ამ წესების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კანონი – „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
გ) ქსელის წესები – კანონის შესაბამისად დამტკიცებული ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესები;
დ) ბაზარი – საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი, სადაც ელექტროენერგეტიკული სისტემის რეალურ დროში დაბალანსების მიზნით ორგანიზებულია საბალანსო პროდუქტითა და დამხმარე მომსახურებებით ვაჭრობა;
ე) ბაზრის ოპერატორი – კომისიის მიერ ლიცენზირებული საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირებას საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის სეგმენტისათვის;
ვ) უბალანსობა – ელექტროენერგიის მოცულობა, რომელიც წარმოადგენს უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გაყიდული ან/და შესყიდული, ფაქტობრივად გამომუშავებული ან/და მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობებს შორის სხვაობას;
ზ) მზარდი უბალანსობა – დაბალანსების ჯგუფის მიერ გამოწვეული უბალანსობა, რომელიც უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში ზრდის ელექტროენერგეტიკული სისტემის უბალანსობას;
თ) შემამსუბუქებელი უბალანსობა – დაბალანსების ჯგუფის მიერ გამოწვეული უბალანსობა, რომელიც უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში ამცირებს ელექტროენერგეტიკული სისტემის უბალანსობას;
ი) უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდი – დროის მონაკვეთი, რა პერიოდისთვისაც ხდება დაბალანსების ჯგუფის უბალანსობის მოცულობის გამოთვლა. ერთი უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდი უდრის 60 წუთს;
კ) საანგარიშო პერიოდი – დროის მონაკვეთი, რა პერიოდისთვისაც ბაზარზე ხორციელდება უბალანსობის ანგარიშსწორება. ერთი საანგარიშო პერიოდი მოიცავს 1 კალენდარულ თვეს;
ლ) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი – პირი, რომელიც კვალიფიცირებულია გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის საბალანსო პროდუქტის მიწოდებაზე;
მ) ლიკვიდურობის უზრუნველმყოფი პირი – დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი, რომელსაც ბაზრის ოპერატორთან დადებული აქვს ბაზრის ლიკვიდურობის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ნაკისრი აქვს, ბაზრის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული მოცულობის საბალანსო პროდუქტის მიწოდების ვალდებულება;
ნ) საბალანსო პროდუქტი – საბალანსო სიმძლავრისა და საბალანსო ელექტროენერგიის ამ წესების დანართით განსაზღვრული პროდუქტი, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზრის ოპერატორისათვის ბაზარზე შესასყიდად;
ო) საბალანსო სიმძლავრე – საბალანსო სიმძლავრის მოცულობა, რომლის ხელმისაწვდომობასა და ბაზარზე შესაბამისი სატენდერო წინადადების ბაზრის ოპერატორისთვის წარდგენაზე დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა განაცხადა თანხმობა;
პ) სიხშირის აღდგენის რეზერვი – საბალანსო სიმძლავრე, რომელიც განკუთვნილია სიხშირის ნომინალური მაჩვენებლის აღსადგენად და გააჩნია ამ წესებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლები. სიხშირის აღდგენის რეზერვი შეიძლება იყოს სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვი ან სიხშირის ხელის მართვით აღდგენის რეზერვი;
ჟ) სიხშირის შენარჩუნების რეზერვი – საბალანსო სიმძლავრე, რომელიც განკუთვნილია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში უბალანსობის დროს სიხშირის ნომინალური მაჩვენებლის შესანარჩუნებლად და გააჩნია ამ წესებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლები;
რ) თვითდისპეტჩირების პრინციპი – დაგეგმვისა და დისპეტჩირების მოდელი, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების საათობრივი გრაფიკის, ასევე, ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების საშუალებების განსაზღვრას მათ დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ;
ს) ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემა – ბაზრის პროგრამული უზრუნველყოფის ელექტრონული პორტალი, რომლის მეშვეობითაც მიმდინარეობს ბაზრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონული გაცვლა;
ტ) სატენდერო წინადადება – სატენდერო შეთავაზება, რომელსაც ამ წესებისა და ბაზრის ოპერატორის მიერ წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი წარადგენს საბალანსო პროდუქტის მიწოდებაზე ბაზრის ოპერატორის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში;
უ) ტრანზაქცია – ტრანზაქცია, რომელიც ხორციელდება ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების ან/და დღით ადრე ბაზარზე განთავსებული და დაკმაყოფილებული განაცხადის საფუძველზე;
ფ) რანჟირების სია – სატენდერო წინადადებების სია, რომელიც ასახავს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გასააქტიურებელი საბალანსო ელექტროენერგიის თანმიმდევრობას და რომელიც დალაგებულია (რანჟირებულია) სატენდერო წინადადებებით განსაზღვრული ელექტროენერგიის ფასის (მეგავატ-საათი) მიხედვით, მინიმალურიდან მაქსიმალურამდე;
ქ) სატენდერო ზონა – ტერიტორიული არეალი, რომელშიც ხორციელდება ელექტროენერგიით ვაჭრობა უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, ერთიანი საბაზრო ფასით;
ღ) ნომინაცია – ბაზრის ოპერატორისთვის წარდგენილი შეტყობინება, რომელიც ასახავს ტრანზაქციებს სატენდერო ზონაში და რომელიც უნდა მიუთითებდეს ქსელიდან ელექტროენერგიის დაგეგმილ მიღებაზე ან გაცემაზე;
ყ) შიდაზონალური ნომინაცია – სატენდერო ზონის ფარგლებში განსახორციელებელი ტრანზაქცია;
შ) ტრანსსასაზღვრო ნომინაცია – სატენდერო ზონის ფარგლებს გარეთ განსახორციელებლი ტრანზაქცია;
ჩ) გააქტიურება – ბაზრის ოპერატორის მითითების საფუძველზე, ხელით მართული ან ავტომატური დაბალანსების მომსახურების მიწოდება;
ც) გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგია – ელექტროენერგიის მოცულობა (მეგავატ-საათი), რომელსაც, შერჩეული სატენდერო წინადადების საფუძველზე, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი აწვდის გადამცემი სისტემის ოპერატორს უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში;
ძ) შიდა შესაბამისობა – თითოეული უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდისათვის დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დაბალანსების ჯგუფისთვის ნომინირებული ტრანზაქციის შესაბამისობა (ტოლობა) ამავე დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ შესაბამისი დაბალანსების ჯგუფისთვის ნომინირებულ, გაყიდულ ან შესყიდულ ელექტროენერგიის მოცულობასთან;
წ) გარე შესაბამისობა – თითოეული უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდისათვის დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დაბალანსების ჯგუფისთვის ნომინირებული ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია, რომელიც შეესაბამება მეზობელი გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ იმავე ტრანზაქციიის თაობაზე წარდგენილ ინფორმაციას;
ჭ) მიწოდების დღე – 24-საათიანი კალენდარული დღე, როდესაც ხორციელდება ელექტროენერგიის მიწოდება და რომელიც იწყება ცენტრალური ევროპის დროით 00.00.00 საათზე და გრძელდება მომდევნო დღის 00.00.00 საათამდე;
ხ) ზღვრული ფასწარმოქმნის პრინციპით ანგარიშსწორება – ანგარიშსწორება ერთიანი ფასის მექანიზმის შესაბამისად, რომელიც დროის განსაზღვრულ მომენტში ყველა ტრანზაქციისათვის ერთსა და იმავე ფასს ითვალისწინებს და უტოლდება ზღვრული ფასწარმოქმნის პრინციპის მიხედვით შერჩეულ ბოლო სატენდერო წინადადების ფასს;
ჯ) გაცხადებული ფასის პრინციპით ანგარიშსწორება – ანგარიშსწორების მექანიზმი, სადაც თითოეული ტრანზაქციის ფასი განისაზღვრება შერჩეული სატენდერო წინადადების ფასის შესაბამისად;
ბაზრის ორგანიზე