1. ფინანსური ორგანიზაცია კრედიტის ამოღებისას ვალდებულია დაიცვას ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების საყოველთაოდ მიღებული ნორმები და იმოქმედოს კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე.
2. მომხმარებელთან, უფლებამოსილ პირთან, საკონტაქტო პირთან ან/და მომხმარებელთან დაკავშირებულ მესამე პირთან ფინანსური ორგანიზაციის მიერ განხორციელებული კომუნიკაციისას, ფინანსური ორგანიზაციის მიმართვას უნდა ჰქონდეს საქმიანი და ზრდილობიანი ფორმა.
3. მომხმარებელთან, უფლებამოსილ პირთან, საკონტაქტო პირთან ან/და მომხმარებელთან დაკავშირებულ მესამე პირთან ურთიერთობისას ფინანსურმა ორგანიზაციამ აღნიშნულ პირს არ უნდა მიაწოდოს შეცდომაში შემყვანი ან/და არასწორი ინფორმაცია. მიწოდებული, მიუწოდებელი ან/და არასრულად მიწოდებული ინფორმაცია მომხმარებელს, უფლებამოსილ პირს, საკონტაქტო პირს ან/და მომხმარებელთან დაკავშირებულ მესამე პირს არ უნდა უბიძგებდეს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი, სწორი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში.
4. თუ მომხმარებელთან, უფლებამოსილ პირთან ან/და საკონტაქტო პირთან დაკავშირება ხდება ხანდაზმული მოთხოვნის შესახებ, ამ პირებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ და განემარტოთ ხანდამულობის არსი. აღნიშნული ვალდებულება ეხება ისეთ მოთხოვნებს, როდესაც მოთხოვნის ხანდაზმულობაზე გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ და აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
5. დაუშვებელია მომხმარებლებთან, უფლებამოსილ პირთან, საკონტაქტო პირთან ან/და მომხმარებელთან დაკავშირებულ მესამე პირთან ურთიერთობისას, მათ შორის, მომხმარებლების მხრიდან ფინანსური ორგანიზაციის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას, ფინანსური ორგანიზაციის მიერ ამ პირების რეპუტაციის შემლახავი ქმედებების განხორციელება.
6. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია შეიმუშაოს კრედიტის ამოღების ეთიკის კოდექსი, რომელიც სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ამ კოდექსის მოთხოვნებთან.
7. საკრედიტო პორტფელის ან კრედიტის გასხვისების ან რაიმე ფორმით სამართავად ფინანსური ორგანიზაციისთვის გადაცემის შემთხვევაში, ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საკრედიტო პორტფელის ან კრედიტის შემძენ ან მმართველ ფინანსურ ორგანიზაციას. ხოლო, საკრედიტო პორტფელის ან კრედიტის რაიმე ფორმით სამართავად მესამე პირისთვის გადაცემის შემთხვევაში, ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ფინანსურ ორგანიზაციას.
8. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია შექმნას მომხმარებელთან, უფლებამოსილ პირთან, საკონტაქტო პირთან ან/და მომხმარებელთან დაკავშირებულ მესამე პირთან ნებისმიერი არხით, გარდა ადგილზე ვიზიტისა, კომუნიკაციის ამსახველი/დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და შეინახოს ის ამ დოკუმენტის/ინფორმაციის მიღებიდან მინიმუმ ორი თვის განმავლობაში. ამასთან, მომხმარებელს, უფლებამოსილ პირს, საკონტაქტო პირს ან/და მომხმარებელთან დაკავშირებულ მესამე პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს აღნიშნული ჩანაწერის წარმოებაზე. ასეთ შემთხვევაში, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია შეინახოს აღნიშნული უარის ამსახველი ინფორმაცია ორი თვის განმავლობაში.
9. მომხმარებლის, უფლებამოსილი პირის, საკონტაქტო პირის, ან მომხმარებელთან დაკავშირებული მესამე პირის მიერ ფინანსური ორგანიზაციის ან/და მესამე პირის მხრიდან ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის შესახებ ფინანსურ ორგანიზაციაში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში პრეტენზიის დაფიქსირების შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ფინანსურ ორგანიზაციას, თუ პრეტენზია დაფიქსირდა სადავო ფაქტის განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 თვისა.
10. ფინანსურ ორგანიზაციას ეკრძალება თავის საკუთრებაში არსებული საკრედიტო პორტფელის ან/და კრედიტის გასხვისება ისეთ პირებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ფინანსურ ორგანიზაციებს. ამასთან, აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება იურიდიული პირების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნების ვალდებულებებზე, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს უფლებამოსილი პირის თანხმობა ვალდებულების ისეთ ორგანიზაციაზე გასხვისებაზე, რომელიც არ წარმოადგენს ფინანსურ ორგანიზაცია