ამ  წესში გამოყენებულ ტერმინებს,  წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აეროდრომის  საექსპლუატაციო  მინიმუმი – აეროდრომით სარგებლობის შეზღუდვები:

ა.ა) აფრენისას, ადზ-ზე ხილვადობის სიშორით (RVR) და/ან ხილვადობით და საჭიროების შემთხვევაში ღრუბლიანობის პარამეტრებით;

ა.ბ) დაფრენისას, დასაფრენად 2D განზომილებაში ადზ-ზე ხილვადობის სიშორით (RVR) და/ან ხილვადობით და, დაშვების მინიმალური აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლით (MDA/H) და, საჭიროების შემთხვევაში ღრუბლიანობის პარამეტრებით;

ა.გ) დაფრენისას 3D განზომილებაში ადზ-ზე ხილვადობის სიშორით (RVR) და/ან ხილვადობით და გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლით (DA/H), რომელიც გამოიყენება კონკრეტული ფრენის პირობებისათვის;

ბ) ხილვადობის სიშორე ადზ-ზე (RVR) – მანძილი, რომლის ფარგლებშიც ადზ-ის ღერძულა ხაზზე მდებარე სხ-ის პილოტს შეუძლია შეამჩნიოს ადზ-ის ზედაპირზე განთავსებული სიგნალები (ნიშნები) ან ადზ-ის შემომსაზღვრელი, ან მისი ღერძულა ხაზის მანიშნებელი ნათურები;

გ) გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური (DA) ან ფარდობითი (DH) სიმაღლე – 3D-ის ფორმატში დასაფრენად სახელსაწყო წესებით შესვლისას დადგენილი სიმაღლე, როდესაც სხ-მა უნდა დაიწყოს მეორე წრეზე წასვლა, თუ მიწისზედა ორიენტირებთან არ არის დამყარებული აუცილებელი ვიზუალური კონტაქტი;

შენიშვნა:  1. DH ზღვის დონიდან გამოითვლება, DA – ადზ-ის ზღურბლის დონიდან.

2. ,,ორიენტირებთან აუცილებელი ვიზუალური კონტაქტი“ ნიშნავს ვიზუალური საშუალებების ნაწილის ან დასაფრენად შესვლის ზონის მხედველობას დროის განმავლობაში, რომელიც საკმარისია პილოტის მიერ სხ-ის ადგილმდებარეობის და ფრენის ნომინალურ ტრაექტორიასთან მისი ცვლილების სიჩქარის განსაზღვრისთვის. გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი (DH) სიმაღლის გამოყენებით III კატეგორიით ფრენისას ორიენტირებთან აუცილებელი ვიზუალური კონტაქტის დამყარება შეიცავს პროცედურების შესრულებას, რომელიც მითითებულია კონკრეტული წესებისა და ფრენის პირობებისათვის.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ორივე ცნებები გამოიყენება, შეიძლება გამოყენებული იყოს ფორმა „გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე“ და შემოკლება „DA/H“;

დ) ვიზუალიზაციის გაფართოებული შესაძლებლობების მქონე ტექნიკური ხედვის სისტემა (EVS)-გამოსახულების გადამწოდების გამოყენებაზე დაფუძნებული, გარემოს ელექტრონული გამოსახულების, დროის რეალურ მასშტაბში, ასახვის სისტემა;

შენიშვნა: EVS- არ მოიცავს ღამის ხედვის ვიზუალიზაციის სისტემას.

ე) დაბრკოლების გადაფრენის აბსოლუტური (OCA) ან ფარდობითი (OCH) სიმაღლე – მინიმალური აბსოლუტური ან ფარდობითი სიმაღლე ადზ-ის შესაბამისი ზღურბლის თავზე ან, არსებობის შემთხვევაში, აეროდრომის შემაღლების თავზე, რაც გამოიყენება დაბრკოლებების გადაფრენის კრიტერიუმების დასაცავად;

შენიშვნა: 1. დაბრკოლებების გადაფრენის აბსოლუტური სიმაღლე აითვლება ზღვის საშუალო დონიდან, ფარდობითი - ადზ-ის ზღურბლის შემაღლებიდან ან, დასაფრენად არაზუსტი შესვლისას, აეროდრომის ან მისი ზღურბლის შემაღლებიდან, თუ მისი შემაღლება 2 მ-ზე (7ფტ-ზე) მეტად ნაკლებია აეროდრომის შემაღლებაზე. დაბრკოლებების გადაფრენის ფარდობითი სიმაღლე, წრიდან დასაფრენად შესვლისას, აითვლება აეროდრომის შემაღლებიდან.

2. თუ ორივე ცნება გამოიყენება, შეიძლება ვისარგებლოთ შემდეგი ფორმით: „დაბრკოლებების გადაფრენის აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე (OCA/H)”.

ვ) დასაფრენად სახელსაწყო შესვლა – სანაოსნო ხელსაწყოების გამოყენებით დასაფრენად შესვლის და დაფრენის შესრულება დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურის მიხედვით. არსებობს დასაფრენად სახელსაწყო შესვლის ორი მეთოდი:

ვ.ა) დასაფრენად ორგანზომილებიანი (2D) სახელსაწყო შესვლა მხოლოდ გვერდითი მიმართვის გამოყენებით; და

ვ.ბ) დასაფრენად სამგანზომილებიანი (3D) სახელსაწყო შესვლა როგორც გვერდითი, ასევე ვერტიკალური მიმართვის გამოყენებით;

შენიშვნა:  გვერდითი და ვერტიკალური მიმართვა არის ისეთი მიმართვა, რომელიც უზრუნველყოფილია მიწისზედა რადიოსანაოსნო საშუალების მეშვეობით, ან სანაოსნო მონაცემებით, რომლებიც გენერირებულია კომპიუტერით მიწისზედა ან სატელიტური სააერნაოსნო საშუალებებიდან ან მათი კომბინაციიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

ზ) დასაფრენად შესვლის დასკვნით ეტაპზე უწყვეტი დაშვება (CDFA) – პილოტირების ტექნიკა, რომელიც გამოიყენება არაზუსტი სისტემით დასაფრენად სტაბილიზირებული შესვლისას განუწყვეტელი დაშვებით (ჰორიზონტალური გასწორების გარეშე). ამ მეთოდით დასაფრენად შესვლა იწყება იმ აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლიდან, რომელიც დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერტილის სიმაღლის ტოლი ან მეტია, და გრძელდება ადზ-ს ზღურბლიდან დაახლოებით 15 მეტრის (50 ფუტის) სიმაღლემდე ან იმ წერტილამდე, საიდანაც კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის დაფრენის წინა გასწორების მანევრი იწყება, ხოლო ამ მეთოდით წრიდან დასაფრენად შესვლისას დაშვება ხორციელდება დასაფრენად შესვლის მინიმუმამდე (OCA/H წრეზე ფრენა) ან ფრენისას ვიზუალური მანევრის აბსოლუტურ/ფარდობით სიმაღლემდე;

თ) დასაფრენად შესვლის საბოლოო სეგმენტი (FAS) – ხელსაწყოების მეშვეობით დასაფრენად შესვლის მონაკვეთი, რომლის ფარგლებშიც სრულდება ადზ-ს გასწორზე გასვლა და დასაფრენად დაშვება;

ი) დაშვების მინიმალური აბსოლუტური (MDA) ან ფარდობითი (MDH) სიმაღლე – სახელსაწყო წესებით დასაფრენად შესვლისას 2D-ს ფორმატში ან წრიდან შესვლის(Circling approach),  სქემით მითითებული აბსოლუტური ან ფარდობითი სიმაღლე, რომლის დაბლაც დაშვება აკრძალულია ორიენტირებთან სათანადო ვიზუალური კონტაქტის გარეშე;

შენიშვნა: 1. დაშვების მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე (MDA) აითვლება ზღვის საშუალო დონიდან, ფარდობითი (MDH) – აეროდრომის შემაღლებიდან ან მისი ზღურბლის შემაღლებიდან, თუ ეს შემაღლება 2 მ-ზე (7ფტ-ზე) მეტად ნაკლებია აეროდრომის შემაღლებაზე. დაშვების მინიმალური ფარდობითი სიმაღლე, წრიდან დასაფრენად შესვლისას, აითვლება აეროდრომის შემაღლებიდან.

2. „ორიენტირებთან სათანადო ვიზუალური კონტაქტი” ნიშნავს ვიზუალური საშუალებების ნაწილის ან დასაფრენად შესვლის არეს ხედვას იმ დროის განმავლობაში, რაც პილოტისათვის საკმარისია ფრენის ნომინალური ტრაექტორიის მიმართ სხ-iს მდებარეობის და მისი ცვლილების სიჩქარის შესაფასებლად. წრიდან დასაფრენად შესვლისას საჭიროა ვიზუალური კონტაქტი ადზ-ის რაიონში მდებარე ორიენტირებთან.

3. თუ ორივე ცნება გამოიყენება, შეიძლება ვისარგებლოთ შემდეგი ფორმით: ”დაშვების მინიმალური აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე (MDA/H)”.

კ) დიდი გაბარიტების თვითმფრინავი – 5700 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე თვითმფრინავი;

ლ) ექსპლუატანტი – პირი, რომელიც ახორციელებს ან განზრახული აქვს განახორციელოს სხ-ის ექსპლუატაცია;

მ) ფრენების შესრულების სახელმძღვანელო (OM) – წესების, ინსტრუქციებისა და რეკომენდაციების შემცველი დოკუმენტი, რომლითაც ექსპლუატანტის პერსონალი საკუთარი მოვალეობების შესრულებისას ხელმძღვანელობს.

ნ) ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობები (VMC) – მეტეოროლოგიური პირობები, ხილვადობის სიშორის, ღრუბლებემდე მანძილის და ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლით გამოსახული, რაც დადგენილ მინიმუმს შეესაბამება ან მასზე მეტია.

ო) ზონალური ნაოსნობა (RNAV) – ნაოსნობის მეთოდი, რაც სხ-ს საშუალებას აძლევს იფრინოს ნებისმიერი ტრაექტორიით, სახმელეთო თუ თანამგზავრული სანაოსნო სისტემების მოქმედების ან ავტონომიური საშუალებების შესაძლებლობებით განპირობებულ ფარგლებში, ან მათი შეხამებით;

პ) იზოლირებული აეროდრომი – დანიშნულების პუნქტის აეროდრომი, რომლისთვისაც არ არის ამ ტიპის სხ-ისათვის გამოსადეგი დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომი;

ჟ) კავშირის მახასიათებლების მოთხოვნები (RCP) – სმმ-ის კონკრეტული ფუნქციების უზრუნველსაყოფად გამიზნული, კავშირის საექსპლუატაციო მახასიათებლების მიმართ წაყენებული მოთხოვნების ჩამონათვალი;

რ) კოლიმატორული ინდიკატორი (HUD) – ფრენის მიმართულებით, პილოტის მხედველობის არეში, კაბინისგარე სივრცის ფონზე, საფრენოსნო მონაცემების ასასახი სისტემა;

ს) კორპორატიული ავიაციის ექსპლუატაცია – არაკომერციული ექსპლუატაცია ან ორგანიზაციის მიერ თავისი საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით სხ-ის გამოყენება მგზავრების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად, რომლის განმავლობაშიც სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციას ახორციელებს(ენ) ორგანიზაციის მიერ დასაქმებული პროფესიონალი პილოტ(ებ)ი;

ტ)  მახასიათებლებზე დაფუძნებული კავშირი (PBC) – მახასიათებლების სპეციფიკაციებზე დაფუძნებული კავშირი, რომელიც გამოყენებულია საჰაერო მოძრაობის მომსახურების უზრუნველსაყოფად;

შენიშვნა: კავშირის საჭირო მახასიათებლების (RCP) სპეციფიკაცია მოიცავს კავშირის მახასიათებლების მოთხოვნებს, რომლებიც დაკავშირებულია სისტემის კომპონენტებთან კავშირის დამყარებისა და შესაბამისი გადაცემის დროის, უწყვეტობის, ხელმისაწვდომობის, საიმედოობის, უსაფრთხოების და პრაქტიკულობის თვალსაზრისით, რომელიც საჭიროა დაგეგმილი ექსპლუატაციისათვის, კონკრეტულ საჰაერო სივრცესთან მიმართებაში.

უ) მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობა (PBN) – ზონალური ნაოსნობა, დაფუძნებული სმმ მარშრუტზე, ხელსაწყოებით დასაფრენად შესვლის სქემაზე ან დადგენილ საჰაერო სივრცეში მფრენ სხს მახასიათებლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებზე;

ფ) მეტეოინფორმაცია – მეტეოროლოგიური შეტყობინება, ანალიზი, პროგნოზი და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება არსებულ ან მოსალოდნელ მეტეოროლოგიურ პირობებს;

ქ) საფრენად ვარგისობის შენარჩუნება – ღონისძიებების ერთობლიობა, რის საშუალებითაც უზრუნველყოფილია საფრენად ვარგისობის მოთხოვნებთან სხ-ების შესაბამისობა, და მათი შენარჩუნება იმ მდგომარეობაში, რაც საჭიროა უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის, საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში;

ღ) საჭირო სანაოსნო მახასიათებლების სპეციფიკაცია (RNP) – ზონალურ ნაოსნობაზე დაფუძნებული სანაოსნო სპეციფიკაცია, რაც შეიცავს მახასიათებლების შეუსრულებლობაზე გაფრთხილების გაცემაზე კონტროლის მოთხოვნას, აღინიშნება პრეფიქსით RNP; მაგ. RNP 4, RNP APCH;

ყ) რეგისტრაციის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის რეესტრშიც იმყოფება სხ;

შ) საერთო დანიშნულების ავიაცია – სხ-ის ექსპლუატაცია გარდა კომერციული საჰაერო სატრანსპორტო ექსპლუატაციისა ან საავიაციო სამუშაოებისა (სპეციალიზებული ექსპლუატაცია);

ჩ) საექსპლუატაციო ბაზა – ადგილი, საიდანაც ხორციელდება ფრენის უზრუნველყოფის კონტროლი (Operational control);

შენიშვნა: საექსპლუატაციო ბაზირების ადგილი  წარმოადგენს ადგილს, სადაც დასაქმებულია თვითმფრინავის ექსპლუატაციაში მონაწილე პერსონალი და ინახება ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ჩანაწერები.

ც) სათადარიგო აეროდრომი – აეროდრომი, სადაც სხ შეიძლება დაფრინდეს, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების აეროდრომამდე ფრენის გაგრძელება ან დაფრენა. სათადარიგო აეროდრომებს განეკუთვნება:

ც.ა) აფრენის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა, თუ ამის აუცილებლობა იქმნება აფრენისთანავე, და გაფრენის აეროდრომით სარგებლობა შეუძლებელია;

ც.ბ) დანიშნულების პუნქტის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების აეროდრომზე დაფრენა;

ც.გ) მარშრუტის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა, თუ, მარშრუტზე ფრენისას ის არასტანდარტულ ან ავარიულ ვითარებაში აღმოჩნდა;

შენიშვნა: აფრენის აეროდრომი, ასევე, შეიძლება იყოს მარშრუტის ან დაფრენის პუნქტის სათადარიგო აეროდრომი.

ძ) საფრენად ვარგისი – სხ-ს, ძრავის, საჰაერო ხრახნის ან ნაწილის მდგომარეობა, რომლის დროსაც ის დადგენილ კონსტრუქციას შეესაბამება და უსაფრთხოდ ექსპლუატაციის უზრუნველყოფა შეუძლია.

წ) ფრენის (საფრენოსნო) დრო – საერთო დრო, აფრენის მიზნით საჰაერო ხომალდის მოძრაობის დაწყებიდან ფრენის დასრულებისას მის სრულ შეჩერებამდე;

შენიშვნა:  1. აღნიშნული ტერმინი აგრეთვე აღნიშნავს „სრულ საფრენოსნო დროს“ ან „დროს ხუნდების მოხსნიდან დაყენებამდე“, რომელიც აითვლება თვითმფრინავის აფრენისთვის მოძრაობის დაწყებიდან ფრენის დასრულების შემდეგ მის საბოლოო გაჩერებამდე;

2. აღნიშნული ტერმინი აგრეთვე მოიცავს საერთო დროს, შვეულმფრენის  მზიდი ხრახნის ბრუნვის დასაწყისიდან, შვეულმფრენის საბოლო გაჩერების და მზიდი ხრახნის ბრუნვის დამთავრებამდე ფრენის შემდეგ.

ჭ) საბორტო თვითმწერი – ნებისმიერი თვითმწერი ხელსაწყო, რომელიც ბორტზე მონტაჟდება მონაცემების დამატებითი წყაროს სახით, საავიაციო მოვლენის მოკვლევის მიზნით;

ხ) სახელსაწყო მეტეოროლოგიური პირობები (IMC) – მეტეოროლოგიური პირობები, გამოხატული ხილვადობის სიშორით, ღრუბლებამდე მანძილით და ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლით. ეს სიდიდეები ნაკლებია ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობებით დადგენილ მინიმუმებზე;

შენიშვნა: ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობებისათვის დადგენილ მინიმუმებს შეიცავს ჩიკაგოს კონვენციის №2 დანართის მე-4 თავი.

ჯ) სახიფათო ტვირთი – ის ნაკეთობები და ნივთიერებები, რომლებმაც, შეიძლება, საფრთხე შეუქმნან ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ქონებას, გარემოს, და რომლებიც „ტექნიკური ინსტრუქციების” სახიფათო ტვირთის ჩამონათვალით არის მითითებული ან ამ ინსტრუქციით არის კლასიფიცირებული;

შენიშვნა: სახიფათო ტვირთების კლასიფიკაცია მოცემულია იკაოს მე-18 დანართის მე-3 თავში.

ჰ) საჰაერო მოძრაობის მომსახურება (ATS) – ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს: საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებას, საავიაციო შეტყობინებას, საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურებას, საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას (რაიონული სამეთვალყურეო, მისადგომის სამეთვალყურეო და/ან სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურებას);

ჰ1) სპეციალური ნებართვა – სააგენტოს მიერ ექსპლუატანტისათვის საექსპლუატაციო სპეციფიკაციებით ნებადართული ფრენების პირობები/სახეები;

ჰ2) ტექნიკური მომსახურება – საავიაციო ტექნიკის ვარგისობის შესანარჩუნებლად საჭირო სამუშაო, საკონტროლო აღსადგენი სამუშაოების, შემოწმების, შეცვლის, ხარვეზების აღმოფხვრის ჩათვლით, რაც ტარდება როგორც ცალ-ცალკე, ასევე – შეთავსებით, აგრეთვე, მოდიფიცირების ან რემონტის ჩატარება;

ჰ3) ექნიკური მომსახურების პროგრამა – საბუთი, რომელიც შეიცავს ტმ-ის კონკრეტული სამუშაოებისა და მათი პერიოდულობის აღწერას, აგრეთვე – მათთან დაკავშირებულ პროცედურებს, მაგ. – საიმედოობის პროგრამას, რომელიც სხ-ს უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად არის საჭირო;

ჰ4) ფრენის გეგმა – საჰაერო მოძრაობის ორგანოსათვის წარდგენილი ცნობები დაგეგმილ ფრენაზე ან მის ნაწილზე;

ჰ5) საწაფი – ამ პუნქტის ქვეპუნქტებში მითითებული მოწყობილობები, რომელთა მეშვეობითაც ხმელეთზე ხდება ფრენის პირობების ასახვა:

ჰ5ა) მართვის ტექნიკის შესამუშავებელი – მოწყობილობა, რითაც კაბინაში რეალური ვითარების, ხელსაწყოების ჩვენებების, მექანიკური, ელექტრული, ელექტრონული და საბორტო სხვა სისტემების მარტივი ფუნქციების, სხ-ს ტიპის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების ასახვაა უზრუნველყოფილი;

ჰ5ბ) სახელსაწყო ფრენისათვის მოსამზადებელი – შესაბამისი ხელსაწყოებით აღჭურვილი საწაფი, რითაც სხ-ს სახელსაწყო ფრენა აისახება კაბინაში;

ჰ5გ) ფრენის პირობების ამსახველი – მოწყობილობა, რომელიც სხ-ის ტიპის კაბინის ზუსტ ასახვას, აგრეთვე, მექანიკური, ელექტრული, ელექტრონული და საბორტო სხვა სისტემების რელური ფუნქციების,საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისათვის ჩვეული ვითარების, სხ-ს ტიპის საფრენოსნოტექნიკური მახასიათებლების ასახვას უზრუნველყოფს;

ჰ6) ფრენის უზრუნველყოფის კონტროლი – ფრენის დაწყებაზე, გაგრძელებაზე, მარშრუტიდან გადახვევაზე ან დასრულებაზე უფლებამოსილების განხორციელება სხ-ის უსაფრთხოების, ასევე ფრენის რეგულარულობისა და ეფექტურობის ინტერესებიდან გამომდინარე.

ჰ7) საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო (AFM) – საფრენად ვარგისობასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო, რომელიც შეიცავს იმ შეზღუდვებს, რომლის ფარგლებშიც სხ საფრენად ვარგისად ითვლება და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისათვის საჭირო, სხ-ის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფ ინსტრუქციებსა და ინფორმაციას;

ჰ8) ღამე – დროის მონაკვეთი, საღამოს სამოქალაქო ბინდის დასრულებიდან დილის სამოქალაქო ბინდის დაწყებამდე ან მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის დროის სხვა ისეთი მონაკვეთი, რომელიც დადგენილია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ;

შენიშვნა: სამოქალაქო ბინდი სრულდება საღამოს, როდესაც მზის დისკოს ცენტრი იმყოფება ჰორიზონტის ხაზიდან 6°-ით ქვემოთ და იწყება დილით, როდესაც მზის დისკოს ცენტრი იმყოფება ჰორიზონტის ხაზიდან 6°-ით ქვემოთ.

ჰ9) ხანგრძლივი ფრენა წყლის ზედაპირის თავზე – წყლის ზედაპირის თავზე ფრენა, რომელიც ხორციელდება ხმელეთზე ავარიული დაფრენისათვის შესაფერისი ადგილიდან 93 კმ-ზე (50 NM) მეტი მანძილის ან ნორმალური კრეისერული სიჩქარით 30 წუთზე მეტი საფრენოსნო მანძილის მოშორებით, იმისდა მიხედვით, რომელიც უფრო ნაკლებია.

2. ამ წესში გამოყენებულ შემოკლებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

ა) ACAS – ჰაერში შეჯახების თავიდან აცილების სისტემა;

ბ) ADRS – მონაცემების რეგისტრაციის საბორტო სისტემა;

გ) AIR – ბორტზე მდგომარეობის რეგისტრაციის ვიზუალური სისტემა;

დ) AIRS – ჰაერში კონფიგურაციის ჩამწერი სისტემა;

ე) APCH – დასაფრენად შესვლა;

ვ) AR – საჭიროებს ნებართვას;

ზ) ATS – საჰაერო მოძრაობის მომსახურება;

თ) CVR – კაბინის ხმის ჩამწერი;

ი) DA – გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური სიმაღლე;

კ) DH – გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე;

ლ) EUROCAE – ევროპული ორგანიზაცია სამოქალაქო ავიაციის აღჭურვილობისთვის;

მ) EVS  –ვიზუალიზაციის გაფართოებული შესაძლებლობების ტექნიკური ხედვის სისტემა;

ნ) HUD – კოლიმატორული ინდიკატორი;

ო) IFR – სახელსაწყო ფრენის წესები;

პ) ILS – სახელსაწყო დაფრენის სისტემა;

ჟ) IMC – სახელსაწყო მეტეოროლოგიური პირობები;

რ) MDA – დაშვების მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე;

ს ) MDH – დაშვების მინიმალური ფარდობითი სიმაღლე;

ტ) MEL – მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი;

უ) MHz – მეგაჰერცი;

ფ) MMEL – მინიმალური აღჭურვილობის ძირითადი ჩამონათვალი;

ქ) MNPS – მინიმალური სანაოსნო მახასიათებლების სპეციფიკაციები;

ღ) OCA/H – დაბრკოლების გადაფრენის აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე;

ყ) PANS – სააერნაოსნო მომსახურების პროცედურები;

შ) PBC – მახასიათებლებზე დაფუძნებული კავშირი;

ჩ) PBN – მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობა;

ც) RCP – კავშირის საჭირო მახასიათებლები;

ძ) RNAV – ზონალური ნაოსნობა;

წ) RNP – მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაცია;

ჭ) RTCA – ჰაერნაოსნობის რადიოტექნიკური კომიტეტი;

ხ) RVR – ასაფრენ–დასაფრენ ზოლზე ხილვადობის სიშორე;

ჯ) SOP – სტანდარტული საექსპლუატაციო პროცედურა;

ჰ) VFR – ვიზუალური ფრენის წესები;

ჰ1) ადზ – ასაფრენ-დასაფრენი ზოლი;

ჰ2) ვფწ – ვიზუალური ფრენის წესები;

ჰ3) სმმ – საჰაერო მოძრაობის მომსახურება;

ჰ4) სფწ – სახელსაწყო ფრენის წესები;

ჰ5) სხ – საჰაერო ხომალდი;

ჰ6) ფტ – ფუტი;

ჰ7) ფტ/წთ – ფუტი/წუთი;

ჰ8) წმ – წამი;

ჰ9) ჰპა – ჰექტოპასკალ