,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ფარგლებში საკრედიტო რესურსის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№97
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 65, 29/05/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №97

2009 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში საკრედიტო რესურსის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ფარგლებში საკრედიტო რესურსის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №55 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) კომერციულ ბანკთან (ბანკებთან) (შემდგომში – ბანკი) ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან (ორგანიზაციებთან) ერთად, ხოლო ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში, უშუალოდ უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებათა განხორციელება ამ დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში საკრედიტო რესურსის გაცემის წესის“ დროულად და შეუფერხებლად შესრულების მიზნით.

    მუხლი 3

ბანკმა ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ:

1. მიიღოს განაცხადები პროგრამის ფარგლებში გასაცემი კრედიტის შესახებ.

2. შეარჩიოს დასაფინანსებელი პროექტები და გასცეს კრედიტი შერჩეული ბენეფიციარებისათვის ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირობებით და მიზნებით.

3. პროგრამის ბენეფიციარებთან გააფორმოს საკრედიტო ხელშეკრულება.

4. პროგრამის ფარგლებში განახორციელოს გაცემული კრედიტის დოკუმენტური მონიტორინგი.

5. პროგრამის ფარგლებში მოსთხოვოს ბენეფიციარებს ყოველკვარტალური ანგარიშის წარდგენა პროექტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ და, თავის მხრივ, ბანკმა ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.“.

2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

     „მუხლი 31. სამინისტრომ:

1. მიიღოს განაცხადები პროგრამის ფარგლებში გასაცემი კრედიტის შესახებ და შეარჩიოს დასაფინანსებელი პროექტები.

2. მოამზადოს და საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარადგინოს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი პროგრამის ფარგლებში შერჩეული ბენეფიციარების ნუსხის დამტკიცების, გასაცემი კრედიტის ოდენობისა და გაცემის პირობების შესახებ.

3. გასცეს კრედიტი შერჩეული ბენეფიციარებისათვის ამ დადგენილებითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით გათვალისწინებული პირობებით და მიზნებით.

4. პროგრამის ბენეფიციარებთან გააფორმოს საკრედიტო ხელშეკრულება ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.

5. პროგრამის ფარგლებში განახორციელოს გაცემული კრედიტის დოკუმენტური მონიტორინგი.

6. პროგრამის ფარგლებში მოსთხოვოს ბენეფიციარებს ყოველკვარტალური ანგარიშის წარდგენა პროექტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.“.

3. ამ დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ფარგლებში საკრედიტო რესურსის გაცემის წესის“ მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. პროგრამის ძირითადი მიმართულებები, განხორციელების პრინციპები და კრედიტის პირობები

პროგრამის ძირითადი მიმართულებები და განხორციელების პრინციპებია:

1. პროგრამის ფარგლებში განისაზღვროს სამინისტროს, ბანკის ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ბენეფიციარებისათვის კრედიტის გაცემის შემდეგი პირობები:

ა) ბანკმა ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უზრუნველყოს კრედიტის გაცემა 59 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარდა თიღვის, ერედვის, ქურთას, ახალგორისა და აჟარის მუნიციპალიტეტებისა, თითოეულში არა უმეტეს 60.0 ათასი ლარის ოდენობით;

ბ) ბანკმა ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უზრუნველყოს კრედიტის გაცემა 4 თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე (ქალაქები: ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, რუსთავი), თითოეულში არა უმეტეს 150.0 ათასი ლარის ოდენობით;

გ) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კრედიტის ოდენობის გარდა, ბანკმა ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უზრუნველყოს დამატებით კრედიტის გაცემა საქართველოს 9 რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, თითოეულში არა უმეტეს 500.0 ათასი ლარის ოდენობით;

დ) სამინისტრომ უზრუნველყოს 2 346.0 ათასი ლარის ოდენობით კრედიტის გაცემა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასაკლაო მეურნეობებისა (ხორცის პირველადი დამუშავების) და 7 000.0 ათასი ლარის ოდენობით კრედიტის გაცემა ხილისა და ბოსტნეულის შესანახი მეურნეობების მოწყობისათვის, თანადაფინანსების პრინციპის გათვალისწინებით. პროგრამის ფარგლებში სამინისტროს მიერ გაცემული კრედიტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო თანხის 70 პროცენტს.

2. ბენეფიციარებს სამინისტროს, ბანკის ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მეშვეობით საკრედიტო რესურსი გამოეყოფათ შეღავათიანი პირობებით, კერძოდ: ერთი ბენეფიციარისათვის გასაცემი კრედიტის ოდენობა უნდა იყოს 20.0 ათას ლარზე მეტი, კრედიტით სარგებლობის მაქსიმალური ვადა – 7 წელი, საშეღავათო პერიოდი – 2 წლამდე, კრედიტით სარგებლობის წლიური განაკვეთი: პარტნიორი კომერციული ბანკისათვის ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის – წლიური 2 პროცენტი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისათვის – არა უმეტეს 12 პროცენტისა, ხოლო „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისათვის – არა უმეტეს 7 პროცენტისა.

3. სამინისტროს, ბანკის ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ბენეფიციარისათვის კრედიტის გაცემის საბოლოო ვადაა 2009 წლის 22 დეკემბერი.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების დროულ და კონკურენტულ შერჩევას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროგრამაში მონაწილეობის პირობებს აქვეყნებს მინიმუმ 2 გაზეთში და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. ბენეფიციარებს მოეთხოვებათ კრედიტის უზრუნველყოფა, რომელიც უნდა იყოს სულ მცირე კრედიტის (ტრანშის) მოცულობის ტოლი. კრედიტის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველი ან/და მეორე რიგის იპოთეკით, კომერციული ბანკების გარანტიით, სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისი), ან პირველი ან/და მეორე რიგის გირავნობით. ბენეფიციარებს საჭიროების შემთხვევაში მოეთხოვებათ პროექტების თანადაფინანსება (თანამონაწილეობა). ბანკს (ბანკებს) ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას (ორგანიზაციებს) შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროექტის თანადაფინანსებაში.

    მუხლი 4. ბანკის ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შერჩევა პროგრამის განსახორციელებლად

1. პროგრამის განმახორციელებელი ბანკი ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შეირჩევა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის სამართლებრივი აქტის შესაბამისად კონკურსის საფუძველზე.

2. სამინისტროს მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ ბანკთან ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აფორმებენ შესაბამის ხელშეკრულებას.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

დანართი

საკრედიტო ხელშეკრულების ტიპური ფორმა

ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემდგომში – კრედიტის გამცემი), წარმოდგენილი მინისტრის სახით და, მეორე მხრივ, –––––––––––––––––––––(კრედიტის მიმღების სახელწოდება) (შემდგომში – კრედიტის მიმღები), წარმოდგენილი ––––––––––––––––––––––––––– (ვის მიერაა წარმოდგენილი) სახით, ორივე ერთად „მხარეებად“ წოდებულნი, დებენ საკრედიტო ხელშეკრულებას (შემდგომში – ხელშეკრულება).

1. ხელშეკრულების საგანი

1.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად კრედიტის გამცემი იღებს ვალდებულებას, საქართველოს მთავრობის 2009 წლის ––––––––––––––––– №–––– განკარგულების საფუძველზე ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაფინანსებიდან კრედიტის მიმღებს მიზნობრივი კრედიტის სახით გამოუყოს –––––––––––(თანხა ციფრობრივად) ––– (––––––––––––––––––) (თანხა სიტყვიერად) ლარი –––––––––––––––––––––––––––––––––––– მიზნით (კრედიტის მიზნობრიობა), ხოლო კრედიტის მიმღები იღებს ვალდებულებას, სრულად შეასრულოს ამ ხელშეკრულების პირობები.

1.2. კრედიტი გაიცემა შემდეგი მიზნებისათვის–––––––––––– –––––––––––––––––––––––––– (ღონისძიებების ჩამონათვალი).

2. ხელშეკრულების პირობები

2.1. კრედიტის ხანგრძლივობა განისაზღვრება ––––––– (ვადა რიცხობრივად, სიტყვიერად) წლის ვადით.

2.2. კრედიტი გაიცემა (ტრანშებად, ერთჯერადად) კრედიტის მიმღების წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ამ ხელშეკრულების 2.5, 3.5 და 4.3.3. პუნქტების შესრულების შემდეგ.

2.3. კრედიტის ვადის ათვლა დაიწყება პირველი ტრანშის (ერთჯერადი თანხის) გაცემისთანავე.

2.4. კრედიტის მიმღებს კრედიტი მიღებულად ეთვლება სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან კრედიტის მიმღების მიერ მითითებულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვის დღიდან.

2.5. კრედიტის შემდგომი ტრანში გაიცემა წინა ტრანშის სრულად ათვისების შემთხვევაში 4.3.3. პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ.

2.6. ბენეფიციარის მიერ თანხის მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის 22 დეკემბერი.

2.7. კრედიტით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი არის –––––––––––––––––––(რიცხობრივად, სიტყვიერად) პროცენტი.

2.8. კრედიტზე (ტრანშზე) პროცენტის დარიცხვა განხორციელდება კრედიტის (ტრანშის) გაცემის თარიღიდან, ხოლო კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა დაიწყება –––––––––––––– (საშეღავათო პერიოდის ვადა სიტყვიერად – საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული ვადა, როდესაც ბენეფიციარი არ ახორციელებს კრედიტის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდას, მაგალითად – ,,თორმეტი თვის შემდეგ“) თვის შემდეგ თანდართული კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვის გრაფიკის (შემდგომში – გრაფიკი) მიხედვით. მიღებულ თანხაზე საშეღავათო პერიოდში დარიცხული პროცენტის გადახდა განხორციელდება –––––––––––––––––––– (რიცხობრივად, სიტყვიერად) თვეზე განაწილებით. კრედიტისა და პროცენტის დაფარვა განხორციელდება ყოველთვიურად.

2.9. კრედიტზე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო გამოითვლება 360-დღიანი წლის, თორმეტი 30-დღიანი თვის საფუძველზე.

2.10. კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვა ხდება კრედიტის (ტრანშის) გაცემის შემდეგ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შედგენილი გრაფიკის მიხედვით, რომელიც არის ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

2.11. გადახდა განხორციელებულად ითვლება კრედიტის მიმღების მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღიდან.

2.12. გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში კრედიტისა და პროცენტის გადაუხდელობის შემთხვევაში ვადაგადაცილებულ თანხასა და პროცენტს ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0,07 პროცენტის ოდენობით.

3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფა

3.1. ამ ხელშეკრულების შესაბამისად კრედიტის მიმღების მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს იპოთეკით ან გირავნობით დატვირთული ქონება/საბანკო გარანტია/სადაზღვევო პოლისი, რომლის ღირებულება ტოლი უნდა იყოს სულ მცირე კრედიტის (ტრანშის) მოცულობისა.

3.2. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება უნდა მოქმედებდეს კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდის ვალდებულების დასრულების პერიოდს პლუს 12 თვის განმავლობაში. კრედიტის მიმღებს უფლება აქვს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება წარადგინოს ეტაპობრივად, ტრანშების მიხედვით.

3.3. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამცემი აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი.

3.4. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების თანხის ოდენობა (ქონების ღირებულება) უნდა იყოს კრედიტის (ტრანშის) ეკვივალენტი.

3.5. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება კრედიტის გამცემს წარედგინება კრედიტის გაცემამდე. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების წარდგენის გარეშე კრედიტი არ გაიცემა.

3.6. კრედიტის გამცემს უფლება აქვს, უარი თქვას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების მიღებაზე, თუ იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ან/და კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას.

3.7. თუ კრედიტის გამცემი დაადგენს, რომ წარდგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ვეღარ უზრუნველყოფს კრედიტის დაფარვას, კრედიტის მიმღები ვალდებულია, კრედიტის გამცემის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უკვე მოქმედი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება შეცვალოს ახლით.

3.8. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება არ შეიძლება გამოითხოვოს უკან მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამცემმა, თუ მთლიანად არ არის დაფარული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები ან არ არსებობს სხვა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება.

3.9. თუ კრედიტი და მასზე დარიცხული პროცენტი ნაწილობრივ დაიფარა, კრედიტის მიმღებს კრედიტის გამცემის წერილობითი თანხმობით უფლება აქვს, დარჩენილი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით წარადგინოს ახალი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ან/და შეამციროს უკვე არსებული ამ ხელშეკრულების 3.4. პუნქტის მოთხოვნათა დაცვით და, შესაბამისად, გამოითხოვოს თავდაპირველად წარდგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება.

3.10. კრედიტის მიმღების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, ანუ გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში დაუფარავობა, ან სხვა საფუძვლით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა კრედიტის გამცემს აძლევს საფუძველს, გამოიყენოს ამ ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები კრედიტის მიმღების ქონებაზე გადახდევინების მისაქცევად და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად არსებული აქტივების (იპოთეკით ან გირავნობით დატვირთული ქონება) სარეალიზაციოდ.

4. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

4.1. კრედიტის გამცემი ვალდებულია:

4.1.1. არ გასცეს კრედიტი კრედიტის მიმღების მიერ ამ ხელშეკრულების 3.5. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე;

4.1.2. კრედიტის სახით კუთვნილი თანხის გადარიცხვის შესახებ კრედიტის მიმღების განცხადების და კრედიტის გასაცემად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს შესაბამისი ოდენობის კრედიტის მიმღებისათვის გადარიცხვის თაობაზე და წარუდგინოს თანხის გადარიცხვისათვის აუცილებელი დოკუმენტები;

4.1.3. კრედიტის მიმღებისათვის კრედიტის მთლიანი თანხის გადარიცხვიდან, ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტის მიღების ვადის გასვლიდან ან ბენეფიციარის შესაბამისი განცხადებიდან (როდესაც კრედიტის მიღების ვადა გასული არ არის და კრედიტის სრულად მიღება ბენეფიციარის მიერ ვერ ხერხდება) 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, მოამზადოს და შემდგომი 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს მხარეების მიერ გრაფიკზე ხელმოწერა;

4.1.4. კონტროლი გაუწიოს კრედიტის მიმღების მიერ გრაფიკის შესრულებას და დარღვევის შემთხვევაში გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში ვადაგადაცილებულ თანხასა და პროცენტს ყოველდღიურად დაარიცხოს პირგასამტეხლო 0,07 პროცენტის ოდენობით;

4.1.5. კრედიტის მიმღების მიზეზით გრაფიკზე ხელმოუწერლობის შემთხვევაში კრედიტის მიმღებს წერილობით მოსთხოვოს მიღებული კრედიტის დაფარვა, რომელზეც არ არის შედგენილი გრაფიკი და მის სრულ დაფარვამდე მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა. ამ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში დასაბრუნებელ ძირითად თანხასა და დარიცხულ პროცენტს მათ სრულ დაფარვამდე დაარიცხოს პირგასამტეხლო ყოველდღიურად 0,07 პროცენტის ოდენობით;

4.1.6. საკრედიტო ვალდებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შესრულების მიზნით გამოიყენოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება;

4.1.7. განახორციელოს გაცემული კრედიტის დოკუმენტური მონიტორინგი.

4.2. კრედიტის გამცემს უფლება აქვს კრედიტის მიმღებისაგან მოითხოვოს მონიტორინგის განსახორციელებლად ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები.

4.3. კრედიტის მიმღები ვალდებულია:

4.3.1. შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები კრედიტის გამცემს წარუდგინოს მოთხოვნის მიღებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის განმავლობაში;

4.3.2. კრედიტის სახით გამოყოფილი თანხა გამოიყენოს მხოლოდ ამ ხელშეკრულების 1.1. პუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის;

4.3.3. საანგარიშო თვის დამთავრებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში კრედიტის გამცემს წარუდგინოს სრული ინფორმაცია და დამადასტურებელი დოკუმენტაცია საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული (შესრულებული) სამუშაოების შესახებ (როგორც გაცემული კრედიტის, ისე საკუთარი დაფინანსების ფარგლებში);

4.3.4. ყოველი ტრანშის ათვისების შემდეგ კრედიტის გამცემს წარუდგინოს სრული ინფორმაცია განხორციელებული (შესრულებული) სამუშაოების შესახებ და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები;

4.3.5. კრედიტის სრული ათვისების (ხარჯვის დასრულების) შემდეგ კრედიტის გამცემს:

ა) წარუდგინოს სრული ანგარიში კრედიტის სრულად ათვისების (ხარჯვის დასრულების) შესახებ;

ბ) ყოველკვარტალურად წარუდგინოს ინფორმაცია კრედიტის სრულ დაფარვამდე პროექტის განხორციელების შესახებ;

4.3.6. გრაფიკის მიხედვით დაფაროს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები;

4.3.7. მისი მიზეზით გრაფიკზე ხელმოუწერლობის შემთხვევაში ამ ხელშეკრულების 4.1.3. პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოს მიღებული კრედიტი (ან მისი ნაწილი), რომელზედაც არ არის შედგენილი გრაფიკი და შეასრულოს კრედიტის (ტრანშის) დაბრუნების დღისათვის წარმოშობილი ვალდებულებები;

4.3.8. წარუდგინოს და კრედიტის გამცემის წარმომადგენლებს მისცეს საშუალება, გაეცნონ მის საბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკური მაჩვენებლების ამსახველ ანგარიშებს, დებულებებსა და სხვა დოკუმენტაციას, ასევე დაუშვას თავის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე;

4.3.9. მისცეს კრედიტის გამცემს თავისი ანგარიშების თანაგანკარგვის უფლება;

4.3.10. წინასწარ აცნობოს კრედიტის გამცემს:

ა) ადგილსამყოფელის შეცვლის, ახალი იურიდული მისამართისა და იქ გადასვლის თარიღის შესახებ;

ბ) ფინანსური ან/და ქონებრივი მდგომარეობის მოსალოდნელი არსებითი ცვლილებებისა და, ასევე, იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება განაპირობონ ასეთი ცვლილებები;

გ) მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობაში და პარტნიორთა შორის, აგრეთვე წესდებაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

4.4. კრედიტის მიმღებს უფლება აქვს:

4.4.1. კრედიტის გამცემთან შეთანხმებით ვადაზე ადრე დაფაროს ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულებები;

4.4.2. კრედიტის ან მისი ნაწილის ვადამდე ადრე დაფარვის შემთხვევაში მოითხოვოს გრაფიკში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

4.5. კრედიტის ან მისი ნაწილის ვადაზე ადრე დაფარვა არ გამოიწვევს კრედიტის მიმღების დაჯარიმებას ან პრემირებას.

5. ხელშეკრულების შეწყვეტა

5.1. ხელშეკრულების თითოეულ მხარეს უფლება აქვს, მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ ხელშეკრულებიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულება.

5.2. კრედიტის გამცემი უფლებამოსილია, 5.4. პუნქტში აღწერილი რომელიმე გარემოების დადგომის შემთხვევაში ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს კრედიტის მიმღებს კრედიტის, დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს სრულად გადახდა.

5.3. კრედიტის მიმღები ვალდებულია, ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ და მასში მითითებულ ვადაში დააბრუნოს კრედიტი, მასზე დარიცხული პროცენტი და ხელშეკრულების თანახმად გადასახდელი ყველა თანხა.

5.4. კრედიტის გამცემის მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა, კერძოდ, თუ:

ა) კრედიტის მიმღებმა არ უზრუნველყო ამ ხელშეკრულების 4.3.3. პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ზედიზედ სამი თვის განმავლობაში;

ბ) კრედიტის მიმღებმა სამჯერ ზედიზედ არ შეასრულა გრაფიკით ნაკისრი ვალდებულებები;

გ) არსებობს მნიშვნელოვანი ცვლილება კრედიტის მიმღების ფინანსურ ან/და ქონებრივ მდგომარეობაში, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს საკრედიტო ვალდებულებების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით შესრულება;

დ) ნებისმიერი განცხადება ან გარანტია, რომელსაც ადასტურებდა კრედიტის მიმღები ან რაც მოცემულია ამ ხელშეკრულებასთან კავშირში, აღმოჩნდება არასწორი.

6. დამატებითი პირობები

6.1. მხარეთა ურთიერთობები, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

6.2. მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ამ ხელშეკრულებასა და მასზე თანდართულ გრაფიკში ნებისმიერ დროს შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც განიხილება ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. ნებისმიერი ცვლილება და დამატება შეტანილ უნდა იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით.

6.3. მხარეები თანხმდებიან, რომ ეცდებიან ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველგვარი დავის ან კონფლიქტის თავიდან აცილებას, ხელშეკრულების შესრულებისას წარმოშობილ უთანხმოებათა ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე გადაწყვეტას. 30 დღის ვადაში კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

6.4. მხარეთა სამართლებრივი ფორმის, სტრუქტურის შეცვლის ან/და ნებისმიერი სხვა ძირეული ცვლილების შემთხვევაში მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და უფლებების განხორციელება დაეკისრება მათ უფლებამონაცვლეს.

6.5. ეს ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე.

6.6. ეს ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ოთხ ეგზემპლარად ქართულ ენაზე.

ხელშეკრულება ხელმოწერილია მხარეების მიერ 200–– წლის –––– –––––––––––––––––––––––  ქ. თბილისში.

 

მხარეთა რეკვიზიტები

 

კრედიტის გამცემი

 მისამართი:

(სრული რეკვიზიტები)

––––––––––––––––––––

 სახელი და გვარი

 

 

კრედიტის მიმღები

 მისამართი:

(სრული რეკვიზიტები)

––––––––––––––––––––

 სახელი და გვარი