1. თვითმფრინავის ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის შენარჩუნება რეგისტრაციის სახელმწიფოს მოთხოვნების შესაბამისად და არ დაუშვას იმ საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ექსპლუატაცია, ვიდრე არ იქნება დაკმაყოფილებული შემდეგი პირობები:

ა) თვითმფრინავი საფრენად ვარგისია;

ბ) თვითმფრინავზე არსებული საექსპლუატაციო და ავარიული აღჭურვილობა გამართულია და განლაგებულია სათანადო ადგილას ან, გაუმართაობის შემთხვევაში ნათლად არის აღწერილი;

გ)  თვითმფრინავს  გააჩნია მოქმედი  ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი;

დ) თვითმფრინავს ჩაუტარდა ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაციაში დაშვებულია სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული საწარმოს მიერ, გარდა თვითმფრინავის გაფრენისწინა შემოწმებისა, რომელიც შეიძლება ჩატარდეს საფრენოსნო ეკიპაჟის მიერ შესაბამისი პროცედურების  დაცვით;

ე) თვითმფრინავის ტექნიკური მომსახურება შესრულებულია ამ წესის 62-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დამტკიცებული ტექნიკური მომსახურების პროგრამის მიხედვით.

2. საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად ექსპლუატანტმა უნდა დანიშნოს  შესაბამისი საჰაერო ხომალდის ტიპის ტექმომსახურებაზე გადამზადებული და გამოცდილების მქონე პირი ან პირთა ჯგუფი.

3. ექსპლუატანტს უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ დამტკიცებული ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელო, ამ წესის 61-ე მუხლის შესაბამისად