1. შენობა-ნაგებობების ნგრევის ზონაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:
ა) დაზვერვა და ვითარების შეფასება;
ბ) მუშა მოედნების მომზადება მანქანების და მექანიზმების განსათავსებლად;
გ) საინჟინრო კომუნიკაციების, პირველ რიგში, გაზის და ელექტროდენის გათიშვა;
დ) შენობის შენარჩუნებულ ნაწილებში, ნანგრევებში და სიცარიელეებში ადამიანთა ძებნა და გადარჩენა;
ე) არხებისა და გვირაბების მოწყობა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანებისათვის ჰაერის მისაწოდებლად;
ვ) შენობის ჩახერგილი შესასვლელის (გადახურვის ან კედლის) დაშლა-გათავისუფლება;
ზ) კედლის ან გადახურვის განგრევა გასასვლელების მოსაწყობად;
თ) დაზვერვის მონაცემების, შენობის ტიპის, მისი მდგომარეობის, ჩახერგვის ხასიათის, მექანიზაციის არსებული საშუალებების გათვალისწინებით სამუშაოების განხორციელების ადგილისა და სამუშაოების ჩატარების ხერხის განსაზღვრა კონკრეტული შემთხვევისათვის;
ი) შენობის ტიპის, მისი კონსტრუქციული თავისებურებების, ზომებისა და ფართობის გათვალისწინებით შექმნილი ვითარების შეფასება;
კ) დაზვერვის პარალელურად, ხელის, ლაფეტის ლულებიანი სახელოს ხაზების გაყვანა ნანგრევებზე მომუშავე ადამიანების ცეცხლისაგან დასაცავად;
ლ) გაზის სუნის შეგრძნებისას ადამიანების ძებნაში მონაწილე სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების და ლითონის და ქვის ზედაპირებთან მკვეთრი შეხებისას აფეთქების თავიდან აცილებისათვის მათი ფრთხილი გადაადგილების უზრუნველყოფა;
მ) ავარიული საკომუნიკაციო-ენერგეტიკული ქსელების გადაკეტვა დანგრეულ შენობა-ნაგებობებთან ახლოს, წყლის ამოტუმბვა ან მოცილება, არსებული ხანძრის კერების ლოკალიზაცია, ლიკვიდაცია ან/და ხანძარზე რეაგირების ღონისძიებების სამუშაოების დასრულება;
ნ) ჩამონგრევის საშიშროების მქონე შენობების გამაგრება ან დანგრევა არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
ო) ავარიის ადგილზე სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით ჰაერის შემადგენლობის (ჟანგბადის, ტოქსიკური და ფეთქებადსაშიში კომპონენტების შემცველობის, თბური ნაკადის სიმკვრივის) მუდმივი კონტროლის ორგანიზება;
პ) უმნიშვნელო (მცირე ზომის ნატეხებისაგან შემდგარი) ჩახერგვების ხელით გასუფთავება მარტივი ინსტრუმენტების და მცირე მექანიზაციის საშუალებების გამოყენებით.
2. ჩახერგვების დასუფთავებაზე მომუშავე შემადგენლობა უნდა იყოს აღჭურვილი ხელის და მექანიზებული ინსტრუმენტებით, ცეცხლმაქრებით, დამცავი ტანსაცმლის კომპლექტებით, სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, დოზიმეტრებით, აგრეთვე ყოველ 2-3 რგოლზე უნდა იყოს გათვალისწინებული ერთი ლითონის საჭრელი ხელსაწყო.
3. ნგრევის ზონაში მუშაობისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა, მათ შორის:
ა) ნგრევის ზონაში გასუფთავებაზე მომუშავე სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის დამცავი ჩაჩქანებით და ხელთათმანებით, ხოლო სიმაღლეზე მუშაობისას დამცავი ქამრების და მაშველი თოკების გამოყენებით მუშაობის უზრუნველყოფა;
ბ) შენარჩუნებულ (დაუნგრეველ) სამშენებლო კონსტრუქციებზე მუდმივი კონტროლის ორგანიზება;
გ) შენობა-ნაგებობის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების დაღუპვის, აგრეთვე ხანძრის წარმოქმნის ან შესაძლო აფეთქების თავიდან აცილებისათვის სამშენებლო კონსტრუქციების მონგრევის აკრძალვა;
დ) საშიში უბნების შემოღობვის ან სპეციალური ნიშნებით აღნიშვნის ორგანიზება;
ე) ნგრევის ზონაში ადამიანების გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვა და გადაადგილებისას სიფრთხილის ზომების უზრუნველყოფა და არამყარად განთავსებულ ნანგრევებზე ფეხის დაბიჯებისაგან თავის არიდება;
ვ) ნგრევის ზონიდან ნანგრევების მოცილება და საჭირო ინსტრუმენტის გადაცემის ორგანიზება სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების მწკრივის მეშვეობით;
ზ) ადამიანების გადაადგილების და ავტოტრანპორტის გაჩერების აკრძალვა ნაგებობის გადახურვებზე იმ კედლებთან და კონსტრუქციებთან, რომლებსაც ემუქრება ჩამონგრევის საშიშროება;
თ) კონტროლის ორგანიზება ავტოტრანსპორტის დახრილობაზე და მათი მდგრადობის დაკარგვის საშიშროების წარმოქმნისთანავე მუშაობის დაუყოვნებელი შეჩერება;
ი) მუშაობის დროს ბორბლებიანი ექსკავატორების და ამწეების აუტრიგერებზე დაყენების უზრუველყოფა;
კ) ნგრევის ზონაში შენობა-ნაგებობების ნანგრევების მექანიკური საშუალებებით გასუფთავების დროს კონსტრუქციების ტროსებით გაწევის აკრძალვა. ნანგრევებში მოყოლილ ადამიანთა მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილებისათვის ნანგრევების ფრთხილად აწევის ორგანიზება და ყოველი აწევის შემდეგ სამუშაო ადგილის დათვალიერების უზრუნველყოფა;
ლ) ექსკავატორის ციცხვის მუშაობის რაიონში აწეული ტვირთის ქვეშ, აგრეთვე მანქანის პირდაპირი წევით ნანგრევების ელემენტების გაწევისას დაჭიმულ ტროსებთან დგომის აკრძალვის ორგანიზება;
მ) დაგაზიანებულ სათავსებში მუშაობისას ნაპერწკალწარმომქნელი ინსტრუმენტის გამოყენების აკრძალვა და ელექტრული ხაზების გაუდენურების უზრუნველყოფა, ხოლო განათებისათვის აკუმულატორული ფარნებით სარგებლობის ორგანიზება.
4. ნგრევის ზონაში მომუშავე ყველა ჯგუფი უნდა იმყოფებოდეს სამსახურის დანაყოფების სპეციალურად დანიშნულ პირთა მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებიც პასუხს აგებენ მათ უსაფრთხოებაზე და აქვთ კავშირი შენობების შენარჩუნებული კონსტრუქციების მდგომარეობაზე მეთვალყურე საგუშაგოსთან.
5. სამუშაო უბნები ღამის საათებში უნდა იყოს განათებული. ტრანშეები, ორმოები და სხვა საშიში ადგილები უნდა იყოს შემოღობილი და აღნიშნული შუქნიშნებით.
6. ზამთარში მუშაობის დროს სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის გასათბობად საჭიროა სპეციალური, ხოლო ხანგრძლივი მუშაობისას საკვების მისაღები პუნქტების მოწყობა.
7. შენობა-ნაგებობის ნანგრევებში მოყოლილ ადამიანთა ძებნა და გადარჩენის სამუშაოები იწყება სამსახურის დანაყოფების მისვლისთანავე. დაზარალებულთა ძებნისა და გადარჩენისას საჭიროა:
ა) დანგრეული შენობა-ნაგებობის სრული დათვალიერების მეთოდის გამოყენება და გადაადგილებისას ისეთი მანძილის დაცვა, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მხედველობით და სმენით კავშირს;
ბ) ადამიანთა ყველა შესაძლო ადგილსამყოფლის დეტალური დათვალიერება კინოლოგების დახმარებით და სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით;
გ) დროის მოკლე მონაკვეთში ხმამაღალი ხმოვანი სიგნალების გადაცემა ან ნანგრევების და შენობის შენარჩუნებულ ელემენტებზე დარტყმების წარმოება, ამასთან ნებისმიერ ხმაურზე ყურადღების გამახვილება, რადგანაც იგი შეიძლება აღმოჩნდეს დაზარალებულის საპასუხო სიგნალი;
დ) შენობა-ნაგებობის ნანგრევების ქვეშ ადამიანთა ყოფნის შემთხვევაში, მათთან შეძლებისდაგვარად კავშირის დამყარება მოლაპარაკების ან დარტყმების წარმოებით, მათი რაოდენობისა და მდგომარეობის დადგენა. ამასთან, ნანგრევების გასუფთავების ხერხის შერჩევა და სამუშაოების დაუყოვნებელი დაწყება;
ე) შენობა-ნაგებობის ნანგრევების გასუფთავების დაწყება ზედაპირიდან, თუ დაზარალებულები იმყოფებიან ნანგრევების ზედაპირთან ახლოს ან ნანგრევებს აქვს მჭიდრო სტრუქტურა;
ვ) შენობა-ნაგებობის ნანგრევების გასუფთავებისას იმ ადგილის თავზე, სადაც იმყოფებიან დაზარალებულები, უსაფრთხოების ზომების დაცვა, რადგან შესაძლებელია არამდგრადი ნანგრევების ცალკეული ელემენტების თვითნებური გადაადგილება და ნანგრევის მთელი მასის ჩამოწოლა;
ზ) შენობა-ნაგებობის ნანგრევებიდან დიდი ზომის ელემენტების ამოღებისას მათი რხევის, მკვეთრი ამოქაჩვის და სამუშაოს ჩატარების ადგილზე ძლიერი დარტყმების წარმოების აკრძალვა;
თ) სამუშაოს ჩატარების ადგილთან გამავალი საინჟინრო კომუნიკაციების დათვალიერება და აღმოჩენილი დაზიანებების დაუყოვნებელი აღმოფხვრა;
ი) ცეცხლმოდებული და მბჟუტავი საგნების შენობა-ნაგებობის ნანგრევებიდან ამოღება და ჩაქრობა;
კ) შენობა-ნაგებობის ნანგრევის სიღრმიდან დაზარალებულების ამოსაყვანად გალერეების გაყვანისას მისი კედლების გამაგრება ხელთ არსებული მასალებისაგან დამზადებული საყრდენებით. საყრდენების კონსტრუქციები უნდა სცდებოდნენ ნანგრევის საზღვრებს 1-2 მეტრით;
ლ) სამუშაოების მოცულობის შესამცირებლად შენობა-ნაგებობის ნანგრევების გავლის სწორი მიმართულების შერჩევა, უმოკლესი მანძილების, სიცარიელეების და უპირატესად ხის კონსტრუქციების და ქვის მცირე ზომის ნატეხებისაგან შემდგარი უბნების გამოყენება;
მ) ამ წესის 30-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინება.
ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების
ჩატარება შენობა-ნაგებობებ