1. თვითმფრინავი, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება სფწ-ის შესაბამისად ან ღამით, უნდა იქნეს უზრუნველყოფილი რადიოკავშირის აღჭურვილობით. აღჭურვილობა უნდა იძლეოდეს ორმხრივი კავშირის წარმართვის შესაძლებლობას იმ სააერნაოსნო სადგურებთან და იმ სიხშირეების გამოყენებით, რომლებიც დადგენილია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
შენიშვნა: ამ პუნქტის მოთხოვნა შესრულებულად ჩაითვლება, თუ კონკრეტულ მარშრუტზე კავშირის დამყარება შესაძლებელი იქნება რადიოტალღების გავრცელების ჩვეულ პირობებში.
2. თუ, ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შესრულება საჭიროებს ერთზე მეტი კავშირის აღჭურვილობის საშუალების სხ-ზე არსებობას, თითოეული უნდა იყოს მეორისგან ან სხვებისაგან დამოუკიდებელი იმდენად, რომ ნებისმიერი მათგანის მტყუნებამ არ გამოიწვიოს სხვა რომელიმეს მტყუნება.
3. თვითმფრინავი, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება კონტროლირებად საჰაერო სივრცეში ვფწ-ის შესაბამისად, გარდა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დაშვებული გამონაკლისისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს რადიოკავშირის აღჭურვილობით, რომელსაც ფრენისას ნებისმიერ დროს გააჩნია ორმხრივი კავშირის წარმართვის შესაძლებლობა იმ სააერნაოსნო სადგურებთან და იმ სიხშირეების გამოყენებით, რომლებიც დადგენილია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
4. თვითმფრინავი, რომელიც ახორციელებს ხანგრძლივ ფრენას წყლის ზედაპირის ან ხმელეთის არეების გასწვრივ, რომლებიც შესაბამისი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულია, როგორც ძებნა-შველის განსახორციელებლად განსაკუთრებით რთული არეები, უზრუნველყოფილი უნდა იყოს რადიოკავშირის აღჭურვილობით, რომელსაც ფრენისას ნებისმიერ დროს გააჩნია ორმხრივი კავშირის წარმართვის შესაძლებლობა იმ სააერნაოსნო სადგურებთან და იმ სიხშირეების გამოყენებით, რომლებიც დადგენილია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
5. რადიოკავშირის აღჭურვილობას, რომელიც მოითხოვება ამ მუხლის „1–4“ პუნქტებით, უნდა გააჩნდეს სააერნაოსნო საავარიო 121.5 MHz სიხშირეზე კავშირის წარმართვის შესაძლებლობა.
6. თვითმფრინავზე უნდა იყოს კავშირის ისეთი რადიოაღჭურვილობა, რომელიც უზრუნველყოფს:
ა) ორმხრივი კავშირის დამყარებას სააეროდრომო სამეთვალყურეო სამსახურთან;
ბ) ჰაერში, ნებისმიერ დროს, მეტეოინფორმაციის მიღებას;
გ) ჰაერში, ნებისმიერ დროს, ორმხრივი კავშირის დამყარებას, სულ ცოტა, ერთ საავიაციო სადგურთან და სხვა იმ სადგურებთან და იმ სიხშირეებზე, რომელიც დადგენილია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
შენიშვნა: ამ პუნქტის მოთხოვნა შესრულებულად ჩაითვლება, თუ კონკრეტულ მარშრუტზე კავშირის დამყარება შესაძლებელი იქნება რადიოტალღების გავრცელების ჩვეულ პირობებში