1. ხელმძღვანელი პირი ან ხმათა 20 პროცენტის ან მეტის მფლობელი პარტნიორი ვალდებულია პარტნიორთა კრებას ან სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო მონისტურ სისტემაში პარტნიორთა კრებას ან ხელმძღვანელ ორგანოს ფაქტის შეტყობისთანავე აცნობოს დადებული ან დასადები ისეთი გარიგების თაობაზე, რომლის მიმართ ის დაინტერსებული პირია, ასევე მისი დაინტერესების ხასიათზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი დაინტერესებულ პირად ითვლება, თუ ის, ან მასთან დაკავშირებული პირი:
ა) არის გარიგების მეორე მხარე;
ბ) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს იმ სამეწარმეო საზოგადოების წილთა 20 ან მეტ პროცენტს, რომელიც არის გარიგების მეორე მხარე;
გ) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს იმ სამეწარმეო საზოგადოების წილთა 20 ან მეტ პროცენტს, რომლის სულ მცირე 20 პროცენტიანი წილის მესაკუთრე არის გარიგების მეორე მხარე;
დ) არის იმ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც არის გარიგების მეორე მხარე;
ე) გარიგების შედეგად იღებს სარგებელს, რომელიც არ არის დაკავშირებული სამეწარმეო საზოგადოებაში წილის ფლობასთან ან ხელმძღვანელი ორგანოს წევრობასთან;
ვ) ასეთად ითვლება წესდების თანახმად.
3. ამ კანონის მიზნებისთვის, დაკავშირებული პირი განიმარტება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. გარიგება დაინტერესებული პირის მონაწილეობით წინასწარ უნდა დამტკიცდეს სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო ამ უკანასკნელის არარსებობისას, პარტნიორთა კრების მიერ. დაინტერესებულ პირებს ეკრძალებათ ამ საკითზე ხმის მიცემა სამეწარმეო საზოგადოების ნებისმიერ ორგანოში.
5. თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა დაინტერესებული პირია, გარიგება უნდა დამტკიცდეს პარტნიორთა კრების მიერ.
6. გადაწყვეტილება იმ გარიგების დამტკიცების შესახებ, რომელშიც მონაწილეობდა დაინტერესებული პირი, უნდა შეიცავდეს მითითებას ასეთი პირის დაინტერესების ხასიათზე, მოცულობასა და გარიგების სხვა მნიშვნელოვან პირობებზე.
7. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ სამეწარმეო საზოგადოებაზე, რომელშიც მხოლოდ ერთი პარტნიორია და რომელიც იმავდროულად სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირია, ასევე - გარიგებებზე, რომლებიც იდება სამეწარმეო საზოგადოებასა და მის 100 პროცენტიან შვილობილ საწარმოს ან 100 პროცენტიან პარტნიორს შორის.
8. თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაჰენტისთვის ცნობილი იყო ინტერესთა კონფლიქტის არსებობისა და სამეწარმეო საზოგადოების ნებართვის არარსებობის შესახებ, სამეწარმეო საზოგადოებას აქვს ასეთი ხელშეკრულების შეცილების უფლება.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევით გარიგების დადების შემთხვევაში, დამრღვევი ვალდებულია, აანაზღაუროს სამეწარმეო საზოგადოებისთვის ამ გარიგების დადებით ან მისი შესრულებით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ინტერესთა კონფლიქტის არარსებობისას გარიგება დაიდებოდა არსებითად იგივე პირობები