1. შახტაში და მაღაროში ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების ადგილზე მისვლისას საჭიროა: საველე ოპერაციების შტაბის შექმნა, სამთო სამუშაოებში მონაწილე პერსონალისა და ადმინისტრაციისათვის შეტყობინება ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესახებ, დადგენა – გამოძახებულია თუ არა სამთო-სამაშველო სამსახური, დანიშნულია თუ არა უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი შახტის/მაღაროს ტექნიკური პერსონალიდან.
2. შახტაში/მაღაროში ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს იქმნება სადაზვერვო რგოლები. სადაზვერვო რგოლების რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს ხელმძღვანელი ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.
3. შახტებში/მაღაროებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:
ა) მეთანის აფეთქების საშიშროების დადგენა;
ბ) სამთო-სამაშველო და საავარიო-სამაშველო სამსახურებთან ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფა;
გ) ძაბვის ქვეშ მყოფი მოწყობილობების არსებობის დადგენა და ძაბვის მოხსნის მოთხოვნა;
დ) ძირითადი საყრდენების, ურნალისა და ბორბლების ჩამოშლის, გვარლისა და ამწე მექანიზმების გაწყვეტის შესაძლებლობის დადგენა;
ე) გალერეებსა და ესტაკადებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროების არსებობის შეფასება;
ვ) შახტის ყელსა და მომიჯნავე სათადარიგო გასასვლელებში კალორიფერული და სავენტილაციო არხებით ცეცხლის და წვის პროდუქტების გავრცელების საშიშროების დადგენა;
ზ) სავენტილაციო დანადგარების გათიშვის საჭიროების და სავენტილაციო ნაგებობების რაოდენობის დადგენა;
თ) გალერეებისა და ესტაკადების ქსელის განლაგების თავისებურებების, ჰაერის მიწოდების მიმართულების დადგენა;
ი) ურნალის, ესტაკადებისა და გალერეების მიმართულებით არსებულ ღიობებში ცეცხლის გავრცელების გზების ბლოკირება (სახურავის გახსნით, ურნალიდან ყველაზე მოშორებულ წერტილში), კვამლისა და ცხელი აირების გაწოვის უზრუნველყოფა ურნალის მიმართ ქარზურგა მხარის მიმართულებით. წყლის გაფრქვეული ნაკადების გამოყენება ნახშირის მტვრის კორიანტელის დადგომის თავიდან აცილების მიზნით ან მისი დალექვისათვის;
კ) შახტის ყელის გადაკეტვის შეუძლებლობის შემთხვევაში საჭირო ზომების მიღება ჰაერის მიწოდების მიმართულების შესაცვლელად (შახტის ყელში წვის პროდუქტების მოხვედრის შეზღუდვა);
ლ) ელექტროძრავებში შემავალი მაღალი ძაბვის დენის გათიშვის მოთხოვნა.
4. დახურულ გალერეებში ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:
ა) მაღალი ტემპერატურის აირების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სახურავის გახსნა ქარზურგა მხრიდან შახტის მიწისზედა შენობების შემოზღუდვის ადგილებში და წყლის ლულების მიწოდება;
ბ) წყლის ფარდის გამოყენება ნაგებობის ძირითადი საყრდენებისა და მოქმედი შახტების ყელის დასაცავად;
გ) ხანძრის ლოკალიზება გალერეების შემოზღუდვის ადგილებში, სადაც განთავსებულია სათავსები სატრანსპორტიორო მოწყობილობების ელექტროამძრავი დანადგარებისათვის;
დ) ლულების მიწოდება გალერეის შიგნით, სავენტილაციო ნაკადის მიმართულებით და ცეცხლის გავრცელების საპირისპირო მხარეს.
5. ამწე მანქანის შენობაში ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:
ა) შენობის გაუდენურება;
ბ) ძვირადღირებული მოწყობილობების დაცვა მათში ცეცხლმაქრი ნივთიერებების და სახურავის გახსნისას სახურავის კონსტრუქციული ელემენტების ნამსხვრევების მოხვედრისაგან;
გ) ხანძრის ჩაქრობის დაწყება გვარლების (ბაგირების) გასაყვანი ღიობების მხრიდან მათი იმავდროული გაგრილებით;
დ) ჰაერმექანიკური ქაფის გამოყენება ამწე მანქანის შიდა ნაწილის ჩასაქრობად;
ე) ბაგირების გაწყვეტისა და შახტის ყელში გალის (კაბინის) ან სკიპის ჩავარდნის თავიდან აცილებისათვის შესაბამისი ზომების მიღება, მათ შორის, ბაგირების გაგრილება, მათი დამაგრება ურნალის ბორბლების ქვედა მოედანზე, გალების (კაბინების) და სკიპების ქვედა და ზედა პოზიციაში დაყენება და დამაგრება.
6. კალორიფერული დანადგარის სათავსში ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:
ა) დანადგარის გაუდენურება;
ბ) კალორიფერული არხის წვად სამაგრებზე ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილება ლულების მიწოდებით შახტის ყელის მხრიდან;
გ) წვის პროდუქტების შახტაში შეღწევის შესაწყვეტად კალორიფერული არხის გადაკეტვა შახტის ყელის შემოზღუდვის ადგილებში, ან შახტის მთავარი ვენტილატორის რევერსულ სვლაზე გადაყვანა;
დ) კალორიფერულ არხსა და ზედაპირზე უბნებს შორის კავშირის ორგანიზება.
7. სავენტილატოროს შენობაში ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა შახტის უფლებამოსილ თანამდებობის პირთან შეთანხმებით ვენტილატორის დაუყოვნებელი გაჩერება, შახტის ცეცხლმედეგი სარქველის ჩაკეტვა ან შიბერის დაკვალთვა, ძალური ელექტროხაზების გაუდენურება.
8. ბუნკერებში ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:
ა) ბუნკერის გარე ნაწილის დასველება და ხანძრის ჩაქრობის დაწყება ბუნკერის ყველაზე მაღალი წერტილიდან;
ბ) ნახშირის გადმოტვირთვა მცირე პარტიებად, მისი გაფანტვა და საგულდაგულოდ დასველება სრულ გაგრილებამდე;
გ) ბუნკერის ლავგარდნების (კარნიზების) და სხვა შვერილების (ცეცხლის შეღწევის შესაძლო ადგილების) მდგომარეობის შემოწმება;
დ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება ბუნკერის ზედა გალერეაში ხანძრის ჩაქრობისას და დახურული კიბის უჯრედებსა და გადასასვლელებში მუშაობისას;
ე) ბუნკერის ძირითადი საყრდენების დასაცავად ყველა შესაძლო ზომის მიღება, ხოლო სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშროების არსებობისას მათი დაუყოვნებელი გაყვანის უზრუნველყოფ