1. „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი“ შემუშავებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის №8 დანართის („საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობა“) საფუძველზე, მასში გათვალისწინებულია ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc-9760 („ფრენის ვარგისობის სახელმძღვანელო“) და 2014 წლის 26 ნოემბრის EC რეგულაციის №1321/2014 მოთხოვნები.

2. „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ (შემდგომში – „წესი“) მოქმედება ვრცელდება საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოზე (შემდგომში – საწარმო), რომელიც ახორციელებს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის და მისი კომპონენტების ტექნიკურ მომსახურებას.

3. წესის მიზანია,  საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება და საავიაციო ტექნიკის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.

4. საწარმოს, რომელსაც არ გააჩნია საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი), ან რომელიც არ არის აღიარებული ამ წესის შესაბამისად, არა აქვს უფლება განახორციელოს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების და/ან ამ საჰაერო ხომალდების კომპონენტების ტექნიკური მომსახურება.

5. საწარმოს სერტიფიცირებას – სერტიფიკატის გაცემას,  გაცემაზე უარის თქმას, შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას, სერტიფიკატის გაუქმებას, სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილების შეტანას, სერტიფიკატის და/ან მისი დანართის დუბლიკატის გაცემას, სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე ზედამხედველობას, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

6. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 4 (ოთხი) თვის ვადაში.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სერტიფიცირების საკითხებთან (სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე ზედამხედველობის გარდა) დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე ზედამხედველობა ხორციელდება ამ წესის 29-ე მუხლის შესაბამისად.

8. სერტიფიკატი ადასტურებს საწარმოს შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.

9. სერტიფიკატში და მის დანართში განისაზღვრება საწარმოს უფლებამოსილება საავიაციო ტექნიკის კლასების, კატეგორიების და საჰაერო ხომალდების (შემდგომში – სხ)  ტიპებისა და/ან მათი კომპონენტების ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებით. სერტიფიცირების დროს განისაზღვრება, ასევე, ნებადართული ტექნიკური მომსახურების (შემდგომში - ტმ) სამუშაოების სახეობები.

10. საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების  დადასტურების უფლება აქვს მხოლოდ აღნიშნული ტექნიკის ტმ-ის განმახორციელებელ, ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ/აღიარებულ საწარმოს, საავიაციო ტექნიკის ტმ-ის ჩატარების შემდგომ.

11. საწარმოს მიერ საავიაციო ტექნიკის კონკრეტული ტიპებისა და/ან მათი კომპონენტების ტმ-სთან დაკავშირებული ნებადართული სამუშაოები, განისაზღვრება  სერტიფიკატით და მისი დანართით (დანართი №2). საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის დანართით განსაზღვრული ნებადართული სამუშაოების კლასების და  კატეგორიების განმარტებები განსაზღვრულია ამ წესის №4 დანართშ