1. საწარმო ვალდებულია, უზრუნველყოს, ტმ-ის შესრულება მეტეოროლოგიური პირობების ზემოქმედებისაგან დაცულ, სათანადოდ აღჭურვილ შენობა-ნაგებობებში, კერძოდ:

ა) საბაზო ტექნიკური მომსახურების ჩატარება უნდა მოხდეს ანგარში, რომლის ფართიც საკმარისი უნდა იყოს სხ-ის მოსათავსებლად;

ბ) ოპერატიული ტექმომსახურების სამუშაოების შესრულება,  შესაძლებელია განხორციელდეს ანგარის გარეთ, თუ მეტეოროლოგიური პირობები არ შეუშლის ხელს სამუშაოების განხორციელებას;

გ) სახელოსნოებში კომპონენტების ტექმომსახურების განხოციელებისას, უნდა იყოს მათი გეგმიური ტექმომსახურებისათვის საკმარისი ფართი.

2. პერსონალი  უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სათანადო საოფისე და საყოფაცხოვრებო ფართით.

3. საჰაერო ხომალდების ანგარში, კომპონენტების სახელოსნოებში და ოფისებში შექმნილი უნდა იყოს ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც არ მოახდენს უარყოფით ზეგავლენას პერსონალის ეფექტურ მუშაობაზე, კერძოდ:

ა) უზრუნველყოფილი უნდა იქნას სამუშაოს შესრულებისათვის კომფორტული ტემპერატურა;

ბ) სამუშაო ადგილზე მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი მტვერი  და სხვა ნებისმიერი დაბინძურება და აღნიშნული არ უნდა იყოს შესამჩნევი სხ/კომპონენტის ზედაპირზე. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სხ/კომპონენტის ზედაპირის ხილვადი დაბინძურება, უნდა აღმოიფხვრას ამ დაბინძურების ყველა წყარო;

გ) სტ-ის ინსპექტირების და  ტექმომსახურების შესრულების დროს უნდა იყოს სათანადო განათება;

დ) ინსპექტირებისას პერსონალის ყურადღება არ უნდა იქნეს დარღვეული გარეშე ხმაურით. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ხმაურის წყაროს აღმოფხვრა, პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი ხმაურისგან დამცავი  პერსონალური საშუალებებით;

ე) სტ-ის ტექმომსახურების დროს, როდესაც აუცილებელია ზემოთ მითითებულისგან განსხვავებული სამუშაო პირობების არსებობა,  შექმნილი უნდა იყოს შესაბამისი სამუშაო პირობები. შესაბამისი სამუშაო პირობები განსაზღვრულია  ტმ-ის მონაცემებში;

ვ) ოპერატიული ტმ-ის დროს, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ტექმომსახურების და ინსპექტირების განხორციელებისთვის შესაფერისი სამუშაო გარემო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო გარემო პირობები მიუღებელ დონემდე გაუარესდება ტემპერატურის, ტენიანობის, სეტყვის, ყინულის, თოვლის, ქარის, სინათლის, მტვრის ან სხვა საავიაციო დაბინძურების გამო, კონკრეტული ტექმომსახურების ან ინსპექტირების პროცესი უნდა შეჩერდეს დამაკმაყოფილებელი პირობების შექმნამდე.

4. სათადარიგო ნაწილების, სახარჯი მასალების, მოწყობილობების, აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების შენახვისათვის გამოყოფილი  უნდა იქნეს დაცული სასაწყობე ფართი, სადაც ექსპლუატაციისათვის ვარგისი კომპონენტებისა და მასალის შენახვა მოხდება უვარგისი კომპონენტების, მასალის, მოწყობილობისა და ხელსაწყოსგან განცალკევებით. შენახვის პირობები უნდა შეესაბამებოდეს დამამზადებლის ინსტრუქციას იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული შენახული ნაკეთობების დაზიანება. სასაწყობო საშუალებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ ტმ-ის და ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირებისთვის