1. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის განსაზღვრა ეფუძნება ბავშვის ბიო-ფსიქო-სოციალური განვითარების საჭიროებების შესწავლას (შეფასებას) და იმ რისკების იდენტიფიცირებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან (ან შეუძლიათ შეუქმნან) ბავშვის ჯანსაღ ფუნქციონირებას (ან განვითარებას) და ზიანს აყენებენ ბავშვის კეთილდღეობას.
2. საჭიროებათა და ზიანის რისკის განსაზღვრის მიზანია ზიანის რისკის თავიდან აცილება ან, ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში, მისი ეფექტიანად მართვა.
3. ზიანის რისკი არის ინდივიდუალური ბავშვისათვის მოსალოდნელი ის უარყოფითი შედეგები, რომელიც დადგება თუ არ განხორციელდება მხარდაჭერის ღონისძიებები ბავშვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
4. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასება გულისხმობს მასზე და მის უშუალო გარემოზე ამომწურავი ინფორმაციის მოგროვებას, მათ შორის, ბავშვის განვითარების მახასიათებლებსა და თავისებურებებზე, ბავშვის/ოჯახის ურთიერთობებსა და მიმართებებზე უშუალო გარემოსთან, ბავშვის/ოჯახის/გარემოს ძლიერ მხარეებსა და რესურსებზე.
5. შეფასების პროცესი მოიცავს ინფორმაციის განსხვავებული წყაროებისგან მოპოვებას და შეჯერებას, მის გადამუშავებას და კრიტიკულად გააზრებას, გარემო და ოჯახური ფაქტორების გავლენის განსაზღვრას ბავშვის კეთილდღეობაზე და იმის გაანალიზებას, თუ ბავშვი რა ზიანის რისკის წინაშე დგას და რა ტიპის მომსახურებები ესაჭიროება მას იმისათვის, რომ მის ჯანმრთელობას, განვითარებას და კეთილდღეობას საფრთხე არ შეექმნას.
6. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სისტემა არის ოთხდონიანი:
ა) ნულოვანი საჭიროება და ზიანის რისკი (პირველი დონე)
ბ) საწყისი/ცალკეული საჭიროება/ები და ზიანის მსუბუქი რისკი (მეორე დონე)
გ) მრავალმხრივი კომპლექსური საჭიროებები და ზიანის გამოხატული რისკი (მესამე დონე)
დ) გადაუდებელი საჭიროება/ები და ზიანის მწვავე რისკი (მეოთხე დონე)
7. ნულოვანი საჭიროება და ზიანის რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვის განვითარების საჭიროებები დაკმაყოფილებულია მშობლებისა და მზრუნველების მიერ და იმ სახელმწიფოს (თვითმმართველობის) საყოველთაო სერვისებით რაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. ბავშვს არ აქვს სხვა დამატებითი საჭიროებები, მისი მშობლები და მზრუნველები თანმიმდევრულად და სათანადოდ ზრუნავენ მასზე და ზიანის რისკი არ იკვეთება.
8. საწყისი/ცალკეული საჭიროება/ები და ზიანის მსუბუქი რისკი სახეზეა, როდესაც მშობლებისა და მზრუნველების მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და სახელმწიფოს (თვითმმართველობის) საყოველთაო სერვისები არ არის საკმარისი და იკვეთება ბავშვის ერთი ან რამდენიმე საწყისი საჭიროება ან საფრთხის პირველადი ნიშნები.
9. მრავალმხრივი კომპლექსური საჭიროებები და ზიანის გამოხატული რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვს ესაჭიროება სპეციალური მომსახურებები მისი კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა თუ განვითარების დამაკმაყოფილებელი დონის შესანარჩუნებლად ან კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა თუ განვითარების სერიოზული შეფერხების ან ზიანის თავიდან ასაცილებლად.
10. გადაუდებელი საჭიროება/ები და ზიანის მწვავე რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის საჭიროებები უგულვებელყოფილია, მას აქვს სერიოზული ან/და კომპლექსური ჯანმრთელობის პრობლემები, ან/და არის ძალადობის მსხვერპლი/ძალადობის რისკის ქვეშ, ან განეკუთვნება კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების ჯგუფ