1. ხელმძღვანელ პირს არ აქვს უფლება სამეწარმეო საზოგადოების თანხმობის გარეშე განახორციელოს იგივე საქმიანობა, რასაც ეწევა სამეწარმეო საზოგადოება ან იყოს მსგავს სფეროში მოქმედი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი. ხელმძღვანელ პირთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებით აღნიშნული ვალდებულება შეიძლება ძალაში დარჩეს თანამდებობიდან მისი წასვლის შემდეგაც, მაგრამ არაუმეტეს 3 წლის ვადით. ამ ვალდებულების დარღვევისათვის, შესაძლებელია, გათვალისწინებულ იქნეს კომპენსაცია, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება სასამსახურო ხელშეკრულებით ან მხარეთა დამატებით შეთანხმების საფუძველზე. კონკურენციის აკრძალვის წესის დარღვევის შემთხვევაში, სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია სამეწარმეო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანისათვის დამრღვევს მოსთხოვოს კომპენსაციასთან ერთად შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდაც. სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია, კომპენსაციის ნაცვლად, დამრღვევისგან მოითხოვოს საკუთარი ან მესამე პირის სახელით დადებული გარიგებიდან დამრღვევის მიერ მიღებული სარგებლის სამეწარმეო საზოგადოებისთვის გადაცემა ან ამგვარი სარგებლის მიღების უფლების დათმობა. ამ უფლების გამოყენება შეუძლიათ ხელმძღვანელ ორგანოს, სხვა ხელმძღვანელ პირებს და სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში - თითოეულ პარტნიორს.
2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კომანდიტურ საზოგადოებაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობის გაცემა შეუძლია პარტნიორთა კრებას, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – იმ ორგანოს, რომელიც ნიშნავს ხელმძღვანელ პირს. თანხმობა შეიძლება გაიცეს როგორც ზოგადად, ისე მხოლოდ კონკრეტულ საქმიანობაზე, გარიგებათა სახეზე და სამეწარმეო საზოგადოებაში მონაწილეობაზე. დაუშვებელია თანხმობის გაცემაზე დაუსაბუთებლად უარის თქმა.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ საქმიანობაზე თანხმობა გაცემულად ჩაითვლება, თუ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელად დანიშვნისას პარტნიორებისათვის ცნობილი იყო, რომ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ეწეოდა ასეთ საქმიანობას და ამ საქმიანობის შეწყვეტა მისთვის არ მოუთხოვია