1. შეგირდის მოწმობის მიღების უფლება აქვს პირს თუ:
ა) შეუსრულდა 18 წელი;
ბ) წარმატებით აქვს გავლილი პირველადი მომზადება სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ და/ან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ან მისი წევრი ქვეყნის მიერ ევროკავშირის (EU) 2015/340 რეგულაციის შესაბამისად სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში, ოსტატობის აღნიშვნის და/ან ოსტატობის დაშვების შესაბამისად;
გ) ფლობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მოქმედ მე-3 კლასის სამედიცინო სერტიფიკატს;
დ) აქვს ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად.
2. შეგირდის მოწმობის მაძიებელმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:
ა) ამ წესის მე-2 დანართის მიხედვით შევსებული განაცხადის ფორმა (შესაბამისი გრაფები);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დისკზე ჩაწერილი ახლად გადაღებული ერთი 3x4 ფორმატის ფერადი ფოტოსურათი;
დ) სამედიცინო სერტიფიკატის ასლი;
ე) პირველადი სწავლების სერტიფიკატის ასლი ან საბაზისო სწავლებისა და ოსტატობის სწავლების სერტიფიკატების ასლები;
ვ) ენის ცოდნის სერტიფიკატის ასლი.
3. შეგირდის მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს საჰაერო მოძრაობის მომსახურება სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის ზედამხედველობით, მოწმობით მითითებული ოსტატობის აღნიშვნის და დაშვების შესაბამისად.
4. შეგირდის მოწმობა მოქმედია, თუ მასში მოქმედია ენის დაშვება, სულ მცირე ერთი ოსტატობა და შესაბამის შემთხვევაში ერთი ოსტატობის დაშვება.
5. თუ შეგირდს, მოწმობის აღებიდან ერთი წლის განმავლობაში არ დაუწყია, ან ერთ წელზე მეტი ხნით შეწყვეტილი აქვს მოწმობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება, მას არ შეუძლია იმავე ოსტატობის ფარგლებში დაიწყოს ან გააგრძელოს პუნქტზე სწავლება, ვიდრე არ გაივლის კვალიფიკაციის შეფასებას ამ წესის მიხედვით, ოსტატობის შესაბამისად, პირველადი სწავლების სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში.
6. შეგირდის მოწმობა ძალას კარგავს თუ პირზე მეთვალყურის მოწმობა გაიცემა და ექვემდებარება სააგენტოში დაბრუნებას