„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№198
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016269
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/09/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №198

2022 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის ბრძანებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, www.matsne.gov.ge, 19/06/2017, 10150000.54.066.016119) დამტკიცებულ „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდით ან ძრავას გარეშე საფრენი აპარატით შესრულებულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე, აგრეთვე სასწავლო და/ან ლოკალურ ფრენებზე.

2. მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მშრალი ლიზინგი/მშრალი იჯარა – საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის გარეშე გადაცემის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია წარმოებს ლიზინგის მიმღები/მოიჯარე საწარმოს ექსპლუატანტის მოქმედი სერტიფიკატის (AOC) შესაბამისად;“.

3.   მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) აკმაყოფილებს ფინანსური მდგრადობის მოთხოვნებს, კერძოდ:

ე.ა) გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსები ბიზნესგეგმით გათვალისწინებული  არსებული და პოტენციური ვალდებულებების შესასრულებლად, საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში; და

ე.ბ)  საბანკო ანგარიშზე გააჩნია საკმარისი ფულადი სახსრები საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის დაწყებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ბიზნესგეგმით გათვალისწინებული ფიქსირებული და საოპერაციო ხარჯების დასაფარად, ამავე პერიოდში ექსპლუატაციიდან მიღებული შემოსავლის გათვალისწინების გარეშე;“.

4.  მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1-ბ2“ ქვეპუნქტები:

„ბ1) ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის/მოქალაქეების მიერ საწარმოს კაპიტალში შენატანის განსახორციელებლად გამოყენებული ქონებრივი სიკეთის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება იმ იურიდიული პირის კაპიტალში განხორციელებული შენატანების მიმართაც, რომლის მეშვეობით, აღნიშნული პირი/პირები საკუთრების უფლებით ფლობს/ფლობენ საწარმოს კაპიტალში ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს.

2) გრძელვადიანი სესხით ან/და სხვა ფორმით პარტნიორების მიერ საწარმოს ან/და შუამავალი იურიდიული პირის დაფინანსება პროპორციული უნდა იყოს მათ წილთან კაპიტალში;“;

ბ) „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) საჰაერო ხომალდის ნასყიდობის/ლიზინგის/იჯარის ხელშეკრულება;“.

5.  მე-5 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3) ავიაგადამზიდველი ვალდებულია  სააგენტოს წარუდგინოს აუდირებული ფინანსური ანგარიში  შესაბამისი საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, ასევე, მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დანართი №1-ის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია და ნებისმიერი ისეთი ინფორმაცია, რომელსაც სააგენტო მოითხოვს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ავიაგადამზიდველის შესაბამისობის დასადგენად.“;

ბ)  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5) ავიაგადამზიდველი ვალდებულია სააგენტოს შეატყობინოს:

ა) წინასწარ, ახალი ავიაგადაზიდვის განხორციელების გეგმების შესახებ იმ რეგიონში, სადაც ავიაგადაზიდვებს აქამდე არ აწარმოებდა, ან მისი საქმიანობის მოცულობის ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, მათ შორის გამოყენებული საჰაერო ხომალდების ტიპის ან/და რაოდენობის ცვლილების შესახებ;

ბ) წინასწარ, საწარმოში დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ;

გ) მესაკუთრის და/ან მესაკუთრის წილის  (აქციათა) ცვლილების შესახებ, ცვლილებიდან 14 დღის განმავლობაში, თუ ცვლილება შეადგენს ავიაგადამზიდველის, მისი მშობელი საწარმოს ან  ჰოლდინგის წილის (აქციათა) საერთო რაოდენობის 10%-ს  ან მეტს;

დ) ავიაგადამზიდველის ან/და შუამავალი იურიდიული პირის კაპიტალში განხორციელებული შენატანის და ამ მიზნით გამოყენებული ქონებრივი სიკეთის წარმომავლობის შესახებ, ამგვარი შენატანის განხორციელებიდან 14 დღის განმავლობაში.“.

6.  მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოწმობის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ გამოსწორდება დარღვევა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 60  დღით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწმობის შეჩერებისა, რა შემთხვევაშიც მოწმობის შეჩერების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.“.

7.  მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მოწმობის გაცემის ან გაცემაზე უარის შესახებ განაცხადის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში.“.

8. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

9. წესს დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №4.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე
📎 დანართები (1)
-2.doc

დანართი №1

1. პირველად განცხადების შეტანისას ფინანსური საიმედოობის დადასტურების მიზნით წარმოსადგენი ინფორმაცია:

1.1 „ა“კატეგორიის საწარმოსთვის:

ა) საწარმოს მენეჯმენტის ბოლო ანგარიში და არსებობის შემთხვევაში გასული წლის აუდირებული ფინანსური ანგარიში;

ბ) პირველი სამი წლის ბიზნესგეგმა, რომელსაც უნდა გააჩნდეს განხორციელების გონივრული პერსპექტივა და უპასუხებდეს ამავე წესის №4 დანართით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

გ) დაგეგმილი საბალანსო და მოგება-ზარალის უწყისები მომდევნო სამი წლისათვის;

დ) დეტალური ინფორმაცია მოსალოდნელი შემოსავლების და ხარჯების შესახებ, კერძოდ: საწვავთან, ბილეთებთან და ტარიფებთან, ხელფასებთან, მომსახურებასთან, ამორტიზაციასთან, სავალუტო კურსის ცვლილებებთან, აეროპორტების გადასახადებთან, საჰაერო ნავიგაციის გადასახადებთან, მიწაზე მომსახურებასთან, დაზღვევასთან და სხვ. დაკავშირებით, გადაზიდვების, შემოსავლების პროგნოზები;

ე) ინფორმაცია ავიაგადაზიდვების დაგეგმილი მოცულობის შესახებ, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ფრენის რაიონების გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით, ბაზირების ქვეყნების მითითებით;

ვ) დაწვრილებითი ინფორმაცია ავიაგადაზიდვების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ;

ზ) არსებული და მოსალოდნელი საფინანსო წყაროების შესახებ მონაცემები;

თ) საბანკო ამონაწერი (რომელიც დაადასტურებს, რომ ავიაგადამზიდველს გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი, რომ დაფაროს ბიზნესგეგმის შესაბამისად გაწერილი პირველი სამი თვის ხარჯები, ექსპლუატაციიდან მიღებული შემოსავლის გაუთვალისწინებლად);

ი) დაგეგმილი ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი და ლიკვიდურობის გეგმები პირველი სამი წლისათვის.

1.2. „ბ“ კატეგორიის საწარმოსათვის;

აუდირებული ფინანსური ანგარიში, რომელიც დაადასტურებს, რომ ავიაგადამზიდველის წმინდა აქტივების ღირებულება შეადგენს მინიმუმ 100 000 ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში;

1.3. დანართი №1-ის 1.1 პუნქტის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება იმ საწარმოზე, რომელიც ფლობს 2017 წლის 1 ივლისამდე გაცემულ ექსპლუატანტის მოქმედ სერტიფიკატს და მოწმობის მისაღებად განაცხადს წარადგენს 2019 წლის 1 სექტემბრამდე.

2. ინფორმაცია, რომელიც მიწოდებული უნდა იქნეს მოწმობის მფლობელების ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების შეფასებასთან დაკავშირებით, რომლებიც აპირებენ ცვლილებების შეტანას საწარმოს სტრუქტურაში ან საქმიანობაში, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს მათ ფინანსურ მდგომარეობაზე:

ა) საჭიროების შემთხვევაში საწარმოს მენეჯმენტის ბოლო ანგარიში და გასული წლის აუდირებული ფინანსური ანგარიში;

ბ) ყველა განსახორციელებელი ცვლილების ზუსტი დეტალები, მაგ.: მომსახურების ტიპის ცვლილება, საწარმოთა შერწყმის შესახებ, სააქციო კაპიტალის ცვლილებები და სხვ;

გ) დაგეგმილი საბალანსო და მოგება-ზარალის უწყისები, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს განსახორციელებელი ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე;

დ) წარსული და მოსალოდნელი ხარჯების და შემოსავლის ციფრები საწვავთან, ბილეთებთან და ტარიფებთან, ხელფასებთან, მომსახურებასთან, ამორტიზაციასთან, სავალუტო კურსის ცვლილებებთან, აეროპორტების გადასახადებთან, საჰაერო ნავიგაციის გადასახადებთან, მიწაზე მომსახურებასთან, დაზღვევასთან და სხვ. დაკავშირებით, ავიაგადაზიდვების, შემოსავლების პროგნოზები;

ე) შემდეგი წლისათვის ფულადი სახსრების მოძრაობასა და ლიკვიდურობასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ ანგარიშები, მათ შორის სტრუქტურაში ან საქმიანობაში დაგეგმილი ცვლილებები, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე;

ვ) საჰაერო ხომალდების ნასყიდობის/იჯარის ხელშეკრულებები;

ზ) მოდევნო 12-თვიანი პერიოდის ამსახველი განახლებული ბიზნესგეგმა.

3. ინფორმაცია, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოქმედი მოწმობის მფლობელების ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების შესწავლასთან დაკავშირებით:

3.1. „ა“კატეგორიის საწარმოსთვის:

ა) აუდირებული ფინანსური ანგარიში შესაბამისი საანგარიშო წლის ბოლო დღიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სხვაგვარად არის გათვალისწინებული ეროვნული კანონმდებლობით და საწარმოს მენეჯმენტის ანგარიშები;

ბ) საბანკო ამონაწერი;

გ) საგადასახადო დეკლარაციები;

დ) მომდევნო წლისათვის დაგეგმილი საბალანსო და მოგება-ზარალის უწყისები;

ე) ინფორმაცია ავიაგადაზიდვების დაგეგმილი მოცულობის შესახებ, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ფრენის რაიონების გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით, ბაზირების ქვეყნების მითითებით;

ვ) დეტალური ინფორმაცია მოსალოდნელი შემოსავლების და ხარჯების შესახებ, კერძოდ: საწვავთან, ბილეთებთან და ტარიფებთან, ხელფასებთან, მომსახურებასთან, ამორტიზაციასთან, სავალუტო კურსის ცვლილებებთან, აეროპორტების გადასახადებთან, საჰაერო ნავიგაციის გადასახადებთან, მიწაზე მომსახურებასთან, დაზღვევასთან და სხვ. დაკავშირებით, გადაზიდვების, შემოსავლების პროგნოზები;

ზ) ანგარიში საკრედიტო და სადებეტო დავალიანებების შესახებ;

თ) დაგეგმილი ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი და ლიკვიდურობის გეგმები მომდევნო საანგარიშო წლისათვის.

3.2. „ბ“ კატეგორიის საწარმოსთვის:

აუდირებული ფინანსური ანგარიში, რომელიც დაადასტურებს, რომ ავიაგადამზიდველის წმინდა აქტივების ღირებულება შეადგენს მინიმუმ 100 000 ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.

დანართი N4

ავიაგადამზიდველის ბიზნეს გეგმა უნდა შედგებოდეს, სულ მცირე, შემდეგი კომპონენტებისგან:

  1. ბიზნესის ზოგადი აღწერა: ავიაკომპანიის მთავარი კონცეფცია, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

  • ავიაკომპანიის მთავარი კონცეფციის აღწერა (კომპანიის მისია, ხედვა, შემოსავლების და ხარჯების სტრუქტურა, მომსახურების სახეები, საჰაერო ხომალდების ტიპები, სამიზნე ბაზრები);

  • სამიზნე მომხმარებლები და კომპანიის განვითარების შესაძლებლობები;

  • კონკურენტული უპირატესობები ბაზარზე არსებულ ავიაკომპანიებთან შედარებით;

  • ბაზრის სავარაუდო წილის მოლოდინები და კონკურენტული უპირატესობის მოპოვების სტრატეგია;

  • მმართველი გუნდი და მისი გამოცდილება ავიაკომპანიის მართვის კუთხით;

  • ფინანსური მაჩვენებლები: დაგეგმილი მოგების მარჟა და ა.შ.

  • კაპიტალიზაციის გეგმა და ამონაგები ინვესტიციიდან.

  1. ინდუსტრია და სამიზნე ბაზარი: ინდუსტრიის სათანადო კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ საწარმოს მმართველ გუნდს სათანადოდ ესმის საავიაციო ინდუსტრიის სპეციფიკა და იმ ბაზრის თავისებურებები, რომელზეც დაგეგმილია ოპერირება. აუცილებელია, მოყვანილ იქნეს დამატებითი დამხმარე დოკუმენტაცია (მასალები) და სათანადო სტატისტიკური ინფორმაცია, რათა არჩეული ბაზრის მიმზიდველობა საკმარისად იქნეს დასაბუთებული. ამ მიზნით, გამოყენებულ უნდა იქნეს უახლესი მონაცემები, რომლებიც გაამყარებენ ბიზნეს გეგმაში მოცემულ არგუმენტაციას.

  2. კონკურენტული ანალიზი: ბაზარზე მოქმედი კონკურენტების და მათი საქმიანობის ანალიზი, მათ მიერ შეთავაზებული მომსახურება და მოწმობის მაძიებელი ავიაგადამზიდველის მიერ მათთვის კონკურენციის გაწევის სტრატეგია.

  3. განვითარების შესაძლებლობები: საწარმოს ხედვა ბაზარზე მორგების თვალსაზრისით, კომპანიის და სამიზნე ბაზრის განვითარების პერსპექტივა, აპირებს თუ არა კომპანია ისეთი განსაკუთრებული მახასიათებლების შეტანას არსებულ ბაზარზე, რომლებიც აქამდე არ ყოფილა შეთავაზებული. კონკრეტულად რომელ ბაზარზე აპირებს კომპანია შესვლას და რატომ.

  4. შეთავაზებული მომსახურება (მომსახურების სახეები): მმართველი გუნდის ხედვა საწარმოს საქმიანობის მიმართ. ბიზნეს გეგმის ამ ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია თუ რა ტიპის ავიაკომპანიის დაფუძნება იგეგმება და რა ტიპის მომსახურება უნდა შესთავაზოს მან მომხმარებლებს. აუცილებელია დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა შემდეგ საკითხებზე:

  • ზოგადი კონცეფცია;

  • მისია/ხედვა;

  • ოპერირების არეალი (შიდა, რეგიონული, საერთაშორისო);

  • რომელ ბაზრებზე იგეგმება შესვლა;

  • მთავარი ოფისი/საოპერაციო ბაზა(ები;

  • სამიზნე მომხმარებლის სეგმენტი;

  • მარშრუტის სტრუქტურა (ადგილობრივი, ჰაბი, წერტილიდან წერტალამდე);

  • განრიგი;

  • სიხშირე;

  • შეთავაზებული პროდუქტი/მომსახურება;

  • შერჩეული საჰაერო ხომალდები;

  • ალიანსი ან პარტნიორობა სხვა ავიაკომპანიებთან, კოდ-ზიარი;

  • ბაზარზე შესვლა და ზრდის სტრატეგია;

  • მდგრადი კონკურენტული უპირატესობა.

  1. მარკეტინგი და მიწოდების გეგმა: კომპანიის მარკეტინგული და ფასწარმოქმნის სტრატეგია, გაყიდვების და მიწოდების გეგმა, დაგეგმილი წამახალისებელი და სარეკლამო კამპანიები.

  2. საოპერაციო გეგმა: კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსის მართვის გეგმა, შესაბამისი დეპარტამენტებისა და მათი უფლება-მოვალეობების აღწერით, თანამშრომელთა რიცხოვნობა დეპარტამენტების მიხედვით მომდევნო 3 წლის განმავლობაში.

  3. მმართველი გუნდი: ძლიერი და კარგად ორგანიზებული მმართველი გუნდის აღწერა შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მითითებით.

  4. რისკები და მათი დაზღვევის გეგმა: საწარმოსთან დაკავშირებული რისკებისა და მათი დაზღვევის მექანიზმების აღწერა. აღნიშნული რისკების გონივრული შეფასება და მათი მართვის გეგმა.

  5. ფინანსური და საოპერაციო გეგმა (3 წელი): 3 წლის ფინანსური გეგმა (დაგეგმილი ფინანსური უწყისები), რომელიც მოიცავს ყველა დასაბუთებულ ვარაუდს. ფინანსური გეგმა და მასში გამოყენებული დაშვებები და ვარაუდები უნდა იყოს გონივრული.

  6. გეგმის განხორციელების განრიგი: ავიაკომპანიის განვითარების ეტაპები და ფაზები:

  • საბაზისო განვითარების ფაზა:

    • ბიზნეს გეგმის დახვეწა;

    • ფინანსური მოდელის დახვეწა;

    • მმართველი გუნდის ჩამოყალიბება;

    • საჰაერო ხომალდების შერჩევა;

    • ინვესტორების დაინტერესება.

  • დაწყების ფაზა - ზოგადად 12-18 თვე:

    • ფინანსების მოძიება;

    • სერტიფიცირება;

    • საჰაერო ხომალდების მოძიება;

    • სერტიფიცირება;

    • თანამშრომლების აყვანა;

    • აღჭურვილობა;

    • საჰაერო ოპერაციების დაწყება - 0-12 თვე.

  • საწყისი ზრდის ფაზა - ზოგადად 3 დან 5 წლამდე.

  1. კაპიტალიზაციის გეგმა: კომპანიის ხედვა კაპიტალის მოზიდვის თვალსაზრისით. კაპიტალიზაციის გეგმის აღწერის მიზნით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემდეგი ელემენტები:

  • კაპიტალის სტრუქტურა:

    • მმართველი გუნდის ინვესტიცია;

    • ავიაკომპანიის საწყისი ხარჯებისთვის საჭირო ფინანსები;

    • საწყისი კაპიტალის წყაროები;

    • საჰაერო ხომალდის დაფინანსება;

    • საწარმოს დაფინანსება;

  • საწესდებო კაპიტალი:

    • ინვესტორების მხრიდან სავალდებულო ნაღდი ფულის შენატანი;

    • კაპიტალში შესვლა ინვესტირების გზით;

    • სავარაუდო ამონაგები ინვესტიციიდან;

    • ინვესტორის გასვლის სტრატეგია.