 1 წლის ვადაში გაასხვისოს გამოსყიდული აქციები. თუ ამ ვადაში არ მოხდა გამოსყიდული აქციების გასხვისება, ისინი უნდა გაუქმდეს და შემცირდეს განთავსებული კაპიტალი.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული წესები ვრცელდება აგრეთვე მესამე პირის მიერ საკუთარი სახელით და სააქციო საზოგადოების დავალებით აქციის შეძენის შემთხვევაზე.

9. სააქციო საზოგადოების მიერ საკუთარი აქციების შეძენის შემთხვევაში, ამ აქციებიდან გამომდინარე უფლებები ჩერდება.

10. სააქციო საზოგადოების მიერ საკუთარი აქციების შეძენის შემთხვევაში, ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა აისახოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაცია.

11. სააქციო საზოგადოების მიერ უშუალოდ, ან ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პირის მეშვეობით სააქციო საზოგადოების აქციების უზრუნველყოფის საშუალების სახით გამოსაყენებლად დაშვებაზე შესაბამისად ვრცელდება საკუთარი აქციების შეძენის მიმართ ამ მუხლით დადგენილი წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უზრუნველყოფის საშუალებად აქციების გამოყენება ხდება კომერციული ბანკების ან სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში.

12. სააქციო საზოგადოების მიერ სხვა სააქციო საზოგადოებაში ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხმის უფლების მქონე აქციების ან წილების ნახევარზე მეტის ფლობის ან სხვაგვარად დომინანტურ მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში, აღნიშნული სააქციო საზოგადოების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ სააქციო საზოგადოების წილის შეძენა ან ფლობა განიხილება, როგორც ამ მუხლით გათვალისწინებული საკუთარი აქციის შეძენა და მასზე გავრცელდება შესაბამისი მოწესრიგება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენი არის ნომინალური მფლობელი და არ მოქმედებს სააქციო საზოგადოების ან იმ საზოგადოების სახელით ან დავალებით რომელშიც სააქციო საზოგადოება ფლობს ხმის უფლების მქონე აქციების ან წილების ნახევარზე მეტს ან იმყოფება სხვამხრივ დომინანტურ მდგომარეობაშ