1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი “ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი” ნიშნავს:
(a) სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის შემთხვევაში,(i) ნებისმიერ პირს, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრობს სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში;
(ii) ნებისმიერ პირს, რომელიც იმყოფება სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში 180 დღეზე მეტ ხანს დარიცხვის წლის განმავლობაში ან 300 დღეზე მეტ ხანს დარიცხვის უწყვეტი ორი წლის განმავლობაში, რომელთაგან ერთ-ერთი შესაბამისი დარიცხვის წელიწადია;
(iii) კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში, ან თუ იგი რეგისტრირებულია მის საზღვრებს გარეთ, კომპანიას, რომელიც ჩვეულებრივ იმართება ან კონტროლდება სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში;
(iv) ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც რეგისტრირებულია სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში, ან თუ იგი რეგისტრირებულია მის საზღვრებს გარეთ, ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც ჩვეულებრივ, იმართება ან კონტროლდება სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში;
(b) საქართველოს შემთხვევაში, ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე. ეს ტერმინი, ამასთან, არ მოიცავს პირს, რომელიც საქართველოში დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ მასში არსებული წყაროდან ან იქ განთავსებული კაპიტალიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით;
(c) ორივე ხელშემკვრელი მხარის შემთხვევაში, ამ მხარის მთავრობას და მის ნებისმიერ პოლიტიკურ ქვედანაყოფს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს, აგრეთვე ამ მხარის აღიარებულ საპენსიო ფონდს.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი არის ორივე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:
(a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ მხარის რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე მხარეში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ მხარის რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);
(b) თუ შეუძლებელია იმ მხარის დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არც ერთ ამ მხარეში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ მხარის რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;
(c) თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე მხარეში ან არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ მხარის რეზიდენტად, რომელშიც მას აქვს ცხოვრების უფლება (სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის შემთხვევაში) ან რომლის ნაციონალურ პირსაც წარმოადგენს (საქართველოს შემთხვევაში);
(d) თუ მას აქვს ცხოვრების უფლება სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში და ის ასევე არის საქართველოს ნაციონალური პირი, ან არ გააჩნია სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში ცხოვრების უფლება და ის არც საქართველოს ნაციონალური პირია, მაშინ ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, გარდა ფიზიკური პირისა, არის ორივე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი, ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები შეეცდებიან, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაადგინონ ის ხელშემკვრელი მხარე, რომლის რეზიდენტადაც უნდა იქნეს მიჩნეული ასეთი პირი ამ შეთანხმების მიზნებისთვის, მისი ეფექტური მართვის ადგილის, რეგისტრაციის ან სხვა სახით დაფუძნების ადგილის ან ნებისმიერი სხვა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით. ასეთი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ასეთ პირს არ უნდა მიენიჭოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული რაიმე შეღავათი ან გადასახადისგან გათავისუფლება, გარდა იმ შემთხვევებისა და როდესაც ეს შეთანხმებული იქნება ხელშეკვრელი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შორი