1.ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კომერციული იახტა – ძრავიანი ან იალქნიანი იახტა, რომელიც განკუთვნილია კომერციული მიზნებისთვის და გამოიყენება სპორტული მიზნით ან/და გართობისთვის/დასასვენებლად, ამასთან არ უზრუნველყოფს ტვირთის გადაზიდვას და 12-ზე მეტი მგზავრის გადაყვანას;
ბ) გასართობი იახტა – სასეირნო იახტა, გათვალისწინებული მხოლოდ მესაკუთრის და მისი სტუმრების დასვენებისა და გართობისთვის;
გ) იახტსმენი – იახტის ეკიპაჟის წევრი, რომელიც სერტიფიცირებულია სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო საწვრთნელ დაწესებულებაში ან სხვა ქვეყნების მიერ აღიარებულ საერთაშორისო საზღვაო საწვრთნელ დაწესებულებაში;
დ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“;
ე) დანიშნული/აღიარებული შემმოწმებელი (სურვეიერი) – სააგენტოს მიერ დანიშნული/აღიარებული შემმოწმებელი (სურვეიერი), რომელიც უფლებამოსილია, ჩაატაროს შემოწმება და მოახდინოს იახტის სერტიფიცირება წინამდებარე წესის შესაბამისად;
ვ) დამტკიცებული – სააგენტოს ან აღიარებული ორგანიზაციის მიერ იახტის მასალებისა და მოწყობილობების დამტკიცება;
ზ) აღიარებული ორგანიზაცია – სააგენტოს მიერ „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ II1 თავის შესაბამისად აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოება;
თ) მაშველი თოკი – თოკი, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (შემდეგში – IMO) სამაშველო მოწყობილობების საერთაშორისო კოდექსით (Life-Saving Appliance Code შემდგომში LSA კოდექსი) გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ი) ახალი იახტა – იახტა, რომლის კილი განთავსდა ან მშენებლობა დაიწყო წინამდებარე ბრძანების კანონიერ ძალაში შესვლიდან;
კ) არსებული იახტა – იახტა, რომელიც არ წარმოადგენს ახალ იახტას;
ლ) მართვის ადგილი – ის სივრცეები, რომლებშიც განთავსებულია გემის რადიოან/და ძირითადი სანავიგაციო მოწყობილობები ან კვების ავარიული წყაროები, ან სადაც თავმოყრილია ხანძრის შემთხვევების აღრიცხვის ან ხანძრის მართვისთვის განკუთვნილი მოწყობილობები;
მ) ეფექტიანობა – სამონტაჟო სამუშაოებთან, აღჭურვილობის დეტალსა თუ მასალასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს, რომ მიღებულ იქნა ყოველგვარი გონივრული და პრაქტიკული ზომა მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის;
ნ) საცხოვრებელი სივრცე – სივრცე, რომლებიც გამოიყენება საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეების, საპირფარეშოების, კაიუტების, ოფისების, პრეპარატებისთვის განკუთვნილი საცავების, კინოთეატრების, გასართობი სივრცეების, ჯანმრთელობისა და სილამაზის ზონების, სამზარეულოს მოწყობილობების არმქონე სათავსოების და მსგავსი სივრცეების სახით;
ო) ფანჯარა – გემის ილუმინატორი, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი ფორმის ფანჯარას, ხელსაყრელს გემებზე დასამონტაჟებლად;
პ) LLC – სატვირთო მარკის შესახებ 1966 წლის საერთაშორისო კონვენცია და მისი შემდგომი რედაქციები;
ჟ) ელექტროენერგიის ავარიული წყარო – ელექტროენერგიის წყარო, გათვალისწინებული ავარიული გამანაწილებელი დაფის კვებისთვის, ელექტროენერგიის ძირითადი წყაროდან მომარაგების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში;
რ) EPIRB – ავარიული ადგილმდებარეობის იდენტიფიცირების რადიოთანამგზავრული სისტემა, ხიფათში მყოფი გემის და მისი ადგილმდებარეობის იდენტიფიცირების თანამგზავრული რადიოტივტივა სიგნალს აგზავნის თანამგზავრული სისტემის სახმელეთო სადგურზე წარმოდგენილი დედამიწაზე არსებულ სადგურში მობილურ-თანამგზავრულ მომსახურებაში, რომლის გამოსხივებაც გათვალისწინებულია საძიებო-სამაშველო ოპერაციების ხელშეწყობისთვის და რომელსაც შეუძლია:
რ.ა) თავისუფლად ტივტივი და ავტომატურად გააქტიურება გემის ჩაძირვის შემთხვევაში;
რ.ბ) მექანიკურად ხელით გააქტიურება;
რ.გ) ერთი ადამიანის მიერ გადატანა;
ს) ავარიული გამანაწილებელი დაფა – გამანაწილებელი პანელი, რომელიც ელექტროენერგიის მიწოდების მთავარი სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მომარაგდება პირდაპირ ელექტროენერგის ავარიული წყაროდან და გაანაწილებს ელექტროენერგიას ავარიულ სამსახურებს შორის;
ტ) სამაშველო ნავის ჩაშვება – სამაშველო ტივის წყალში ჩაშვების მეთოდი, რა შემთხვევაშიც სამაშველო ტივი ავტომატურად შორდება ჩასაძირ/ჩაძირულ გემს და ის მზად არის გამოყენებისთვის, LSA კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
უ) წყალზედა ბორტი – მანძილი, რომელიც იზომება ვერტიკალურად დაღმავალი მიმართულებით გემის შუა ნაწილში გემბანის ხაზის ზედა კიდიდან შესაბამისი სატვირთო მარკის ზედა კიდემდე;
ფ) წყალზედა ბორტის გემბანი – ყველაზე მაღლა განთავსებული გემბანი, რომელიც ექვემდებარება ამინდის და ზღვის პირობების ზემოქმედებას, რომელსაც გააჩნია ნებისმიერი მეტეოროლოგიური პირობის არსებობისას ღიობების მუდმივად დახურვის შესაძლებლობა და რომლის დაბლაც იახტის გვერდებზე არსებული ღიობები აღჭურვილია წყალგაუმტარი უწყვეტი დახურვის საშუალებებით;
ქ) ბორტზე ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციები – ინსტრუქციები, რომლებიც აკმაყოფილებს ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ კონვენციის (შემდეგში – SOLAS) III /B ნაწილის – სამაშველო მოწყობილობები და საშუალებები 36-ე რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ღ) სატვირთო მარკის სიგრძე – LLC-ის I დანართის თანახმად სიგრძე, რომელიც აღებულ იქნება, როგორც მთლიანი სიგრძის 96% იახტის წყალხაზზე კილის ზედა ნაწილიდან მინიმუმ ბორტის თეორიულად გაზომილი სიმაღლის 85%-ზე, ან სიგრძეს ხომალდის ცხვირიდან საჭის ღერძამდე იმავე წყალხაზზე, თუ ეს უკანასკნელი უფრო დიდი იქნება;
ყ) სამანქანე განყოფილება – ყველა A კატეგორიის სამანქანე განყოფილება და ნებისმიერი სხვა სივრცე, სადაც განთავსებულია ძრავები, საქვაბეები, საწვავის დანადგარები, ორთქლის ძრავა და შიდაწვის ძრავები, გენერატორები და მთავარი ელექტროაპარატურა, საწვავის მიღების მოწყობილობა, სამაცივრე, სტაბილიზაციის, სავენტილაციო და კონდიცირების აპარატები, ასევე მსგავსი სივრცეები და ამგვარ სივრცეებში შემავალი სავენტილაციო შახტები;
შ) A კატეგორიის სამანქანე განყოფილება – ის სივრცეები და მათში შემავალი სავენტილაციო შახტები, რომლებშიც განთავსებულია:
შ.ა) შიდაწვის დანადგარი, რომელიც გამოიყენება მთავარი ძალური დანადგარისთვის; ან
შ.ბ) შიდაწვის აპარატურა, რომელიც გამოიყენება სხვა მიზნებისთვის, გარდა მთავარი ძალური დანადგარისა, რა შემთხვევაშიც აღნიშნული აპარატურის სიმძლავრე შეადგენს არანაკლებ 375 კილოვატს (კვტ); ან
შ.გ) ნებისმიერი სხვა ნავთობის საწვავი დანადგარი;
ჩ) საჭის ძირითადი მექანიზმი – მექანიზმი, საჭე, აქტივატორები, საჭით მართვის ძალური დანადგარები და დამხმარე მოწყობილობები, ასევე საჭესთან აუცილებელი მგრეხი მომენტის გამოყენების საშუალებები, რაც აუცილებელია საჭის მოძრაობაში მოსაყვანად;
ც) მთავარი გამანაწილებელი დაფა – გამანაწილებელი პანელი, რომელიც ელექტროენერგიას იღებს პირდაპირ ელექტროენერგიის მთავარი წყაროდან და უზრუნველყოფს ელექტროენერგიის განაწილებას გემის შესაბამის სამსახურებს შორის;
ძ) მთავარი ვერტიკალური ზონა – მონაკვეთები, სადაც კორპუსი, დაშენება და გემბანის სალონი დაყოფილია A კლასის გამყოფი ტიხრებით, რომლის საშუალო სიგრძე ნებისმიერ გემბანზე, როგორც წესი, არ აღემატება 40 მეტრს;
ჭ) ელექტროენერგიის მთავარი წყარო – მთავარი გამანაწილებელი დაფის მიმართ ყველა სამსახურს შორის განაწილების მიზნით ელექტროენერგიის მიწოდების წყარო, გემის ნორმალურ საოპერაციო და საექსპლუატაციო მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;
ხ) წყალგაუმტარი – სტრუქტურაში ნებისმიერი მიმართულებით წყლის გავლის პრევენციის შესაძლებლობა;
ჯ) ღია გემბანი – ყველაზე ზემოთ მდებარე, სრულყოფილი, ამინდის პირობებთან მდგრადი გემბანი, რომელიც წარმოადგენს გემის კორპუსის განუყოფელ ნაწილს და ექვემდებარება ზღვისა და ამინდის ზემოქმედებას;
ჰ) ამინდგამძლეობა – ზღვაზე ნებისმიერ პირობებში წყალის ვერ შეღწევა იახტაში.
ჰ1) მესაჭის ადგილი – მევახტის მიერ დაკავებული საკონტროლო პოზიცია, გემის უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად.
2. ტერმინები, რომლებიც არაა განსაზღვრული ამ წესში განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და LSA კოდექსის შესაბამისა