1. ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში უზრუნველყოს მარშრუტზე მომსახურების გაწევა დადგენილი სატრანსპორტო სქემით  და  დადგენილი რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;

ბ) ნებართვის გამცემის მიერ მარშრუტის სატრანსპორტო სქემის შეცვლის შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალებების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის გაზრდას, ცვლილების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება შეცვლილი სატრანსპორტო სქემის შესაბამისად;

გ) ,,ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, ასევე სატრანსპორტო სქემის შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების  რაოდენობის ცვლილების (გაზრდისა და შემცირების)  შემთხვევაში მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ნებართვის გამცემის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

დ) კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების დღიდან საკონკურსო განაცხადით წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად, მაგრამ არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს მხოლოდ მისი საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით  ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეცვლის, აგრეთვე მძღოლების შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს;

ე) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში საკუთრებაში ან ოფიციალურად დამოწმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობაში იყოლიოს საკონკურსო განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა;

ვ) მომსახურების განხორციელებისას უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების  შენახვა–ექსპლუატაციის წესები, ხოლო უსაფრთხოების ტექნიკისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების მიზნით “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე–10, მე–11, მე–12 და მე–13 მუხლებით, მე–20 მუხლის  მე–4 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“  ქვეპუნქტებით, 21–ე მუხლის მე–3 პუნქტით, მე–13 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 41–ე მუხლის მე–7 პუნქტით და მე–8 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.

ზ) ავტოსატრანსპორტო სშუალებების ტექნიკური მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან სტაბილური შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით დაიცვას ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის 2007 წლის 25 დეკემბრის №158 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი ,,ავტოსტრანსპოტო საშუალების სერვისის წესი“-ს მოთხოვნები;

თ) ხაზზე გაშვებისას უზრუნველყოს თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების   სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა;

ი) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკუთრებაში/ან სარგებლობაში იქონიოს მინიმუმ ერთი ავტოსატრანსპორტო ბაზა;

კ) დაიცვას მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები;

ლ) თანამშრომელთა სამუშაოზე მიღებისას დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროფესიული შესატყვისობის მოთხოვნები, მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმი;

მ) უზრუნველყოს ნებართვის გამცემთან შეთანხმებული უნიფორმით (შემოღების შემთხვევაში) მომსახურების განმახორციელებელი ყველა მძღოლის შემოსვა;

ნ) მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის პროცესში არ დაუშვას მძღოლის მიერ თამბაქოს მოხმარება;

ო) მომსახურების განხორციელებისას აანაზღაუროს მგზავრისთვის მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია მგზავრის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით;

პ) უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა მარშრუტის მაჩვენებელი დადგენილი ნიმუშის ფირნიშნებით(ელექტრონული ტაბლოებით),მარშრუტის სატრანპორტო სქემით, მოძრაობის განრიგის ცხრილით,  მგზავრისათვის თვალსაჩინო ადგილას  განათავსოს ტაბლო მძღოლის სურათის, სახელისა და გვარის, ნებართვის მფლობელის დასახელების,  ცხელი ხაზის ნომრის და  მგზავრობის ღირებულების აღნიშვნით;

ჟ) აწარმოოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყოველდღიური სადისპეტჩერო აღრიცხვა-რეგულირება;

რ) დაიცვას საწყის, შუალედურ და საბოლოო გაჩერებებზე დგომის წესები, სისუფთავის და ჰიგიენური ნორმები. არ დაუშვას მგზავრთა აყვანა და ჩასვლა ნებადართული გაჩერებების გარდა. ნებართვის გამცემის მოთხოვნით, ასევე საჭიროების შემთხვევაში ნებართვის გამცემთან შეთანხმებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათავსოს ბიოტუალეტები;

ს) უზრუნველყოს მარშრუტის მუშაობის დაწყება-დამთავრების დროისა და ინტერვალის დაცვა;

ტ) არ დაუშვას  ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დადგენილ მგზავრთა ტევადობაზე მეტი მგზავრის გადაყვანა;

უ) მომსახურების გაწევა განახორციელოს დადგენილი ტარიფის (თუ მომსახურების გაწევა  არის რეგულირებადი ეკონომიკური სფერო) ან მის მიერ, ნებართვის გამცემთან შეთანხმებული  მგზავრობის ფასის (თუ მომსახურების გაწევა არ არის რეგულირებადი ეკონომიკური სფერო) შესაბამისად;

ფ) მომსახურების განხორციელების დაწყებამდე ნებართვის გამცემს მიაწოდოს ინფორმაცია მგზავრობის ფასის ცვლილების შესახებ. შემდგომში მგზავრობის ფასის შეცვლის უფლება ნებართვის მფლობელს ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მინიმუმ 1 თვით ადრე აცნობებს ამის შესახებ ნებართვის გამცემს;

ქ) აწარმოოს მგზავრის საჩივრების აღრიცხვა, მოაწყოს ცხელი ხაზი;

ღ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამა განათავსოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ ნებართვის გამცემის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში;

ყ) გადაიხადოს ნებართვის გაცემის ფასი დადგენილი წესით;

შ) ნებართვის მფლობელის მძღოლების ან სხვა ტექნიკური პერსონალის გაფიცვის ან ადმინისტრაციის ლოკაუტის შემთხვევაში არ დაუშვას მომსახურების სრული შეწყვეტა რომელიმე მარშრუტზე 1 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, ხოლო მომსახურების შეზღუდვა 3 დღეზე მეტ ხანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნებართვის გამცემს წინასწარ 2 დღით ადრე წერილობით შეატყობინებს მოსალოდნელი გაფიცვის ან ლოკაუტის შესახებ;

ჩ) ნებართვის გამცემს ნებართვის გაუქმების შესახებ მოთხოვნა წარუდგინოს მინიმუმ 3 თვით ადრე;

ც) ნებართვის ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ძ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, ნებართვის გამცემს აქვს უფლება მგზავრთა სატრანსპორტო მომსახურების  განხორციელება  უზრუნველყოს ადმინისტაციული ხელშეკრულების საფუძველზე.

ძ) არ დაუშვას ნებართვის გამცემის შეუტყობინებლად ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების გარეშე ნებართვის სხვა პირისათვის ნებისმიერი ფორმით გადაცემა.

წ) ხელი შეუწყოს უფლებამოსილ შემმოწმებელს მუშაობაში;

ჭ) წარუდგინოს ნებართვის გამცემს ყველა საჭირო ინფორმაცია ნებართვის გამოყენების შესახებ ნებართვის გამცემის მიერ დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად;

ხ) დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის წილზე ან მის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) წარმოშობის შესახებ, ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ;

ჯ) სრულად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

2. ნებართვის მფლობელს უფლება აქვს:

ა) იმუშაოს მარშრუტზე სანებართვო პირობების დაცვით;

ბ) მგზავრებისაგან მიიღოს სატრანსპორტო მომსახურების ტარიფით დადგენილი მგზავრობის საფასური;

გ) ფორსმაჟორის ან სხვა შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია მარშრუტის დაცვა, ნებართვის გამცემის თანხმობით და მის მიერ დადგენილი სქემით, დროებით შეცვალოს მუშაობის რეჟიმი, მოძრაობის განრიგი, შეწყვიტოს ან გარკვეულ მონაკვეთზე შეცვალოს დადგენილი მარშრუტი, თუ შეუძლებელია ნებართვის გამცემის თანხმობის მიღება, მომსახურებაში განხორციელებული ცვლილების შესახებ აცნობოს ნებართვის გამცემს დაუყოვნებლივ.

დ) საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით შეცვალოს ავტოსატრანსპორტო საშუალება მისი კატეგორიის, არაუმეტესი ხნოვანების და უკეთესი ტექნიკური მდომარეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და  ამ ცვლილების შესახებ  დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს;

ე) შეცვალოს მძღოლი სხვა მძღოლით, თუ ის ფლობს  ტრანსპორტის სახეობის მიხედვით ნებადართული კატეგორიის მართვის მოწმობას.

ვ) ნებართვის გამცემს წარუდგინოს წინადადებები მომსახურების უკეთესად ორგანიზების შესახებ;

ზ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

3. ნებართვის მფლობელი ვალდებულია:

ა) მძღოლად დასაქმება შესთავაზოს ნებართვის გაცემამდე მომსახურების განმახორციელებელ მძღოლებს იმავე პირობებით, რასაც შესთავაზებს მესამე პირებს.

ბ) ნებართვის მიღებისთანავე და შემდგომში პერიოდულად ავტოსატრანსპორტო საშულებების შეცვლის შემთხვევაში ნებართვის გამცემს  წარუდგინოს იმ ავტოსატრანსპორტო საშულებების  ჩამონათვალი, მათი სარეგისტრაციო მონაცემების მითითებით, რომლითაც ის განახორციელებს მომსახურებას.

გ) სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებისათვის 7 სამუშაო დღის განმავლობაში