1. საკრებულოს სხდომები საჯაროა, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271 - 274 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საკრებულოს სხდომები საჯაროობის დაცვის მიზნით საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს სხდომის ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის, დღის წესრიგის და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ცნობის გამოქვეყნებას მორიგი სხდომის გახსნამდე 7 დღით ადრე მაინც.
3. ნებისმიერ პირს უფლება აქვს საკრებულოს აპარატს დადგენილ ვადაში მიაწოდოს წინადადებები და შენიშვნები საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
4. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს საკრებულოს მორიგი სხდომის გახსნამდე 2 დღით ადრე მაინც. საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსული წერილების სისტემატიზაციას, წინადადებების ინიციატორებთან შეთანხმებით ახდენს ერთგავაროვან წინადადებათა გაერთიანებას და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის მსურველთა სიას.
5. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება ამ საკითხის წარმდგენი პირის ან მის მიერ დანიშნული სხვა პირის მოხსენებით. მომხსენებელი სხდომას მოახსენებს პროექტთან დაკავშირებით რომელი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული ან უარყოფილი (მიზეზის მითითებით). საკრებულოს შესაბამისი კომისია ვალდებულია წინასწარ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხი, სხდომაზე გამოვიდეს მომხსენებლის ან თანამომხსენებლის სახით და წარადგინოს კომისიის პოზიცია (დასკვნა).
6. მოხსენების და თანამოხსენების მოსმენის შემდეგ, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე ჯერ საკრებულოს წევრებს, ხოლო შემდეგ სხდომაზე დამსწრე პირებს აძლევს უფლებას კითხვებით მიმართონ მომხსენებელს (თანამომხსენებელს). მომხსენებლის (თანამომხსენებლის) მიერ პასუხის გაცემის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე მოვალეა გამოაცხადოს დებატების დაწყება (თუ შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ ხდება მსჯელობის გარეშე).
7. დებატები იწყება საკრებულოს წევრთა გამოსვლებით, შემდეგ კი სიტყვა ეძლევათ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლის, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენლებს ამ მუხლითა და რეგლამენტის 59-ე მუხლით დადგენილი წესით..
8. იმ შემთხვევაშიც თუ სხდომაზე მონაწილე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლის, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელთა სია დიდია (10 ან მეტი მსურველი), საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აძლევს მათ წინადადებას გამოყონ მხოლოდ ორი წარმომადგენელი, რომელთაც მიეცემათ სხდომაში მონაწილეობის უფლება თანამომხსენებლის სტატუსით. თუ თუ ამ პუნქტში მითითებული სუბიექტები ორი მომხსენებლის გამოყოფაზე ვერ შეთანხმდნენ, სხდომის თავმჯდომარე სიტყვით გამოსვლის უფლებას აძლევს სიაში ჩაწერილ პირველ ორ მსურველს.
9. დებატებში გამომსვლელთა სიის ამოწურვის შემდეგ, ან თუ არავინ არ ითხოვს სიტყვით გამოსვლას, სხდომის თავმჯდომარე დებატებს დახურულად აცხადებს. დებატების შეწყვეტა შეიძლება მოხდეს სხდომის თავმჯდომარის ან საკრებულოს წევრის წინადადებით, თუ მოცემულ საკითხზე გამოვიდა ორი მომხსენებელი მაინც და საკრებულო ამ წინადადებას მიიღებს მსჯელობის გარეშე. დებატების შეწყვეტის შემდეგ ფრაქციების თითო წარმომადგენელს აქვს სიტყვით გამოსვლის უფლება.
10. საკრებულოს წევრს სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვის შემდეგ. საკრებულოს წევრი, რომელსაც სურს სიტყვით გამოსვლა, წინასწარ უნდა ჩაეწეროს სხდომის თავმჯდომარესთან, ამასთან, შეიძლება წინასწარ აღნიშნოს გამოდის იგი განსახილველ საკითხზე მოწინააღმდეგედ თუ მომხრედ. საკითხის განხილვის პროცედურის შესახებ განცხადებისთვის საკრებულოს წევრმა სიტყვა შეიძლება მოითხოვოს ადგილიდან.
11. საკრებულოს წევრმა, როგორც წესი, სიტყვა უნდა წარმოთქვას ტრიბუნიდან. მომხსენებლისადმი (თანამომხსენებლისადმი) კითხვა საკრებულოს წევრმა შეიძლება დასვას ადგილიდან. შეკითხვის დასმის მიზნით მან უნდა მიმართოს სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც საკრებულოს წევრს აძლევს სიტყვას შეკითხვისათვის. დასმული შეკითხვა უნდა შეეხებოდეს უშუალოდ განსახილველ საკითხს.
12. დებატებში გამომსვლელთა რიგითობას განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე. რიგითობა დგინდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) გამოსვლის შესახებ განცხადების ჩაბარების დროით;
ბ) ფრაქციული ნიშნით (არის თუ არა იგი ფრაქციის წევრი და რამდენ მანდატს ფლობს საკრებულოში შესაბამისი ფრაქცია);
გ) გამოდის იგი საკითხზე „მომხრედ“ თუ „მოწინააღმდეგედ“.
13. სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელთა რიგითობის დადგენისას ითვალისწინებს, რომ განსახილველი საკითხის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა, ასევე ფრაქციებისა და უფრაქციო საკრებულოს წევრთა პოზიციები პროპორციულად იქნეს გამოხატული.
14. მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ, პირველ სიტყვას სხდომის თავმჯდომარე აძლევს „მოწინააღმდეგეს“, ხოლო შემდეგ თანმიმდევრობით (რიგითობის მიხედვით). მომხსენებელს, ნებისმიერ დროს, სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, უფლება აქვს გამოვიდეს სიტყვით განმარტებისათვის.
15. საკრებულოს წევრს შეუძლია უარი თქვას სიტყვით გამოსვლაზე, ეს უფლება დაუთმოს ან გამოსვლის რიგი გაუცვალოს საკრებულოს სხვა წევრს.
16. სხდომაზე დამსწრე პირს უფლება აქვს ერთ საკითხზე გამართულ დებატებში გამოვიდეს არაუმეტეს ორჯერ. პირი, რომელიც სიტყვის მიცემისას არ აღმოჩნდება სხდომათა დარბაზში, კარგავს ამ საკითხზე რიგითობით გამოსვლის უფლებას.
17. საკრებულოს წევრს განხილვის პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვა მიეცემა რიგითობის გარეშე. წინადადება უნდა შეეხებოდეს დღის წესრიგს ან განსახილველ საკითხს და არ უნდა გაგრძელდეს 2 წუთზე მეტხან