1. სდპ-ის სამეთვალყურეო საბჭოში იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელიც შედგება სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და, სულ მცირე, ერთი დამოუკიდებელი წევრისგან. დამოუკიდებელ წევრად მიიჩნევა პირი, რომელიც სამართლებრივად ან/და ეკონომიკურად დაკავშირებული არ არის საწარმოსთან, მათ შორის, არ ფლობს ამ საწარმოს აქციებს/წილებს და არ იღებს აღნიშნული საწარმოდან ანაზღაურებას ან სხვა ეკონომიკურ სარგებელს, გარდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის ან/და აუდიტის კომიტეტის წევრობისთვის დადგენილი ანაზღაურებისა.

2. იმ სდპ-ში, რომელშიც სამეთვალყურეო საბჭო არ არის, იქმნება დამოუკიდებელი აუდიტის კომიტეტი, რომლის წევრებიც არიან პარტნიორთა კრების მიერ განსაზღვრული ვადით არჩეული დამოუკიდებელი პირები.

3. აუდიტის კომიტეტის წევრი არ შეიძლება იყოს სამეთვალყურეო საბჭოს ის წევრი, რომელიც ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილებას ახორციელებს.

4. აუდიტის კომიტეტის წევრი უნდა იყოს საწარმოს საქმიანობის სფეროში კომპეტენტური პირი. აუდიტის კომიტეტის სულ მცირე ერთი წევრი უნდა იყოს ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში ან/და აუდიტის სფეროში კომპეტენტური პირი.

5. აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარეს აუდიტის კომიტეტის წევრთაგან ირჩევს სდპ-ის სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო იმ სდპ-ში, რომელშიც სამეთვალყურეო საბჭო არ არის, − პარტნიორთა კრება. სდპ-ის სამეთვალყურეო საბჭომ/პარტნიორთა კრებამ აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ უნდა აირჩიოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დამოუკიდებელი პირი.

6. აუდიტის კომიტეტის ფუნქციაა, ზედამხედველობა გაუწიოს:

ა) ფინანსური ანგარიშგების შედგენის პროცესს;

ბ) ხარისხის კონტროლის, რისკების მართვისა და, საჭიროების შემთხვევაში, ფინანსური ინფორმაციის შიდა აუდიტის ეფექტიანობას;

გ) ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის განხორციელებას ხარისხის კონტროლის მონიტორინგის ანგარიშში ასახული დასკვნების გათვალისწინებით;

დ) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა (მათ შორის, დამოუკიდებლობის შესახებ ნორმების) დაცვას.

7. აუდიტის კომიტეტი სამეთვალყურეო საბჭოს, მისი არარსებობის შემთხვევაში კი − პარტნიორთა კრებას, აწვდის ინფორმაციას განხორციელებული აუდიტის შედეგების, ფინანსური ანგარიშგების უტყუარობაზე აუდიტის გავლენის და ამ პროცესში კომიტეტის მონაწილეობის შესახებ.

8. აუდიტის კომიტეტი გამოსცემს რეკომენდაციებს ფინანსური ინფორმაციის უტყუარობის უზრუნველყოფისა და პარტნიორთა კრების მიერ შესარჩევი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შესახებ.

9. აუდიტის კომიტეტი სამეთვალყურეო საბჭოს, მისი არარსებობის შემთხვევაში კი − პარტნიორთა კრებას, რეგულარულად წარუდგენს საქმიანობის შესახებ ანგარიშს და დაუყოვნებლივ ატყობინებს მათი ფუნქციების განხორციელებისას წარმოშობილი წინააღმდეგობების შესახებ.

10. ეს მუხლი არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ანგარიშვალდებულ საწარმოებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, მზღვეველებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით, საინვესტიციო კომპანიებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით, და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი