ამ წესის მიზნებისათვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არასტანდარტული ვითარება – ვითარება ან ვითარების ისეთი გაუარესება, რომელიც მუშაობის ჩვეულ პრაქტიკას ან გამოცდილებას  სცილდება და რომელში მოქმედების ჩვევები საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს  არა აქვს გამომუშავებული;

ბ) საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება – საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება, რომელიც ხორციელდება:

ა) შეჯახების თავიდან აცილებისთვის:

ა.ა) საჰაერო ხომალდებს შორის და;

ა.ბ) საჰაერო ხომალდებსა და სამანევრო არეზე განლაგებულ დაბრკოლებებს შორის;

ბ) საჰაერო მოძრაობის დაჩქარებისა და თანმიმდევრობის შენარჩუნებისთვის.

გ) საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო პუნქტი – ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს: რაიონულ სამეთვალყურეო ცენტრს, მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტს ან სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტს;

დ) შეფასება – პირის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასება, რომელიც გულისხმობს  მიღებული ცოდნის  პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობის შეფასებას და რომლის საფუძველზეც პირზე გაიცემა მოწმობა, ენიჭება ოსტატობა ან/და დაშვება, ან ხდება მათი მოქმედების ვადის გაგრძელება ან განახლება;

ე) შემფასებლის დაშვება – ჩანაწერი მოწმობაში, რომელიც აღნიშნავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს  მეთვალყურის/შეგირდის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასება;

ვ) ავარიული ვითარება – სერიოზული და სახიფათო ვითარება, რომლის დროსაც საჭიროა დაუყოვნებელი მოქმედება;

ზ) გამოცდა – თეორიული ცოდნის შემოწმება, რომლის დროსაც ხდება პირის შეფასება;

თ) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (იკაო ) ადგილმდებარეობის ინდექსი – იკაო-ს ოფიციალური გამოცემის Doc.7910 მიხედვით ფიქსირებული საავიაციო სადგურის ადგილმდებარეობის აღსანიშნავად მინიჭებული ოთხასოიანი კოდი;

ი) ენის დაშვება – ჩანაწერი მოწმობაში, რომელიც აღნიშნავს მოწმობის მფლობელის მიერ ინგლისური ენის ფლობის დონეს;

კ) მოწმობა – ამ წესის შესაბამისად გაცემული მოწმობა, რომლის მფლობელიც უფლებამოსილია განახორციელოს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება მოწმობით მინიჭებული ოსტატობის აღნიშვნებისა და დაშვებების აღნიშვნის შესაბამისად;

ლ) სამუშაო ადგილზე სწავლება – სამეთვალყურეო პუნქტზე მომზადების ფაზა, რომლის დროსაც ხდება სამუშაოსთან დაკავშირებული  შეძენილი უნარ-ჩვევების რეალურ სამუშაო პირობებში პრაქტიკული გამოყენება,  სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ;

მ) სამუშაო ადგილზე  სწავლების ინსტრუქტორის დაშვება – ჩანაწერი მოწმობაში, რომელიც აღნიშნავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას, განახორციელოს სამუშაო ადგილზე  სწავლება და სინთეზურ საწვრთნელ მოწყობილობაზე წვრთნა;

ნ) მიზნობრივი საწვრთნელი – სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობა, რომელზეც შესაძლებელია ცალკეული სპეციფიკური სამუშაო ამოცანის შესრულებაზე ორიენტირებული სწავლების გავლა მაშინ, როდესაც სამუშაო გარემოსთვის დამახასიათებელი ყველა დანარჩენი ამოცანის დამუშავება საჭირო არ არის;

ო) სწავლების მიზანი – მკაფიო და ცალსახა ფორმულირება, იმისა, თუ რა ქმედებების დემონსტრირება უნდა განახორციელოს პირმა, რომელიც გადის სწავლებას მოცემული გარემოებების პირობებში სამუშაოს შესრულებისას, კონკრეტული სტანდარტების დაცვით;

პ) დროებითი უუნარობა – მდგომარეობა, რომლის დროსაც მოწმობის მფლობელს დროებით შეზღუდული აქვს  მოწმობით მინიჭებულ უფლებამოსილების შესრულების შესაძლებლობა მიუხედავად იმისა, რომ ოსტატობები, დაშვებები და მისთვის გაცემული სამედიცინო სერტიფიკატი მოქმედია;

ჟ) ფსიქოაქტიური ნივთიერება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, იწვევს მისი ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებას და განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;

შენიშვნა: საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ.

რ) ოსტატობის დაშვება – ჩანაწერი მოწმობაში, რომელიც ასახავს განსაკუთრებულ პირობებს, უფლებამოსილებებს ან შეზღუდვებს შესაბამის ოსტატობის აღნიშვნასთან დაკავშირებით;

ს) მოქმედების ვადის განახლება – ოსტატობის, დაშვების ან/და სერტიფიკატის მოქმედების ვადის  ამოწურვისას, სააგენტოს  ქმედება, რომლის შედეგადაც მოწმობის მფლობელს  ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, ამ წესით განსაზღვრული ვადით  აღუდგება ოსტატობით, დაშვებით ან სერტიფიკატით მინიჭებული უფლებამოსილება;

ტ) მოქმედების ვადის გაგრძელება – ოსტატობის, ოსტატობის დაშვების ან სერტიფიკატის მოქმედების ვადის განმავლობაში გატარებული  ადმინისტრაციულ ქმედება, რომლის შედეგადაც მოწმობის მფლობელს  უფლება ეძლევა, შესაბამისი  ვადით, გააგრძელოს ოსტატობით, ოსტატობის  დაშვებით ან სერტიფიკატით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება, დადგენილი მოთხოვნების შესრულების საფუძველზე;

უ) საწაფი – სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობა, რომელსაც გააჩნია  რეალური სამუშაო გარემოს მნიშვნელოვანი  მახასიათებლები და აღადგენს სამუშაო გარემოს იმგვარად,  რომ პირს, რომელიც გადის სწავლებას ეძლევა შესაძლებლობა დაამუშავოს  პრაქტიკული ამოცანები რეალურ დროში.

ფ) სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობა – ნებისმიერი ტიპის მოწყობილობა, მათ შორის საწაფი და მიზნობრივი საწვრთნელი, რომელთა მეშვეობითაც  შესაძლებელია სამუშაო პირობების იმიტაცია;

ქ) საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის (STDI) ოსტატობის აღნიშვნა – ჩანაწერი მოწმობაში, რომელიც მიუთითებს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას, განახორციელოს სწავლება სინთეზურ საწვრთნელ მოწყობილობაზე;

ღ) სწავლების (სასწავლო) კურსი – თეორიული ან/და პრაქტიკული სწავლება, რომელიც შემუშავებულია სტრუქტურულ ჩარჩოში და სრულდება განსაზღვრული ხანგრძლივობით.

ყ) სასწავლო დაწესებულება – ორგანიზაცია, რომელიც სერტიფიცირებულია სააგენტოს მიერ, და უფლებამოსილია  განახორციელოს ერთი ან მეტი სახის სწავლება ამ წესის შესაბამისად;

შ) პუნქტზე დაშვება – ჩანაწერი მოწმობაში,  რომელიც ასახავს ICAO-ს ადგილმდებარეობის ინდექსს და სექტორს და/ან სამუშაო ადგილს (სამეთვალყურეო პუნქტს), სადაც მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია იმუშაოს;

ჩ) სამეთვალყურეო პუნქტზე კვალიფიკაციის შენარჩუნების სახელმძღვანელო – სააგენტოსთან შეთანხმებული პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობით მეთვალყურის მოწმობის მფლობელი ინარჩუნებს კვალიფიკაციას.

თავი IIსაჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/ შეგირდის მოწმობის გაცე