1.
კომისიის სხდომა საჯაროა. კომისის სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება გამოცხადდეს დახურულად კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით.
2.
კომისიის დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრებს, კომისიაში სამუშაოდ მოწვეულ და აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს.
3.
კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვისას წინადადებების შემოტანის უფლება აქვს მხოლოდ კომისიის წევრებს. წინადადება კამათის შეწყვეტის შესახებ კენჭისყრაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ მაშინ, როცა კომისიაში შემავალ ყველა ფრაქციის წარმომადგენელს აზრის გამოთქმის შესაძლებლობა მიეცემა.
4.
კომისიებმა მოხსენება მათთვის განსახილველად გადაცემულ ნორმატიული აქტის პროექტებზე საკრებულოს მიერ დაწესებულ ვადაში უნდა წარადგინონ. თუ ვადა დაწესებული არ არის, კომისიისთვის ნორმატიული აქტის პროექტის გადაცემიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ კომისია ვალდებულია გამოვიდეს მოხსენებით საკრებულოს სხდომაზე აღნიშნული ნორმატიული აქტის პროექტის შესახებ.
5.
თუ კომისიაში გადაცემული რამდენიმე პროექტი ეხება ერთი და იგივე საკითხს, კომისია წყვეტს თუ რომელ მათგანს გაუწიოს რეკომენდაცია, როგორც ძირითადს. დანარჩენ ნორმატიული აქტის პროექტებზე ცალკე გადაწყვეტილების გამოტანა არ ხდება. თუ კომისიაში ერთ-ერთი წევრი მაინც მოითხოვს სხვა რომელიმე ნორმატიული აქტის პროექტის ძირითადად მიჩნევას, საკითხი წყდება კენჭისყრით.
6.
კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას უფლება აქვს თავისი მოსაზრება შეიტანოს კომისიის სხდომის ოქმში და საკრებულოს სხდომაზე მოითხოვოს მისი გაცნობა ან თანამომხსენებლად გამოსვლა. კომისიის წევრის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
7.
საკრებულოს სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე კომისიის დასკვნის გამოსატანად ნიშნავს ერთ ან რამდენიმე მომხსენებელს.
8.
კომისიის მოხსენებები საკრებულოს ბიუროს წარედგინება წერილობითი სახით. მოხსენებაში უნდა იყოს აღნიშნული შესაბამის საკითხზე კომისიის დასკვნა და ამ საკითხის გადაჭრის რეკომენდაცია. მოხსენებაში აღინიშნება კომისიის წევრთა უმცირესობის აზრიც და ამ საკითხზე კომისიის თვალსაზრისი.
9.
კომისიის სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის წესები